Загрузка...

გიორგი გაბუნიას საჯარო აღსარება : იესო ჩემიც არის

loading...

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსტსკრიპტუმი სპეციალური მიმართვით დაიწყო და ბოლო დღეებში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
შავი ჩაი ასკილით
გიორგი გაბუნიამ ვრცლად ისაუბრა ქრისტიანულ რწმენსთან და ეკლესიასთან მის დამოკიდებულბაზე და მისი ბიოგრაფიული დეტალები მოჰყვა, რომელიც მის ეკლესიასთან დამოკიდებულებას უკავშირდება.
“როდესაც ვუსმენ, რა ვნებათაღელვა მოჰყვა ბოლო პერიოდში ჩემს კომენტარებს რელიგიურ თემებზე, ვხვდები, რომ, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, თუ რა ვთქვი იესოს ან მარიამის შესახებ, არამედ უფრო იმას, თუ როგორ ვთქვი; უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ფორმა, რომლითაც მე მათ მოვიხსენიებ ხოლმე – მორწმუნეების დიდ ნაწილს აღიზიანებს ის, რომ მე ქრისტეზე ან ღვთისმშობელზე როგორც უბრალო ადამიანებზე ვსაუბრობ… და ვხუმრობ.
მაგრამ ისინი იყვნენ ადამიანები, ზუსტად ისე, როგორც მე და თქვენ – ამას ეკლესიაც არ უარყოფს და ღმერთის განკაცებაც სწორედ ამას გულისხმობს, რომ იესო სრულფასოვანი ადამიანი იყო – მას ჩვენსავით შიოდა, წყუროდა, სციოდა, ეშინოდა, ქორწილებშიც დადიოდა, ღვინოსაც სვამდა, სუფრასთანაც იჯდა, მათ შორის, ძალიან ცოდვილ ადამიანებთან ერთად და, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, ალბათ, რაღაც დოზით, ხუმრობდა და იუმორის გრძნობაც ჰქონდა.
დიახ, მე იესოზე ვსაუბრობ, პირველ რიგში, როგორც ადამიანზე; ჩემთვის ის, პირველ რიგში, ადამიანია; დიდი ადამიანი და თანაც, ჩემთვის ძალიან ახლობელი, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო, როგორც ახლო მეგობარზე, რომელსაც, ვიცი, რომ არასდროს ეწყინება ჩემი ხუმრობა.
მორწმუნეთა ნაწილს ახლა ეს დამოკიდებულებაც გააბრაზებს – როგორ ვბედავ, რომ ღმერთზე, არა მარტო როგორც ადამიანზე, არამედ როგორც ჩემს ახლობელზე ვლაპარაკობ! ჩემთვის კი ეს სრულიად ბუნებრივია – მე გავიზარდე ამ ღმერთთან ერთად.
მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ვიგრძენი ძალიან დიდი მიზიდულობა იმ ორი ხატის მიმართ, რომელიც ჩემს ოჯახში ინახებოდა – ეს იყო ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ხატები. მახსოვს, წმინდა გიორგის ხატი კედელზე ეკიდა, მაღლა და წინ თეთრი ნაჭერი ჰქონდა ჩამოფარებული. მე ჩუმად ვძვრებოდი ხოლმე სკამზე და დიდხანს ვუყურებდი იმ ხატს, ისე, რომ არავის შეემჩნია.
დღესაც ნათლად მახსოვს ის განსაკუთრებული დღე, როდესაც ბებიაჩემმა – დედაჩემის დედამ – ქაშუეთში შემიყვანა. არ მახსოვს როგორ და რატომ მოვხვდი იქ მასთან ერთად, მაგრამ მახსოვს ის ენით აღუწერელი აღფრთოვანება, რომელიც იმ დღეს ტაძარში განვიცადე.
9 წლის ვიყავი, როდესაც მომნათლეს ჩემს და-ძმასთან ერთად, იმიტომ, რომ ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ასე თქვეს – არ შეიძლება, ოჯახში ვინმე მოუნათლავი იყოსო.
რამდენიმე წელიწადში, ბუნებრივად, გამიჩნდა მოთხოვნილება და სურვილი, რომ უფრო მეტი გამეგო ღმერთის შესახებ. მაგრამ მაშინ ტაძრების დიდი ნაწილი დაკეტილი იყო და საეკლესიო ლიტერატურა, ფაქტობრივად, არ იყიდებოდა.
არ მახსოვს საიდან, მაგრამ ჩემი ინტერესის შესახებ მათემატიკის მასწავლებელმა გაიგო და ერთ დღესაც ჩუმად მომიტანა ოთხთავი. როგორც უდიდესი განძი, ისე მოვასვენე ეს წიგნი სახლში. შევეცადე წაკითხვას, მაგრამ ვერაფერი გავიგე, იმიტომ, რომ ოთხთავი ძველქართულად იყო… და ცოტა ხანში დავუბრუნე უკან ჩემს მასწავლებელს.
ასე ჰაერში დარჩენილი, ვცდილობდი ჩემი ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან… და მე მისი ხატვა დავიწყე. ვხატავდი ბიბლიურ თემებზე, რომლებსაც სხვა, დიდი მხატვრების ნამუშევრებიდან ვსწავლობდი – იმიტომ, რომ თვითონ მე ბიბლია არ მქონდა. ალბომები მაქვს გავსებული ნახატებით, რომლებშიც მთავარი გმირი ყოველთვის ღმერთია – მამა ღმერთი, იესო ქრისტე, სულიწმინდა.
ბევრი წელი გავიდა, ვიდრე მე სიონის ტაძარში ჩემი პირველი „ახალი აღთქმის“ ყიდვა შევძელი – ეს ჩემთვის სრულიად დაუჯერებელი სასწაული იყო – ხელში მეჭირა სრული „ახალი აღთქმა,“ ყველა წიგნი – მათეს სახარებიდან იოანეს გამოცხადებამდე. მართლა არ მჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო.
შემდეგ ნელ-ნელა ეს გზები გაიხსნა – მოგვიანებით შევიძინე მთლიანი ბიბლია, რომელიც მალევე რამდენჯერმე წავიკითხე.
იმ პერიოდიდან გამომდინარე ისე მოხდა, რომ მე იძულებული გავხდი, რაღაცნაირად ჩემი, საკუთარი, უშუალო ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან, შუამავლების გარეშე.
შუამავალი გაჩნდა მოგვიანებით, როდესაც მე ეკლესიაში დავიწყე სიარული – ამ დროისთვის მე უკვე ძალიან სერიოზული გეგმები მქონდა: მინდოდა ჩემი თავი სრულიად მიმეძღვნა ღმერთისთვის და ამიტომ წლების შემდეგ ბერად აღკვეცას ვაპირებდი. უფრო მეტიც – განდეგილობა მინდოდა და ამისთვის სერიოზულად ვემზადებოდი – ვკითხულობდი ათანასე ალექსანდრიელის მიერ აღწერილ ანტონი დიდის ცხოვრებას და მის ქადაგებებს და ა.შ., მსგავს ლიტერატურას.

Загрузка...

ამასობაში სკოლა დავამთავრე და დადგა უმაღლესი სასწავლებლის დრო – მე მინდოდა სემინარიაში ჩაბარება, მაგრამ ჩემი მშობლები კატეგორიულად წავიდნენ ამის წინააღმდეგ: მათთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ჩემი მიდრეკილება განდეგილობისკენ. ამიტომ დიდხნიანი კამათის შემდეგ დამითანხმეს, რომ მესწავლა არქიტექტურა; დავთანხმდი შემდეგი მიზნით: გავხდებოდი არქიტექტორი და აღვადგენდი საქართველოს დანგრეულ ტაძრებს და ზოგიერთს ჩემი საკუთარი ხელით მოვხატავდი კიდეც – ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამის.
დავიწყე სწავლა… ჩემმა მოძღვარმა შემატყო განსაკუთრებული მონდომება და ისე, რომ ამის შესახებ არასდროს არაფერი მითქვამს, სტიქაროსნად მაკურთხა. ჩემს ბედნიერებას და გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, მართლა სამოთხეში მეგონა თავი. შემდეგ ვისწავლე ნუსხურად კითხვა და გავხდი მედავითნე. ვგალობდი, და მცირე ხნით ლოტბარიც კი ვიყავი. ვმარხულობდი, აღსარებას ვამბობდი, ვეზიარებოდი და ა.შ. ყველა წესს ზედმიწევნით ვასრულებდი.
რამდენიმე წელი გავიდა ასე… რა მოხდა შემდეგ?
მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ წესებში, კანონებში, რიტუალებში მე ღმერთი ვერ ვიპოვე, პირიქით, ნელ-ნელა დავკარგე კიდეც.
ეს იყო ეჭვების და შინაგანი ბრძოლის ძალიან მტკივნეული პერიოდი. ჩემთვის სულ უფრო გაუგებარი ხდებოდა, რა საჭირო იყო ღმერთთან ხალასი, უშუალო ურთიერთობის ასე შეზღუდვა სხვადასხვა წესით და ჩარჩოებით, მაშინ, როდესაც იესო სწორედ ასეთი ხისტი ჩარჩოების დანგრევას ქადაგებდა.
საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მე ეკლესიაში დავკარგე ის ღმერთი, რომელიც მანამდე ასე მიყვარდა… ვიღაც მას ეკლესიაში პოულობს, მაგრამ პირადად მე – დავკარგე. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ მანამდე, ბავშვობაში, მე უკვე ჩემი საკუთარი გზა მქონდა მასთან მისასვლელად ნაპოვნი და ნებისმიერ შუამავალს ბარიერად აღვიქვამდი ამ გზაზე.
…და მე წამოვედი ეკლესიიდან. მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ათეისტი – ჩემთვის ათეიზმი რელიგიის ნაირსახეობაა, ეს არის რელიგია ღმერთის გარეშე. მე კი წლები დამჭირდა ღმერთთან ჩემი ურთიერთობის ხელახლა დასალაგებლად.
ეს კიდევ ერთი მძიმე, შინაგანი ძიების ხანგრძილივი პროცესი იყო – ამ პერიოდში სრულიად შევიცვალე ვიზუალურადაც: ჩემი თმა გაფერადდა, ყურები დაიხვრიტა, შარვლები დაიხა და უკუღმა შემოტრიალდა – ეს ცალკე, ძალიან გრძელი ისტორიაა, რომლის მოყოლის დროც აქ ნამდვილად არ არის.
მაგრამ როგორც არ უნდა გამოვიყურებოდე, რასაც არ უნდა ვამბობდე ან ვაკეთებდე – მაინც ყველაფერი, რაც ჩემშია, ეფუძნება ქრისტიანობას; შეიძლება, თქვენთვის ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასეა – ჩემი ინტერესები, ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ესთეტიკა, ჩემი გემოვნება, ყველა ჩემი ჰობი, ჩემი ყველაფერი დგას ქრისტიანულ კულტურაზე, ეხება ქრისტიანობას და ტრიალებს ქრისტიანობის გარშემო – მათ შორის, ჩემი მკვახე იუმორიც; იმიტომ, რომ მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ამ წიაღში. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ჩემია.
არ ვიცი, რატომ თვლის ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი და მორწმუნე – მხოლოდ ზოგიერთი, ყველას ეს არ ეხება – არ ვიცი, რატომ თვლიან, რომ ღმერთი ექსკლუზიურად მათი საკუთრებაა და არავის აქვს უფლება სხვანაირად შეეხოს ან ახსენოს იესო თუ მარიამი.
არა! იესო ქრისტე ჩემიც არის, მე გავიზარდე მასთან ერთად, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მე მაქვს უფლება, მქონდეს მასთან ჩემებური ურთიერთობა, თუნდაც ეს ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. მე მაქვს უფლება ვუყურებდე მას, როგორც ჩემს მეგობარს და ვლაპარაკობდე მასზე, როგორც ადამიანზე. მე არ ვიცი და ვერც მეცოდინება, როგორია ქრისტე როგორც ღმერთი, მაგრამ მე შემიძლია წარმოვიდგინო ის, როგორც ადამიანი.
ის ქრისტიანები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ იესოც ადამიანი იყო და მას მხოლოდ ხატებზე გამოსახულ გაყინულ ღმერთად აღიქვამენ, იქცევიან ისეთ არაადამიანურ აგრესორებად, რომლებიც მზად არიან დაგვწყევლონ, თავი გაგიხეთქონ და მოგკლან – რა თქმა უნდა, იმ იესო ქრისტეს სახელით, რომელიც ჯვარზეც კი თავისი მკვლელებისთვის ლოცულობდა.
ამიტომ… ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე; მე მას ახლობლად აღვიქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხუმრობა მას არ ეწყინებოდა და არც სწყინს. ის ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ ჩემი ხუმრობით ან რამე დააკლდეს, ან რამე ეწყინოს და რომც ეწყინოს, ის თვითონ მოახერხებს ჩემთან ურთიერთობის გარკვევას; და თუ არ მოინდომებს ჩემთან მეგობრობას, არ იმეგობრებს.
დამიჯერეთ, თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. მე მას ვერაფერს დავუშავებ …და არც დავუშავებ,”-აცხადებს გიორგი გაბუნია.
cyc. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 23
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!