Загрузка...

ქართული ოცნება საერთაშორისო სკანდალში ეხვევა!

loading...

ქართულ სინამდვილეში ახალი სკანდალი მწიფდება: „თაიმერისათვის“ ცნობილი ხდება გასაიდუმლოებული შეხვედრის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შედგა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „საიდუმლო სერობას“ ბანკის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და მოადგილე გიგა კაცია ესწრებოდნენ. „თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბანკის წარმომადგენლებს ისეთი მოთხოვნა წაუყენეს, სტუმრები „გაღიმებულები“ დატოვეს.
ვიდრე უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ რა მოხდა სამინისტროში, შეგახსენებთ: აზიის განვითარების ბანკი არის მსხვილი პროექტების განმხორციელებელი დონორი ორგანიზაცია, რომელთა პროექტების ღირებულება სულ ცოტა 100 მილიონიდან იწყება. ბანკი პროექტის დამტკიცების შემდეგ თანხას ეტაპობრვად რიცხავს და ყოველთვის, ყველა დროში, პირველი ტრანშე პროექტის ღირებულების 10%-ია. ანუ, სახელმწიფო, რომელიც ბანკიდან ვალს ღებულობს, მხოლოდ მოხმარებული თანხის პროცენტს იხდის, მეორე ტრანშე ირიცხება სამუშაოს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ამიტომ ეტაპობრივად თანხის გადარიცხვა ზედმეტი ხარჯისაგან ათავისუფლებს ქვეყანას.
რამ გააოცა აზიის განვითარების ბანკი?
საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ბანკს მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა წინმსწრებად მოსთხოვეს არა 10%-ის, არამედ 30%-ის გადარიცხვა, რითაც ძალიან გაოცებული დატოვეს ბანკის მესვეურები. შეხვედრაზე დაისვა კითხვა, აუთვისებელ ფულში რატომ უნდა გადაიხადოს საქართველომ პროცენტი, მითუმეტეს, რომ ჯერ სამუშაოები არ არის დაწყებული და 10%-ის გადარიცხვაც კი ნაჩქარევია. საბოლოოდ გაირკვა, რომ თურმე მაია ცქიტიშვილს „კეთილი მიზნები“ ამოძრავებს და ახალ პრემიერს „დუ შაშს“ უგორებს – ბანკიდან ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის 30%-ი ბიუჯეტის შესავსებად სჭირდება! დიახ, არც მეტი და არც ნაკლები – სესხი ბიუჯეტის შესავსებად!
აზიის განვითარების ბანკს ჯერ მომხდარი ფაქტი მილიარდნახევარი დოლარის გაქრობა ვერ „მოუნელებია“, რომლის შესახებ მმართველი ძალა მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ალაპარაკდა (თუმცა არავის უთქვამს გამოძიებას იწყებენ თუ არა) და უცებ, ამ ფონზე, რამნდენიმე მილიარდიანი პროექტიდან 30%-ის ერთბაშად გადარიცხვას სთხოვენ. ჩვენი ინფორმაციით ბანკი „ამ ეტაპზე თავს იკავებს, ფიქრობს“.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასაიდუმლოებულ შეხვედრას წინ უსწრებდა მამუკა ბახტაძის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა, რომელიც ბახტაძის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებიდან მეორე დღესვე შედგა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „აზიის განვითარების ბანკი არის საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი, რომლის ლოკალური პორტფელი 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება და მიმართულია საქართველოს განვითარებისკენ. საქართველოს მთავრობა აფასებს ამ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას არსებული ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.“
სხვათაშორის, 16 ივნისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაოს პირველად ესტუმრა საქართველოს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არავინ დაეჭვებულა ბანკის პრეზიდენტის საქართველოში უეცარი ჩამოსვლით. თქმა იმისა, რომ ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს, ადვილია. მთავარი პრეზიდენტის ჩამოსვლის მიზეზია, რაც კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გაჟღერდა კიდეც, რასაც არავინ მიაქცია ყურადღება და არავინ დასვა კითხვა – ასეთ ფონზე ბანკისთვის რამდენად კეთილსინდისიერი პარტნიორია საქართველო?!
აზიის განვითარების ბანკთან ვითარება ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძის დროს დაიძაბა. მართალია, ზურაბ ალავიძე „თავისი განცხადებით გადადგა“, მაგრამ იმ პერიოდში მედია და მათ შორის „თაიმერი“ დოკუმენტებზე დაყრდნობით, აქტიურად წერდა სამინისტროში არსებული ქაოსისა და განუკითხაობის, კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც და სუს-ში დღემდე თაროზე ობდება ალავიძის მინისტრობის დროინდელი გზების დეპარტამენტის უფროსის სეთურიძის განცხადება და განცხადების საფუძველზე ჩამორთმეუული ჩვენება, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, დეტალურადაა აღწერილი ალავიძის და მისი გუნდის „საქმენი საგმირონია“. აქვე შეგახსენებთ, რომ სეთურიძე ალავიძის „გადადგომამდე“ რამდენიმე დღით ადრე „გადადგა“.
აი, ასეთ ვითარებაში, ამ დაძაბულობასა და გაურკვევლობის ფონზე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა და მისმა მოადგილეებმა აზიის განვითარების ბანკს, პროექტებისათვის გამოყოფილი რამდენიმე მილიარდიდან, 30%-ი წინასწარ მოსთხოვა, ბიუჯეტის შესავსებად. სავარაუდოდ, მაია ცქიტიშვილი ამ ნაბიჯს მამუკა ბახტაძის გარეშე ვერ გადადგამდა. ვერაფერს ვიტყვით, ძალიან კარგი დასაწყისია, თუმცა არ უნდა გვიკვირდეს, მამუკა ბახტაძე ხომ „რეჟიმის მსხვერპლია“, მისი საკრედიტო ხაზი ხომ სხვებმა გამოიყენეს, როცა ნაციონალურ მოძრაობას 20 000 გადაურიცხა 2012 წლის აგვისტოში, არჩევნებამდე სულ რაღაც 2 თვით ადრე. რას ვიზამთ ზოგისთვის თაღლითობა გმირობა და პრემიერის სკამის დაკავების საწინდარია, ზოგისთვის კი დანაშაული.

Загрузка...

როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულთა „მსხვერპლიცაა“. დღეს არავინ საუბრობს და „ცენტრ-პოინტში“ ბახტაძის დედაც, მანანა ბახტაძეც მუშაობდა და არც თუ ისე დაბალ პოზიციაზე. დღეს ქალბატონი მანანა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომელია და ამავე უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი. სხვათაშორის, როგორც ამბობენ, მანანა ბახტაძეს, ამ ფაკულტეტებიდან, ერთ-ერთის დეკანთან ძველი „ბიზნეს-პარტნიორობა“ აკავშირებს, რასაც დაახლოებით (პლუს-მინუს) 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მომავალმა პროფესორებმა თბილისის ცენტრში ერთ-ერთი კორპუსის ბინები, რამდენჯერმე ჩადეს იპოთეკაში და უამრავი ადამიანი დატოვეს სახლ-კარის გარეშე. „ძველ თაობას“ ძალიან კარგად ახსოვს შარტავას ქუჩაზე ბახტაძეების ოფისი, რომელიც მხოლოდ იპოთეკით იყო დაკავებული. ცოტა სასაცილო კია, მაგრამ დღეს მამუკა ბახტაძე გამოდის ინიციატივით და აცხადებს, რომ საბანკო სისტემას, მევახშეებს და იპოთეკარებს „ჭკუას ასწავლის“. ტექნიკურ უნივერსიტეტს კარგად ახსოვს როგორ ემალებოდა მანანა ბახტაძე „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებს, რომლებიც კვირაში შვიდჯერ აკითხავდნენ მას. ასევე ახსოვთ როგორ იმალებოდა ბახტაძე და როგორ უსწორდებოდნენ დაზარალებულები უნივერსიტეტის თანამშრომლებს – თქვენ მალავთ და გამოაჩინეთო. აქვე აღსანისნავია ისიც, რომ მამუკა ბახტაძეც უნივერსიტეტში მუშაობს, ისე, როგორც, მაგალითად თალაკვაძის დედა, კოდუას მამა და ასე შემდეგ.
დღეს ქალბატონი მანანა ბახტაძე მეტად პოპულარულია და როგორც ამბობენ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ორი ფაკულტეტიდან, სადაც ის ცოდნას იღებს და თან მუშაობს, არასასურველი „სტუმრებისაგან“ თავი რომ დაეღწია, შვილის თითქმის გაპრემიერებიდან მესამე დღეს, შვებულებაში გავიდა. სამაგიეროდ, ძალიან აქტიურად ეკონტაქტება წარსულში ბიზნეს-პარტნიორ და ახლა მის უფროსს, დეკანს, რომელიც, როგორც ამბობენ, „დასაწინაურებელი ხალხის“ სიას ისევე გამალებით ადგენს, როგორც ამას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დროს აკეთებდა. ამასობაში თავად მამუკა ბახტაძე სამთავრობო მიღებებს საკუთარ ოფისში (სახლი), მცხეთაში მართავს, ხოლო მაია ცქიტიშვილი მცირე სამინისტროების ფონზე რამდენიმე დეპუტატს 4000-4000 ლარს უხდის ხელფასს, რომლებიც სამინისტროს შპს-ში ნარჩენების გადაზიდვის კომპანიაში ყავს დეპუტატობის პარალელურად დასაქმებული, აქვე ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე ჰყავს გაფორმებული, რომელიც თვეში ერთხელ, ერთი საათით „შემოირბენს ხოლმე სამსახურში“, ისიც თუ კარგ ხასიათზეა.
ყველაზე მთავარი და ყველაზე სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) ისაა, რომ ეს ყველაფერი მშვენივრად იცის ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე გარდამავალი ეტაპისთვის შეარჩია. „ქართულმა ოცნებამ“ იცის რომ ბახტაძე საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება და ჩაირეცხება. „ოცნებაში“ იციან თუ რატომ „თქვეს უარი“ გახარიამ და ცქიტიშვილმა პრემიერობაზე. საქმე ისაა, რომ ცქიტიშვილს „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად უპირებს წარდგენას, ხოლო გახარია შსს-ს დალაგების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდება.

timer.ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 36
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!