Loading...

ქორწილის დღიდანვე გადავწყვიტე, ჩემი ცოლი ყველაზე განებივრებული და ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო, მაგრამ მან ახალგაზრდა საყვარელში გამცვალა

0
552
loading...
loading...

37 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მაკა სწორედ ქორწილის დღეს გახდა 18-ის. მაშინ მეც და მაკასაც ამხელა ასაკობრივი სხვაობა რომანტიკულად გვეჩვენებოდა, მით უმეტეს, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემს მშობლებს ძალიან გაუხარდათ ჩემი დაოჯახება, რადგან, უკვე ასაკში ვიყავი, თან, ისე თავაშვებულად ვცხოვრობდი (ქალებს ვგულისხმობ), ეშინოდათ, ან საერთოდ უცოლოდ არ დავრჩენილიყავი, ან ვინმე „ნაგულავები“ ქალი არ მომეთრია სახლში (ზუსტად ასე ამბობდა ხოლმე დედაჩემი). მაკა რომ გავაცანი, დედა სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა – პატარა გოგოა, ლამაზი, წესიერი და შენ თვითონ გამოზრდი შენს ჭკუაზეო. მამაც ძალიან კმაყოფილი იყო, მხოლოდ ბებიაჩემმა აზიდა ცალი წარბი (რა თქმა უნდა, მაკა რომ გავაცილე, მას მერე) და მითხრა: 15-20 წლის შემდეგ შენ უკვე ხანში შესული იქნები, შენი ცოლი კი – ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა. როგორი მოსიყვარულე და ერთგულიც არ უნდა იყოს, ფრთხილად იყავი, განზე არ დაიწყოს ყურება. ახალგაზრდებს თავიანთი ინტერესები, გატაცებები და შეხედულებები აქვთ; უჭირთ ნაადრევად დაბრძენება, ამიტომ, შენც მუდამ ძალიან ახალგაზრდა უნდა იყო ყველა გაგებით და ყველა ასპექტშიო. მაშინ ბებიაჩემის ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმინიჭებია, ისე ვიყავი მაკას სიყვარულით ატაცებული, მაგრამ…
ქორწილის დღიდანვე გადავწყვიტე, ჩემი ცოლი ყველაზე განებივრებული და ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო ამქვეყნად: შევუქმენი მაქსიმალური კომფორტი, ავუყვანე მოსამსახურე და მზარეული; ბავშვი რომ გააჩინა, სადღეღამისო ძიძაც დავიქირავე, ჩაცმა-დახურვაზე, აგარაკებსა და უცხო ქვეყნებში სეირნობაზე აღარაფერს ვამბობ. სტუდენტი რომ გახდა (ბავშვი რომ გააჩინა, მეორე წელს ჩააბარა), მძღოლიანი მანქანა ემსახურებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად კი მანქანა ვუყიდე და თვითონ დაჯდა საჭესთან. არაფერში ვზღუდავდი, ნატვრას ვერ ასწრებდა, რომ უკვე ასრულებული მქონდა. თვითონაც ხედავდა ყველაფერს და სითბოსა და ზრუნვას არ მაკლებდა. ერთადერთი, იმაზე ვერ დავითანხმე, რომ მეორე შვილი გაეჩინა. თვითონ მრავალშვილიან ოჯახში იყო გაზრდილი და, მეუბნებოდა, დედაჩემივით ვერ მოვიქცევი. მთელი ცხოვრება შვილების მოვლას შესწირა, მაგრამ, როგორც ქალს, როგორც პიროვნებას არასდროს გაუხარიაო.

Loading...


რადგან ასე კატეგორიულად არ უნდოდა მეტი შვილი, მეც შევეგუე ბედს და თავი დავანებე. ასე იყო თუ ისე, ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ზუსტად ათი წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაკა მანქანით გავუშვი თავის დაქალებთან ერთად დასასვენებლად. ორი კვირით წავიდნენ და თვე-ნახევრის შემდეგ ჩამოვიდნენ. ზაფხული იყო, ბავშვი დედაჩემს და მამაჩემს ჰყავდათ აგარაკზე წაყვანილი, მაგრამ, მე სამსახურის გამო თბილისში დავრჩი და ნაწყენი ვიყავი, რომ ამდენი ხნით მიმატოვა. მართალია, დღეში ორჯერ მირეკავდა, მაგრამ, ყოველ დარეკვაზე იმას მთხოვდა, კიდევ რამდენიმე დღე დავრჩები, მინდა, კარგად დავისვენო, რომ მთელი წელი კარგად მოგიაროო. ახლა რომ ვფიქრობ, ვერ ვხვდები, რითი იყო დაღლილი – არც საოჯახო საქმეები ეხებოდა, არც ქმარ-შვილის მოვლა; სამსახურიც ისეთი ვუშოვე, მხოლოდ გასართობად და თავისი ტანსაცმლის საჩვენებლად თუ წავიდოდა. მაშინ კი მაინც ვცდილობდი, გამეგო, გამემართლებინა და ყველაფერზე ვთანხმდებოდი. ბოლოს რომ დამირეკა, წესით, მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ, ამჯერად თხოვნის ნაცვლად, პირდაპირ მითხრა – კიდევ ერთი კვირა უნდა დავრჩეო და ყურმილი დამიკიდა. ერთი კვირის განმავლობაში კი არც ერთხელ არ დაურენკავს. მე რომ ვურეკავდი, უკმაყოფილო ხმით მეუბნებოდა: კარგად ვარ, ნუ შემაწუხე ამდენი რეკვით, არ მცალიაო.
ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა, მაგრამ, ეს ის მაკა აღარ იყო, რომელსაც მე ასე ვაღმერთებდი. პრაქტიკულად, აღარც კი მეკონტაქტებოდა, ბავშვსაც საკმაოდ ცივად ეპყრობოდა. სულ ვიღაცეები ურეკავდნენ და სულ სადღაც გარბოდა – ერთი სიტყვით, ოჯახი აღარ აინტერესებდა. იმდენად დაბრმავებული და დაყრუებული ვიყავი, ეჭვიც არაფერზე ამიღია. ვიფიქრე, ქალებს სჩვევიათ ასეთი რამეები-მეთქი და, მისი გული რომ მომეგო, უძვირფასეს საჩუქრებს ვაყრიდი თავზე. მართალია, არც ერთ საჩუქარზე არ უთქვამს უარი, მაგრამ ყველაფერს ემოციის გარეშე იღებდა, მადლობასაც კი არ მეუბნებოდა.
ერთ დღეს, სამსახურიდან სახლში რომ დავბრუნდი, მაკა არ დამხვდა, არადა, დილიდან ლოგინში იწვა – ცუდად ვარო. ძიძას რომ ვკითხე, სად არის-მეთქი, მითხრა, ჯერ დაქალმა დაურეკა, მერე კი ვიღაც კაცმა მოაკითხა ძვირფასი მანქანით და იმასთან ერთად წავიდაო. მაშინ კი რეჩხი მიყო გულმა, მაგრამ, ძიძასთან ცოლზე ლაპარაკი არ ვიკადრე და მის მოსვლას დაველოდე, რომ სერიოზულად დავლაპარაკებოდი. მაგრამ, იმ ღამეს მაკა სახლში არ მოსულა. მთელი ღამე ვეძებდი, ვისთან აღარ დავრეკე, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ბოლოს ერთმა დაქალმა მითხრა, მაკა სახლში აღარ დაბრუნდება, რადგან, ისეთი კაცი შეუყვარდა, იმას არ მიატოვებსო.
მეორე დღეს მაკამ თვითონ დამირეკა და მითხრა, გეყრებიო. რატომ-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა: დავიღალე ბებერ კაცთან ურთიერთობით. ჩემს ტოლ კაცს შევუყვარდი და მასთან მივდივარ. ბავშვი შენთან დარჩეს, მე შაბათ-კვირას წავიყვან ხოლმეო.
აი, ასე დამთავრდა ჩემი სიყვარულის ისტორია. ბებიაჩემის სიტყვები მოხდა, ოღონდ, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის ვარაუდობდა. ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემი ბრალიც არის – როგორც არ უნდა გიყვარდეს, ცოლი ისე არ უნდა გაანებივრო, რომ სხვა კაცის ძებნის მეტი საფიქრალი არ ჰქონდეს და, რაც მთავარია, შვილის ტოლი გოგო არ უნდა მოიყვანოს კაცმა ცოლად, თორემ, ან მარტო დარჩება, ან რქებდადგმული ივლის მთელი ცხოვრება.
ანრი, 47 წლის.
წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ