Загрузка...
loading...

«100-ათასიან მარშს მოვაწყობთ, სადაც ხალხი ნებისმიერ დროს გამოიყენებს იმ უფლებას, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული!!!»

Загрузка...
loading...

რამდენიმე დღის წინ «ქართველთა მარშის» ერთ-ერთი ორგანიზატორის, რამაზ გაგნიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ოფიციალურად, ეს ყველაფერი რამაზ გაგნიძის «ფეისბუკ»-პოსტს მოჰყვა, არაოფიციალურად კი «მარშელების» წინააღმდეგ დაგეგმილ რეპრესიებსა და პროვოკაციებზე საუბრობენ. «ალიას» კითხვებს გაგნიძე თავად პასუხობს:

 

– ბოლო პერიოდში ვნახე ტერაქტების შესახებ გავრცელებული ახალი ვიდეოები, რაც ევროპაში ხდებოდა, ხალხის ხოცვა-ჟლეტა, რაზეც ძალიან გავბრაზდი და დაახლოებით, ერთი კვირის წინ, საკუთარი «ფეისბუკის» გვერდზე დავწერე: თუ დავინახავ საქართველოში ჩამოსულ მუსლიმან კრიმინალ-ტერორისტ ემიგრანტებს, მაგ შემთხვევაში ხელში ვიღებ იარაღს და ვიწყებ მათ ხოცვა-ჟლეტას-თქო. მეორე-მესამე დღეს ვიღაცებმა ეს ყველაფერი «დასქრინეს», ლიბერასტულმა სამყარომ ატეხა მთელი ამბავი და ერთ-ერთ პროვოკაციულ საიტზე ჩემი სტატუსი დადეს ასეთი სათაურით – რამაზ გაგნიძე მუსლიმანების ხოცვა-ჟლეტას აპირებსო. ვინც კი ნახა ეს «ნიუსი» აღნიშნული სათაურით, ყველას გაუკვირდა, რამაზი ამის გამკეთებელი არ არისო და როცა «ნიუსის» წასაკითხად საიტზე შედიოდა, მერე იდო უკვე იქ ჩემი სრული, რეალური სტატუსი. ამის მერე მოხდა ჩემს სახლში ჩხრეკა და საქმე აღიძრა მუსლიმან კრიმინალ მიგრანტებზე შეიარაღებული მუქარის მუხლით, რამაზ გაგნიძის მხრიდან. სასაცილოა ეს ყველაფერი… თურმე ტერორისტებს რომ ვემუქრები მომავალ დროში, ამის გამო აღძრეს ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე… მე რომ დამეწერა – რუსმა ოკუპანტებმა სასაზღვრო ზოლი რომ გადმოლახონ, იარაღს ავიღებ და მაგათ ხოცვას დავიწყებ-მეთქი, მაგაზე ხომ არავინ დამიბარებდა პოლიციაში? რა მნიშვნელობა აქვს, მე სტატუსში ვის მოვიხსენიებდი – კრიმინალ, მუსლიმან მიგრანტ ტერორისტს თუ ვიტყოდი, ვთქვათ, რუს ოკუპანტს?

– ჩხრეკის დროს რა ხდებოდა?

– 6 კაცი შემოვიდა ჩემთან ჩხრეკაზე. ზონდერ-პროკურორმა, ვინმე გიორგი მუკბანიანმა, ასევე ზონდერ-მოსამართლე ბადრი შონიას მოსთხოვა განჩინების დაკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ჩემთან სახლში და მანქანაში ჩხრეკა ჩატარებულიყო, ეჭვი ჰქონია თურმე, რომ მე იარაღი თუ წყალქვეშა ნავი მქონია სადღაც. პოლიცია ძალიან კულტურულად იქცეოდა ჩხრეკისას, ყოველგვარი გადამეტების გარეშე ჩაატარა აღნიშნული პროცედურა კანონიერების ფარგლებში. შემდეგ სამმართველოში დაკითხვაზე მოწმის სახით წამიყვანეს და ეს იყო სულ.

– «ქართული მარშის» სხვა ორგანიზატორებთანაც ხომ არ ჩატარდა ჩხრეკა? თქვენთვის სოლიდარობის გამოსახატად რამდენიმე ადამიანმა მსგავსი შინაარსის პოსტი დადო.

– არა, ასეთი ჩხრეკა სხვასთან არ ჩატარებულა, მაგრამ ჩვენ მანამდე დაგვემუქრა გოგა ხაინდრავას მხრიდან წამოსული ხალხი. რამდენიმე დღის წინ ლადო სადღობელაშვილსა და სწორედ გიორგი ონიანს დაემუქრნენ დაჭერით, გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 5 აგვისტოს. – ნ.ლ.) კი უკვე გიორგი ონიანი დაიჭირეს. ეს ახლა უბრალო დამთხვევაა, თქვენი აზრით? ამ ადამიანს რაღაც ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა და ვითომ სასამართლოზე არგამოცხადების გამო დააკავეს. არადა, მან არც კი იცოდა, როდის უნდა ჩატარებულიყო სასამართლო და საიდან მივიდოდა იქ, როცა არ იცოდა? ერთი სიტყვით, მიმდინარეობს «ქართველთა მარშის» ორგანიზატორების მიმართ ტერორი, რეპრესიები და რაც იყო ნაციონალების დროს, ახლა იგივეს «ოცნების» მთავრობა აგრძელებს! მოგვიანებით ვიტყვი, კონკრეტულად ვინ გვემუქრებოდა – რომელი პარლამენტარის წევრი, რომელი დეპარტამენტის თავმჯდომარე… სულ სამი-ოთხი კაცია. პირდაპირ ვამბობ – ესენი არიან გოგა ხაინდრავას ჯგუფის წევრები! პეტიცია შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში შოთაძის სახელზე, საღამოს კი ჩვენიანი დაიჭირეს… ამაზე მეტი რა ვთქვა?

– რატომ ხდება «ქართველთა მარშის» ორგანიზატორების მიმართ ასეთი თავდასხმები?

– იმიტომ, რომ კარგად იცით, «ქართველთა მარშის» ორგანიზატორები დავეჯახეთ მთელ ლიბერასტულ სამყაროს. შარშან ამ დროს ვიყავით «ქართული ოჯახის დაცვის» ჯგუფი, სადაც შევაგროვეთ 250 ათასამდე ხელმოწერა და ამის შემდეგ, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა. მერე უკვე დეკემბერში ამ ქოცნაცურმა მთავრობამ დაიწყო ჩვენი მიწის გაყიდვა უცხოელებზე, რა დროსაც უკვე «ქართული მიწის დაცვის» ჯგუფი შევქმენით და 6 თვის განმავლობაში, მთელი რიგი პროვოკაციების მიუხედავად, შევძელით, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება – ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე. მესამედ უკვე ის ტერორისტული აქტები რომ დაიწყო და მთელ საქართველოში პედოფილური, პროსტიტუციის შემთხვევები გამოაშკარავდა უცხოელი არალეგალების მხრიდან, დაიწყო ნარკოტიკების გაყიდვა, ამ ყველაფრის შემდეგ დავგეგმეთ «ქართველთა მარში». თუნდაც ამ «ჯემფესტზე» რაც ხდება ახლა, 22 წლის გოგო რომ დაიღუპა გაურკვეველი ნარკოტიკების მიღების შემდეგ და რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზეა… საერთო ჯამში, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანია მოწამლული ამ ნარკოტიკისგან, რომლებიც კი გადარჩნენ, მაგრამ არ აცხადებენ ამ ფაქტებს. ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა და ვალდებულები ვიყავით, «ქართველთა მარშის» თემა გაგვეკეთებინა. შედეგი კი ნახეთ, 10-12 ათასი ადამიანი იყო გამოსული პლეხანოვზე, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ მომხდარა – ჩატარდა ქართველების მარში, სადაც დაფინანსების გარეშე ამდენი ადამიანი იყო გამოსულიყო სუფთა ღირსების აღდგენის, არალეგალი კრიმინალი უცხოელების დეპორტაციისა და სახელმწიფოს გაფრთხილების თვალსაზრისით!

– თქვენ აგვისტოს ბოლომდე გაქვთ ვადა მიცემული ამ ხელისუფლებისთვის. მერე რა მოხდება? როგორც ამბობთ, ტერორი უკვე დაიწყო თქვენზე.

– თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, თუ ჩვენი ტერორი გაგრძელდება, თუ ნაცმოძრაობისა და მათი სატელიტი ლიბერასტული ნარჩენებისგან ქვეყნის გაწმენდა არ მოხდება, მაშინ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გავაკეთებთ 100-ათასიან მარშს, სადაც ხალხი ნებისმიერ დროს გამოიყენებს იმ უფლებას, რაც კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული! მერე უკვე ხალხი გადაწყვეტს, რა და როგორ იქნება!

– ბათუმში დაგეგმილი «ქართველთა მარშის» ჩატარების საკითხი ისევ დღის წესრიგშია? როგორც ამბობდით, აგვისტოს ბოლოს აპირებდით ამას.

– კი, ბატონო, დღის წესრიგშია. ივლისში იმიტომ მოვერიდეთ ბათუმში ამის ჩატარებას, რომ იქ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ჩვენი მთავრობისა და უშიშროების უუნარო, უმაქნისი პოლიტიკის მიღმა, ინფორმაცია გვქონდა, რომ «ქართველთა მარშის» საწინააღმდეგოდ, პროვოკაციების მოსაწყობად საზღვარზე სპეციალურად იყვნენ გადმოსულები «რუხი მგლები», თურქული სპეცსამსახურების წარმომადგენლები… ასევე, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული პროვოკატორი იყო გამოყოფილი ქართველი მუსლიმანების მხრიდან, რომლებიც ამ «რუხ მგლებს» დაუდგებოდნენ გვერდში. ჩვენ მათი კი არ შეგვშინებია, გვინდოდა, რომ ეს პროვოკაციები აგვერიდებინა თავიდან, რადგან ჩვენი მიზანია ბათუმშიც ისეთი გამაფრთხილებელი, მშვიდობიანი «ქართველთა მარშის» გაკეთება, როგორიც თბილისში გაკეთდა.

„ალია“, ნინო ლაბარტყავა

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!