Загрузка...

კანონიერ ქურდს თავი მოაჭრეს – დიდი ქურდული გარჩევები თბილისში

მკვლელობა კაზინოში და პუტინის ფარული კავშირები ქართველ კრიმინალებთან
ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტმა, რომელიც «გულაგის არქიპელაგის» ავტორის ალექსანდრე სოლჟენიცინის თქმით, კრემლის დირექტივით შეიქმნა, ტრანსფორმაცია რამდენჯერმე განიცადა. თავდაპირველად ქურდები ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობდნენ, თუმცა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ. მაგალითად, ამბობენ, რომ გივი ბერაძე, იგივე «შრამი», რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე გავლენიან ქართველ კანონიერ ქურდად ითვლებოდა, შს მინისტრ შოლოკოვთან მეგობრობდა… სტავროპოლის მხარის ცეკა-ს მდივნობისას კრიმინალებს მიხეილ გორბაჩოვიც დამეგობრებია… ამიტომაც გორბაჩოვის «პერესტროიკა» «ქურდულ სამყაროსაც» შეეხო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქურდებს კერძო საკუთრების შეძენის უფლება მიეცათ… მაშ ასე, როგორ იქცნენ კანონიერი ქურდები მაფიოზებად და რა შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ «დაუწერელ ქურდულ კანონებში»? «ქართული სიტყვა» კრიმინალური სამყაროს უცნობ დეტალებს გთავაზობთ.

Загрузка...

მკვლელობა 9 იანვრის ქუჩაზე

…1992 წლის იანვარია. რამდენიმე დღეა, საქართველოს სამხედრო საბჭო მართავს. სამშობლოდან განდევნილ ზვიად გამსახურდიას სომხეთი პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეუბნება. პრეზიდენტის ამალა გეზს ჩეჩნეთისკენ იღებს… სწორედ ამ დროს თბილისში, ხილიანის ქუჩაზე უცნობები შავ ჩემოდანს პოულობენ, რომელშიც ადამიანის მოჭრილი თავი დევს. შემთხვევის ადგილას მისული სამართალდამცავები მომხდარის შესახებ ჯაბა იოსელიანს ატყობინებენ. «მხედრიონის» ლიდერი მოჭრილ თავს კრიმინალისტივით ათვალიერებს და ჩურჩულებს:

– ანზორაა, აღაიანი… საწყალი…

რატომ მოაჭრეს თავი ანზორ აღაიანს? მართალია, აღაიანის მკვლელობიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ კითხვას პასუხი არ გასცემია… აღაიანი თბილისელი ქურთი იყო, რომელსაც შავ სამყაროში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. უცნობია, აღაიანმა და ჯაბა იოსელიანმა ერთმანეთი სად და როდის გაიცნეს, მაგრამ აღაიანის მკვლელობის შემდეგ ხალხში ხმა დაირხევა, რომ მას ჯაბასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაეძაბა. იტყვიან იმასაც, რომ იმ «სხვოტკას», რომელზეც ჯაბას ქურდის ტიტული ჩამოართვეს, თითქოს აღაიანიც ესწრებოდა და სიცოცხლეს სწორედ ამიტომაც გამოასალმეს(!).

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, თბილისში კრიმინალური გარჩევები გახშირდა, რომლებსაც რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილთა უმეტესობა, როგორც ამბობენ, ჯაბა იოსელიანთან იყო დაპირისპირებული, ანუ იოსელიანმა არასასურველი ხალხი თავიდან მოიცილა?

…1996 წლის 11 ივლისი.

ავსტრიის დედაქალაქი ვენა…

კაზინო «ასტორიის» შესასვლელთან მაყუჩიანი პისტოლეტით სამშენებლო კომპანია «მარკო პოლოს» აღმოსავლეთ ევროპაში არსებული სასტუმროების გენერალურ დირექტორ დავით სანიკიძეს კლავენ. მართალია, სანიკიძე ევროპაში გავლენიან და წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, მაგრამ ის ქართული «ქურდული სამყაროს» ერთ-ერთი «ნათლია» იყო…

ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის შემდეგ თბილისი ე.წ. საძმოებად დაიყო. «მეტეხის საძმოც», რომლის ატამანიც დავით სანიკიძე გახლდათ, სწორედ იმხანად შეიქმნა. სანიკიძეს სამხედრო საბჭოსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა…

დავით სანიკიძე ბათუმელი იყო, თუმცა 1980 წელს, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ცნობილ რუს კრიმინალ ვიაჩესლავ ივანკოვს, იგივე «იაპონჩიკას» დაუახლოვდა და მისი მარჯვენა ხელი გახდა… გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დავით სანიკიძემ და ჯაბა იოსელიანმა ერთმანეთი სწორედ ჩრდილოეთში გაიცნეს, თუმცა 1992 წლამდე მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ…

მას შემდეგ, რაც «მხედრიონი» ქვეყნის სათავეში მოვიდა, სანიკიძე საქართველოში დაბრუნდა და, როგორც ამბობენ, ჯაბა იოსელიანის ხელშეწყობით, ავიაკომპანია «ორბის» პრეზიდენტად დაინიშნა. მას ბიზნესინტერესები სასტუმრო «მეტეხშიც» ჰქონდა…

დავით სანიკიძე და მისი მეგობრები გუდაურში სასტუმრო «გუდაურის» ხელში ჩაგდებასაც ცდილობდნენ, თუმცა სოლიკო ხაბეიშვილმა, რომელიც იმხანად ედუარდ შევარდნაძის ფონდის ხელმძღვანელი იყო, «მეტეხის საძმოს» წინააღმდეგობა გაუწია.

1995 წლის 20 ივლისს, ხაბეიშვილი საკუთარ სახლთან ააფეთქეს. მართალია, მისი მკვლელობა თემურ ხაჩიშვილსა და სხვა მხედრიონელებს დაბრალდათ, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ამ აფეთქების უკან «მეტეხის საძმო» იდგა…

1994 წელს, დავით სანიკიძისა და ჯაბა იოსელიანის ურთიერთობა დაიძაბა. ერთი ვერსიით, უთანხმოების მიზეზი ბიზნესში გავლენის სფეროების გადანაწილება გახდა…

1994 წლის 7 აგვისტოს, 9 იანვრის ქუჩაზე (ახლანდელი ტერენტი გრანელის სახელობის ქუჩა) ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, დავით სანიკიძის ძმისშვილი ლაშა სანიკიძე… ამ მკვლელობის შემდეგ, დავით სანიკიძე, დღემდე დაუდგენელი ბოროტმოქმედის თანხლებით, სასტუმრო «მეტეხში» მიდის და გიგა გელაშვილს ხვდება. ქურდული გარჩევა რამდენიმე საათს გრძელდება, რომლის დამთავრების შემდეგაც, კახა კოტრიკაძეს, თენგიზ გრძელიძეს, თემურ ბაზაევსა და ელიზბარ სინჯიანს კლავენ…

გამოძიების მასალების მიხედვით, სანიკიძემ იცოდა, რომ «მხედრიონელები» სახელმწიფო მეთაურის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდნენ. 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ თავდასხმამდე 5 წუთით ადრე ის ტელეფონით, თურმე, გიგა გელაშვილს ელაპარაკა…

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ქართველი «კანონიერი ქურდები» და კრიმინალური ავტორიტეტები გავლენას მხოლოდ ქართულ კი არა, რუსულ პოლიტიკაზეც ახდენდნენ. მაგალითად, მიხეილ მირელაშვილი, იგივე მიშა კუტაისსკი წარმოშობით ქართველი ებრაელი, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში დაიბადა. ახალგაზრდობისას ვაჭრობით იყო დაკავებული. 1985 წელს, საცხოვრებლად ლენინგრადში (ახლანდელი სანკ-პეტერბურგი) გადავიდა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაუახლოვდა. იმხანად, როცა მიშა კუტაისსკი ლენინგრადში ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლენინგრადის მერის – ანატოლი სობჩაკის მოადგილედ მუშაობდა და მირელაშვილს, თურმე, დასანახად ვერ იტანდა. გაპრეზიდენტების შემდეგ, პუტინმა, როგორც სარწმუნო წყარო ამბობს, მიშა კუტაისსკიზე შური იძია – მას რუსეთში მცხოვრები ქართველი «კანონიერი ქურდი» გოჩა ბირკაძე მიუგზავნა და მილიონამდე დოლარი მოსთხოვა. მირელაშვილმა ბირკაძეს ფული არ მისცა. ამის გამო გამომძალველებმა მამამისი გაიტაცეს…

სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მიხეილ მირელაშვილმა ხელი სათამაშო ბიზნესს მოჰკიდა და იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ის ლენინგრადში რამდენიმე კაზინოს, სასტუმროსა და რესტორანს ფლობდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მიშა კუტაისსკი ბორის ბერეზოვსკისა და ვლადიმერ გუსინსკისთან მეგობრობდა

რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი

მართალია, «მხედრიონი» კრიმინალური მენტალიტეტის ორგანიზაციად ითვლებოდა, მაგრამ სარწმუნო წყაროს თქმით, «კანონიერი ქურდები» მხედრიონელებს პატივს მაინცდამაინც არ სცემდნენ. ეს კი, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ჯაბა იოსელიანმა ქურდობაზე უარი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში თქვა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯაბას ქურდობა უნდოდა, მაგრამ «გრეხები» «გაუბაზრდა» და «არაქურდადაც» ამიტომ «დატოვეს» («გრეხი», «არაქურდობა» და «დატოვება» ქურდული ტერმინებია).

ამონარიდი «მხედრიონის» ლიდერის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

«- ბატონო ჯაბა, ქურდობაზე უარი რატომ თქვით?

– დავინახე, რომ შეიძლებოდა ახალი ცხოვრების დაწყება. ჩემი თავი ვიცოდი – ვინ ვარ, რა შემიძლია. საკმაოდ ნაკითხი ვიყავი და უცებ «ავქაჩე», 5 წელიწადში გავაკეთე საკანდიდატო და სადოქტორო. ეს უკვე სხვა დრო იყო – ბრეჟნევის პერიოდი, სუნთქვა შეიძლებოდა…

…ჩემს ახალგაზრდობაში ორი გზა იყო – ქუჩა და კომკავშირი. შეიძლება, სხვაგან ეს კომკავშირი ნორმალური იყო, მაგრამ ჩვენთან იქ ყველა მაიმუნი და ჩამშვები შედიოდა. მაშინ თუ კომკავშირელი არ იყავი, ათწლედს ვერ დაამთავრებდი და უმაღლესში არ მიგიღებდნენ, ესე იგი, უნდა ყოფილიყავი მონა. ამას კი მიჯობდა, ჩემი თავის პატრონი ვყოფილიყავი…

– ბატონო ჯაბა, ქურდად ვინ დაგასახელათ, ანუ თქვენი ნათლია ვინ იყო?

– არავინ. ამას შენ თვითონ ამბობ, შენ თვითონ უნდა განაცხადო. ის ხალხიც, რომელთანაც პურს ჭამ და შენს ცხოვრებას ხედავს, ამას იღებს და თუ რამე პრეტენზია არ აქვთ – ხარ ქურდი…»

საბჭოთა კავშირში ერთი კანონიერი ქურდი ყოფილა, «ნაჩე». ჯაბა იოსელიანს «ნაჩესთან» უთანხმოება მოსვლია და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებია. ამის შესახებ მოსკოველ ქურდებს გაუგიათ და ჯაბასთვის საქმე გაურჩევიათ. სწორედ ამ «რაზბორკაზე» უთქვამს ჯაბას, რახან «ნაჩე» უფრო მოგწონთ, თქვენთან საქმე აღარ მაქვს და ქურდობაზე უარს ვამბობო.

ამონარიდი ჯაბა იოსელიანის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

«…კი, იყო ასეთი შემთხვევა და იქ, «ნაჩეს» გარდა, ჯახიც იყო, მაგრამ ქურდებიდან ამიტომ არ წამოვსულვარ… უკვე 39 წლის ვიყავი და ყველაფერი მომბეზრდა. ქურდებმა დაიწყეს ახალი, სხვანაირი ცხოვრება, გაჩნდა რეკეტიორობა. მე ამას ვერ ვიზამდი, ვერ ვეტყოდი ჩემს ახლობელს, ან ნაცნობს – მაიტა ფული, თორემ დედას გიტირებ-მეთქი… ვგრძნობდი, რომ ახალ გარემოში ნამდვილად მომკლავდნენ, ან მე ვერ შევიკავებდი თავს. რატომ უნდა შემეკლა თავი ან ციხეში წავსულიყავი, როდესაც ისინი მაინც თავისას გააკეთებდნენ? ცხონებული ილო დევდარიანი იყო, რომელმაც დაიწყო თბილისში «რეკეტიორობა». მაშინ ციხეში ვიყავი, ტუბზონაში და შემოვუთვალე, რას აკეთებ-მეთქი. კარგი რამე მითხრა: ჯაბა, აბა, რა უნდა ვქნა, ვიჯიბგირო და ციხეში წავიდე? ესენი მილიონებს შოულობენ და მე კაპიკებისთვის წავაგო თავიო? ვეღარაფერი ვუთხარი – სწორი იყო… მახსოვს, ერთი «ბიჭია» იყო და ქურდებმა პასუხი მოსთხოვეს, სამი წელია, გარეთ ხარ და რატომ არ გიჭერენო. მაშინ პასპორტები არ ჰქონდათ ქურდებს. ისეთი სისტემა იყო, სამი დღე რომ გაგეთია ნათესავთან, ან ახლობელთან, მეოთხე დღეს უბნის ინსპექტორი დაგადგებოდა…

7 წელიწადს დაკეტილ ციხეში ვიყავი, «ლაგერებში» არ მიშვებდნენ, როგორც კი მიმიყვანდნენ, მაშინვე «ბურში» მიკრავდნენ ხოლმე თავს. ამ გაუტეხელობის გამო ქურდებს ყველა პატივს სცემდა. 1958 წელს, 8 თვის განმავლობაში იზოლატორში ვიყავი, ცემენტის იატაკზე. ამიყვანდნენ კამერაში, ისევ ჩამიყვანდნენ უკან. 54 კილოგრამი ვიყავი… პეჩორაში 40 დღეს ვშიმშილობდი. მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა – შენ ოღონდ ზონაში შედი, მეტი არაფერი გვინდაო. იქ კი როგორ შევიდოდი? ბოზებისა და მამაძაღლების ზონა იყო…»

წითელი ავანტიურა

…მეოცე საუკუნის 80-იან წლებში სოხუმში ტრაგედია დატრიალდა: 80 წლის მოხუცმა, შამფრიანმა, რომელიც 1918-21 წლებში, ანუ პირველი რესპუბლიკის დროს ეროვნული გვარდიის არტილერიის კაპიტანი იყო, 30 წლის მეზობელს, სიჭინავას ყელი გამოსჭრა. გამოძიებით დადგინდა, რომ სიჭინავა შამფრიანს უდიერად ექცეოდა და ამცირებდა. მოხუცმა შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სიჭინავა ამიტომაც მოკლა… ეროვნული გვარდიის მხცოვანი კაპიტნისთვის ეს მეორე პატიმრობა იყო. პირველად 1937 წელს, ანტისაბჭოთა განწყობისთვის დაუჭერიათ. მაშინ სასჯელს ტაიგაში იხდიდა. ამის გამო მოხუც კაპიტანს ლავრენტი ბერია, წესით, არ უნდა ჰყვარებოდა, მაგრამ რომც მოგეკლათ, ლავრენტიზე აუგს ვერ დააცდევინებდით.

– «პრიშოლ უ ვლასტი ბერია, ოტკრილის ტურემნიე დვერია», – ღიღინებდა ხოლმე მოხუცი.

– ბერიამ თავი როგორ შეგაყვარა? – ჰკითხეს ერთხელ ეროვნული გვარდიის გადამდგარ კაპიტანს.

– ეს გრძელი ამბავია, – ჩაიცინა მოხუცმა, – «ტროიკამ» გადასახლება მომისაჯა. ტაიგაში გამაგზავნეს… ბადრაგმა ტყეში დაგვტოვა, სამუშაო იარაღები დაგვიყარა და გვითხრა, სამ თვეში სოფელი უნდა ააშენოთო. საშინელი სიცივე და აუტანელი შიმშილი იყო… თუ ვინმე ავად გახდებოდა, ვლოცულობდით, რომ მალე მომკვდარიყო და შეგვეჭამა. ადამიანის ძვლებს ნარის ქვეშ ვყრიდით… ბერია «ენ-კა-ვე-დე»-ს მინისტრი რომ გახდა, პატიმრებისთვის «პაიოკი» დააწესა და ჩვენც ამოვისუნთქეთ… ბერიას ბრძანებით, ზონები ბრიგადებად დაყვეს, რომელსაც სათავეში ე.წ. «ბუგორები» ჩაუყენეს, თუმცა ზონაში მაინც «ბეზპრედელი» იყო… «ბუგორებს» განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა «პოლიტიკურებთან» ჰქონდათ. ბოლოს, შევთანხმდით, რომ ერთმანეთის საქმეში არ ჩავერეოდით…

უცნობია, კანონიერი ქურდის ტიტული პირველად ვინ მიიღო, თუმცა პატიმარ შამფრიანს უთქვამს, რომ პირველი «კანონიერი ქურდები» სწორედ «ბუგორები» იყვნენ. თითო «ლაგერში» 50-60 «ბუგორი» ყოფილა, თუმცა ქურდი ყველაზე «უმწიკვლო მასტი» (ეს ქურდული ტერმინია), ანუ ის გამხდარა, ვისაც არც პასპორტი ჰქონდა და არც ცოლი ჰყავდა… ერთი სიტყვით, კომუნისტების ავანტიურამ გაამართლა – ქურდებმა ზონებში «პალაჟენია დააყენეს». სხვათა შორის, თავდაპირველად კანონიერი ქურდი რამდენიმე «ლაგერს» ე.წ. მაყურებლის დახმარებით აკონტროლებდა. მართალია, «მაყურებელს» «ზონაზე» გავლენა ჰქონდა, მაგრამ მას არ შეეძლო, გადაწყვეტილება ქურდთან შეთანხმების გარეშე მიეღო…

«კანონიერმა ქურდებმა» იმის გაკეთება შეძლეს, რასაც ე.წ. ატრიადის ხელმძღვანელები ვერ აკეთებდნენ. არადა, «ატრიადის» ხელმძღვანელები და ციხის ოპერმუშაკები მაღალი რანგის პროფესიონალები იყვნენ და ისინი «მასტებს» სიარულზე სცნობდნენ, ვინ «ქათამი» იყო და ვინ «მუჟიკი»,» – ეუბნება «ქართულ სიტყვას» ადამიანი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემაში წლები იმუშავა.

– «ქათამს» ვის ეძახიან?

– ვინც ციხეში გააუპატიურეს… «მუჟიკები» შავი სამყაროს წესებით ცხოვრობენ, მაგრამ ქურდებს მაინცდამაინც არ ემორჩილებიან. გარდა ამისა, არსებობენ «პოლიტიკოსები» და «ტრუდიაგებიც». სხვათა შორის, «ტრუდიაგები» ციხეში გამომუშავებული ფულით ოჯახებს ინახავდნენ…

– ეს ტერმინები სპეცსამსახურებმა მოიგონეს?

– არა… «კანონიერმა ქურდებმა» თავიანთი ენა იმიტომ შექმნეს, რომ მათი ლაპარაკი ზედამხედველს ვერ გაეგო, თუმცა დღეს ყველაფერი გაშიფრულია… მოკლედ, «კანონიერმა ქურდებმა» საბჭოთა სახელმწიფოს გამტკიცებაში ლომის წილი შეიტანეს. მათ ყველა ურჩი პატიმარი დაიმორჩილეს და მუშაობა დააწყებინეს. ამის შემდეგ ჩეკა-მ პატიმრებს სპეციალური ბარათები დაურიგა, რომელზეც გამომუშავებული თანხა ირიცხებოდა. კოლონიებში ე.წ. ლარიოკებიც გაიხსნა, მაგრამ თუ პატიმარს ბარათზე თანხა არ ჰქონდა, «ლარიოკში» ვერაფერს იყიდდა. მართალია, «კანონიერი ქურდები» არ მუშაობდნენ, მაგრამ ბარათები მათაც ჰქონდათ… პატიმართა ბარათებს თითქოს «კანონიერი ქურდები» აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს ბუტაფორია იყო.

– ამას რატომ ამბობთ?

– იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებდა. სხვათა შორის, ამ ბარათებიდან პატიმრებს ტანსაცმლის, კვებისა და მკურნალობის თანხებს უქვითავდნენ. ბოლოს კი, საქმე იქამდე მივიდა, რომ შინაგან ჯარსაც პატიმრები ინახავდნენ(!).»

მილიონი დოლარის საიდუმლო

სწორედ იმ დროს, როცა ზონებში ე.წ. საბართე სისტემა დამკვიდრდა, რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში სასჯელს «მხედრიონის» ფუძემდებელი ჯაბა იოსელიანი იხდიდა… ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის წიგნს – «ლიმონათის ქვეყანას» დაწერს და «ენ-კა-ვე-დე»-ს ზემოხსენებულ ინიციატივას ასე გაიხსენებს:

«…მთავრობამ კიდევ ერთი ღონისძიება მოიგონა მუშახელის დასაინტერესებლად – ჩათვლების სისტემა. პატიმარი, რომელიც გადააჭარბებდა შრომის ნორმას, მიიღებდა ერთი დღიდან შვიდ დღემდე ჩათვლას, სხვა სიტყვებით, 25 წლიდან პატიმარს თეორიულად 5 წელიწადში შეეძლო გათავისუფლება. ამას დაემატა ლაგერების გადასვლა სამეურნეო ანგარიშზე. ე.ი. ძალდატანების, მიზანდასახულობისა და აუცილებლობის პირობებს დაემატა მატერიალური სტიმულირება. პატიმარი ახლა მხოლოდ უმაღლესი გასამრჯელოთი – 800 გრამი შავი პურით კი არ იყო მარტო დაინტერესებული, არამედ შეეძლო, დაქვითვების, გადასახადების შეწერის შემდეგ, რაშიც ადმინისტრაციისა და დარაჯების ხარჯიც შედიოდა, ხელზე ერთი-ორი კაპიკიც მიეღო და ლაგერის მაღაზიაში მარგარინი, თეთრი პური, თამბაქო და ზოგჯერ ძეხვიც ეყიდა.

როგორც საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ლაგერში, აქაც არსებობდა ბანაკი «ინდია». ეს სახელწოდება საბჭოთა პროპაგანდის 20-იანი წლების ნაშთი იყო, ე.ი. – უღარიბესი ქვეყანა… ბანაკ «ინდიაში» ცხოვრობდნენ სამუშაოზე უარისმთქმელი გაფიცულები, მოთამაშეები, ქურდბაცაცები, სიმულიანტები, ნარკომანები, მორწმუნეები, «ჩეფირისტები», პედერასტები და დასახარისხებლად დროებით მოყვანილი პატიმრები. პროფესიონალი ქურდებისათვის, რეციდივისტებისა და რეჟიმის დამრღვევთათვის ლაგერის ხელმძღვანელობამ გაძლიერებული რეჟიმის ბარაკი – «ბური» რკინა-ბეტონის იზოლატორად გადააკეთა და იქ ასამდე კაცი ჰყავდათ 400 გრამ შავ პურზე დაყუდებული, სახაზინო ზოლიან ზებრისებრ ტანსაცმელში გადაცმული.

ჩეჩნების ჯგუფი ცალკე ბარაკში ცხოვრობდა. მართალია, იქ სხვა პატიმრებიც, კერძოდ, ე.წ. ბენდეროველებიც იყვნენ, მაგრამ ჩეჩნებს თავი დამოუკიდებლად ეკავათ, ქურდებიც ერიდებოდნენ მათ ბარაკში შესვლას და რაიმეს წაგლეჯვას და თხოვნას…»

სხვათა შორის, 1996 წელს ჯაბა იოსელიანის «ლიმონათის ქვეყანა» სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს. ამ დროს «მხედრიონის» ლიდერი 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის ბრალდებით იყო დაპატიმრებული. ჯაბა იოსელიანმა ორთაჭალის ციხიდან წერილი გამოაგზავნა და განაცხადა: «სახელმწიფო პრემიის მიღება ჩემი მხრიდან ბოზობა იქნება!»

მეოცე საუკუნის 70-იან წლებში «კანონიერმა ქურდებმა» დიდი ძალაუფლება მოიპოვეს. მეტიც, მათ მეგობრები პოლიტიკურ წრეებშიც ჰყავდათ, თუმცა ზოგმა ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. ურჩებს კი, როგორც ამბობენ, თავიდან იცილებდნენ.

«ვალიკო სამუშია ზუგდიდელი «კანონიერი ქურდი» იყო, რომელიც სასჯელს პერმში იხდიდა. მას რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ კოლონიის ოპერნაწილთან ეთანამშრომლა, მაგრამ სამუშიამ უარი განაცხადა. მართალია, მას არაფერი აწუხებდა, მაგრამ კოლონიის უფროსის გადაწყვეტილებით, ოპერაცია გაუკეთეს და ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. სხვათა შორის, პოლიტბიუროს წევრ მიხეილ ფრუნზესაც თავის დროზე ასე მოექცნენ და მას ოპერაცია სტალინის დავალებით გაუკეთეს», – ამბობს «ქართული სიტყვის» თანამოსაუბრე.

ჯაბა იოსელიანი, როგორც შავი სამყაროს ყოფილი წარმომადგენელი, კანონიერი ქურდებისა და ხელისუფლების თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

«…ქურდული სამყარო ორგანოებმა შექმნეს. ქურდებში ხშირად ხდებოდა «გარჩევები», ზოგს გადაცდომა მოსდიოდა, ან წააგებდა და ვერ ჩააბარებდა და ასეთებს ქურდები თავისი ოჯახიდან აგდებდნენ. ასეთები ჯერ დაფანტულები იყვნენ სხვადასხვა ზონებში, შემდეგ ჩეკისტებმა ერთად შეკრიბეს, შეაბეს წითელი სამკლაურები და ქურდებს დაუპირისპირეს… ამ ბოზების დახასიათებით ხდებოდა ხალხის ზონებიდან გათავისუფლება…»

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტი «კანონიერი ქურდი» ქართველი, ან საქართველოს მოქალაქე იყო. კაკო კოხია, ნოდარ გრიგოლაია, მერაბ ჯანგველაძე, ვახო ქარდავა, გურამ ფიფია, კიმო კვარაცხელია – ეს იმ ქართველი კანონიერი ქურდების არასრული სიაა, რომლებმაც მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მოსკოვი უბნებად დაყვეს. საბჭოთა კავშირში ყველაზე გავლენიან ქართველ «კანონიერ ქურდად», თურმე, გივი ბერაძე, იგივე «შრამი» ითვლებოდა, მას ქურდობა «კარმანშჩიკობით» დაუწყვია… შოთა კვირაიას შს მინისტრობის დროს გივი ბერაძეს შინ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ხალხმა მიაკითხა. მას შემდეგ «შრამი» აღარავის უნახავს. ერთი ვერსიით, ბერაძეს ჯაბა იოსელიანთან ჰქონდა უთანხმოება. აფხაზეთის ომის დროს რუსეთში «მოღვაწე» ქართველ კანონიერ ქურდებს ქართული არმიის დასახმარებლად მილიონი დოლარი შეუგროვებიათ და სამშობლოში გამოუგზავნიათ, მაგრამ ფული დაკარგულა. ჯაბას და «შრამის» დაპირისპირებაც სწორედ ამ ნიადაგზე დაწყებულა. ამ თემას ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაბა იოსელიანიც შეეხო.

ამონარიდი ჯაბა იოსელიანის ინტერვიუდან:

«…ქურდებში გამივრცელეს ხმა, რომ არსენა მიქელაძე მოვკალი: ვითომ ქურდებმა ფული მოაგროვეს იარაღისთვის, მიქელაძემ მომიტანა და მე მოვაკვლევინე. არ იციან, რა სისულელეს ამბობენ. ქურდს რა უფლება აქვს, იარაღი მოაგროვოს და მთავრობას მიუტანოს? იმ წუთში დედას უტირებენ ქურდები. ვთქვათ, არსენა მიქელაძეს ქურდებმა ფული გამოატანეს და მე მოვკალი. მერე, სად არიან ის ქურდები? რატომ არ მომკითხავენ, ფული სად არისო? რატომ არ მომკითხავენ, ძმაკაცი რატომ მოგვიკალიო? ამიტომ ეს ჩეკისტების თეთრი ძაფითაა ნაკერი…»

ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, თბილისში «ქურდული გარჩევები» გახშირდა, რომელსაც რამდენიმე კანონიერი ქურდის სიცოცხლე შეეწირა. ანზორ აღაიანიც სწორედ იმ დროს მოკლეს. მასაც, «შრამის» მსგავსად, როგორც ამბობენ, ჯაბასთან ჰქონდა უთანხმოება. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, აღაიანსაც, წეღანდელი თქმისა არ იყოს, თავი მოაჭრეს…

წყარო

  • 35
    Shares
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!