Loading...

თურქულ სერიალში “დიდებული საუკუნე” ლელა წურწუმია მთავარ როლს შეასრულებს

0
598


თურქული ტელეარხი ახალ სერიალს, სახელწოდებით “დაუმორჩილებელი სულთნები” იწყებს. სერიალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებს ეხება, სადაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ.  
სერიალის ოფიციალური პრომოს გადაღება აგვისტოსთვის მოხდება, ტრანსლაცია კი თურქულ არხზე სექტემბრიდან დაიწყება. ამ დროისათვის, მსახიობების სრული სიის დასახელება ვერ ხერხდება, თუმცა, ცნობილია ოთხი ქართველის ვინაობა, ვინც ამ სერიალში მონაწილეობას მიიღებენ. ესენი არიან: მომღერალი ლელა წურწუმია და მოცეკვავეები – თათა ჯაში, ნანუკა სტამბოლიშვილი და ნინო ლეჟავა.
“პრესა.ჯის” ექსკლუზიური ინფორმაციით,  სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს მომღერალი ლელა წურწუმია შეასრულებს.
სერიალის ქასთინგ მენეჯერის, მაია გოგენის განცხადებით, საქართველოს დივა, მომღერალი ლელა წურწუმია ტელესერიალ „დიდებული საუკუნე – დაუმორჩილებელ სულთნებში“ მეორე სეზონიდან გამოჩნდება და ბოლომდე გასტანს. ლელა წურწუმია რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლს განასახიერებს, რომელიც სამეგრელოს მამამთავრის, ლევან მეორე დადიანის ქალიშვილი გახლდათ.  სასახლეში, რაჰიმენის პერსონაჟი სერიალში დიდ ცეცხლს დაანთებს. მისი გამოჩენისას, სასახლის წესები სრულიად შეიცვლება, რადგან ის ისტორიულად პირველი პირია, რომელმაც ქალების როლი ოსმალეთის იმპერიაში განამტკიცა. 
რაჰიმენი იმით განსხვავდება სხვა პერსონაჟებისაგან, რომ ის სახელმწიფო საქმეებში იმდენად ერევა, რამდენადაც ფადიშაჰი, ანუ, ოსმალეთის იმპერიის სულთანი. რაჰიმენს დაგეგმილი აქვს ქართველი დედასულთნის – ესმა დადეშქელიანის ვაჟიშვილის ტახტიდან ჩამოგდება და თავისი შვილის, უფლისწულ მეჰმედის ტახტზე აყვანა. რაჰიმენისათვის ანუ, ლელა წურწუმიასათვის შერჩეულია მუქი ტონალობის კოსტიუმი. ასევე ცნობილი ხდება, რომ ქართველ მომღერალს რამდენიმე სერიაში მოუწევს იმღეროს მეგრული სიმღერა,  მაგალითად: „ასე ჩონგური“ და სხვა. ლელა წურწუმიას როლზე დამტკიცებისას ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს მისი სახის მოყვანილობა, ჩაცმის სტილი, სიმაღლე და  ვოკალური მონაცემები. მომღერალი აღნიშნულ როლს დიდი სიამოვნებით დასთანხმდა.

Loading...


ნანუკა სტამბოლიშვილის პერსონაჟი ფატმა შაჰ-ლიპარტელიანია, იმ პერიოდის სვანეთის საგვარეულოს წარმომადგენელი. ის არის ნიკოლოზ ლიპარტელიანის ქალიშვილი, რომელიც სასახლეში ფატმა დედასულთნის, იგივე ესმა დადეშქელიანის სეფექალი და მარჯვენა ხელია და კურირებს ინტრიგებს, ესმას მითითებებით. ფატმა იმით განსხვავდება სხვა პერსონაჟებისაგან, რომ ძალიან იდუმალ ატმოსფეროს ქმნის ზოგადად სცენარში. ის არის ქალი, რომელიც ძალიან პირდაპირია. მას, სცენარისტის თქმით, პარალელი გაუვლეს “ვეფხისტყაოსანში” მოყვანილ პერსონაჟზე, ნესტან-დარეჯანზე, რომელიც ყოველთვის პირდაპირ აკონკრეტებდა, რაც სურდა. ის არის ძალიან მკაცრი. 
თათა ჯაში სცენარისტების ახალი აღმოჩენაა. ის  საქართველოს ოპერისა და ბალეტის ერთ-ერთი მოცეკვავეა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო როლი ექნება. თათა სერიალში პერველი სეზონის ბოლოსკენ გამოჩნდება და მეორე სეზონამდე იქნება. ქართველი მოცეკვავე ლოაზეს გველესიანის როლს შეასრულებს.
ლოაზეს გველესიანი არის ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ის ესმა დადეშქელიანის ბრძანებით ჩავიდა ოსმალეთის სასახლეში და ეახლა სამეფო კარს. ესმას გადაწყვეტილი აქვს, რომ ლოაზესი დააქორწინოს ოსმალეთის იმპერიის იმდროინდელ ფადიშაჰზე – სულთან აბდულჰამით მეორეზე. თუმცა, სულთანს პირველი ცოლი უკვე ჰყავს – გურული წარმოშობის ქალბატონი იასებ ქადინ გურიელი (გურიის მამათმთავრის ქალიშვილი), რომლის როლიც განხილვის პროცესშია და ამ ეტაპისათვის უცნობია, ვინ ითამაშებს, თუმცა, სცენარისტის თქმით, ისიც, რა თქმა უნდა, ქართველი იქნება. ამიტომ აბდულ ჰამითი მოაზესის ცოლად მოყვანაზე უარს იტყვის. ამით განრისხებული ესმა დადეშქელიანი, ლოაზესს ძველ „ცრემლების სასახლეში“ გააძევებს. 
ისტორიულად ამ ადგილს იედიყულეს სასახლე ეწოდება, სადაც საქართველოს ისტორიის თანახმად, ერთ-ერთი მეფე  ლუარსაბ მეორე იყო გამოკეტილი. ამ სასახლეში ლოაზესი სულ რაღაც ორი დღე და ღამე გაჩერდება. შემდეგ, მას სასახლის პირველი ვეზირი იუ ეზალეჩელები მოაკითხავს, რომლის ბრძანებითაც იგი რომანოვების სასახლეში გაემგზავრება და იმდროინდელ პრინცესას, ალექსანდრა თეოდოროვნას შეხვდება. – ჩვენთვის სცენარის ეს კონკრეტული ეპიზოდი ხდება ცნობილი. 
რაც შეეხება ნინო ლეჟავას, ის სერიალში სპარსელი ქალის, კერძოდ, ირანის პრინცესას როლს ასრულებს. ის აბასიანთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ქალია, რომელიც ჩადის ოსმალეთის იმპერიაში და იმდროინდელ დედა-სულთანს, ქართველ ესმა დადეშქელიანს ხვდება. მათ შორის, ძალიან კარგი ურთიერთობა ყალიბდება. ეს პერსონაჟი მოცეკვავე ქალი იყო და ასევე, მას მიაწერენ მაგიასაც, რადგან აღმოსავლეთში ძალიან განთქმული იყო მაგიის ხელოვნება. 
“პრესა.ჯი” სხვა ქართველი მსახიობებისა და მათი როლების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ