Loading...

ჩემს დაბადების დღეზე თანამშრომლებმა სტრიპტიზიორი ბიჭი მომიყვანეს… ცოტა ხანში სანდრო დასისხლიანებული შემოვიდა და მეუბნება, შენმა ძმამ მცემაო… – რას ყვებიან მეგობრები ოპერატორზე, რომელმაც თავი მოიკლა

0
298

„პირველი არხის“ ოპერატორი სანდრო ბერაძე ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არავინ იცის. თუმცა არის ეჭვი და არც თუ უსაფუძვლო – ახალგაზრდა მამაკაცი აზარტული თამაშებით სერიოზულად იყო გატაცებული.
მან მოძრაობის – „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელს, თამარ ჯაფარიძეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო დახმარების მიზნითაც მიმართა
“პრაიმტაიმთან“ საუბრისას ჯაფარიძე სანდროსთან ნაცნობობის ფაქტს იხსენებს: „მე და სანდრომ ერთმანეთი რამდენიმე ხნის წინ გავიცანით. მან დამირეკა და მითხრა, ქალბატონო თამრიკო, გადამარჩინეთ, ცუდად ვარო… მას მერე სულ ვეკონტაქტებოდი. ვთხოვდი, რომ შემხვედროდა, მაგრამ სულ მოუცლელობას, საქმეს და სამსახურს იმიზეზებდა. ერთხელ მითხრა, ნუ გეშინიათ ქალბატონო თამრიკო, მე უკვე ვმკურნალობო. ამ ზაფხულს ბათუმში იყო, მეგონა სათამაშოდ წავიდა კაზინოში. ვუთხარი არ გადამრიო-მეთქი. ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარ, გამოვედი მდგომარეობიდანო… 20 ოქტომბერს შევკრიბე ლუდომანები, წინა დღეებში სანდროსაც დავურეკე და ვუთხარი, შეკრებას ვაკეთებ, ბუნებაში ვაპირებთ გასვლას და მინდა, რომ შენც იქ იყო-მეთქი. დამთანხმდა, მაგრამ მერე გამორთო ტელეფონი და ვეღარ დავუკავშირდი. მოგვიანებით დამირეკა. გადაღებაზე მივდივარ და ვერ ვახერხებ წამოსვლასო. ძალიან არ მომეწონა და ვუთხარი კიდეც, შენი ხმა არ მომწონს – მეთქი. მას მერე აღარ დამეკონტაქტა…“
სანდროს გარემოცვა პირად საუბრებში იმასაც ამბობს, რომ თითქოს ვალი ჰქონდა, 10 ათასი ლარის ოდენობით… 
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელსაც გარდაცვლილთან შვიდწლიანი მეგობრობა აკავშირებს, „პრაიმტაიმთან“ მესენჯერის მიმოწერას იხსენებს.
თამუნა მუსერიძე: – ჩვენს მიმოწერას რომ გადავხედე, ძირითადად თამაშზეა. „წავაგე, ვითამაშე, რამე ფული ხომ არ გაქვს, რომ მასესხოო“. მაგრამ ამ საკითხს მძიმედ არ აღვიქვამდით. ამ ზომამდე რომ მისულიყო და ასეთი მოთამაშე თუ იყო, არ მეგონა. ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. არ იყო სუიციდისკენ მიდრეკილი ტიპი. არც დეპრესიული მახსოვს ოდესმე. რომ გაქრა, ვიფიქრე, მიმალულია თავისთვის-მეთქი. 
ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე შვებულება მოითხოვა. ამ დროს იმ დღეების ხელფასი გერიცხება, რამდენ ხანსაც იმყოფები შვებულებაში. აიღო თანხა. ვიფიქრე ან ისევ ითამაშა ან ვალები გაისტუმრა-მეთქი… რაღაცებს ვერ ვაკავშირებ. თუ ასეთი რამის გაკეთება უნდოდა, რაღას იღებდა შვებულებას? 
– ანუ?

Loading...


– არ ვიცი. საბოლოოდ ყველაფერს იქითკენ მივყავართ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ლოგიკაშიც არ ჯდება ის, რაც მის თავს მოხდა. თუმცა შეიძლება შვებულებისთვის დარიცხული ფული წააგო… სხვა გზა არ ქონდა. ის რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, სანდრომ იცოდა. არ იყო დეპრესიული ტიპი. ძალიან ლაღი იყო და ნებისმიერთან გამონახავდა საერთო ენას. კონტაქტური და მეგობრული იყო. არც კი მახსოვს, როდის გავიცანი. უცხოობის პერიოდი არც გვქონია. როგორც კი გავიცანი უახლოესი მეგობრები გავხდით. „პირველ არხზე“ დილის ჩართვებზე  ჩემი ოპერატორი იყო. 
ჩემს დაბადების დღეზე თანამშრომლებმა სტრიპტიზიორი მამაკაცი იქირავეს და მომიყვანეს. ცოტა ხანში ეს ბიჭი დასისხლიანებული შემოვიდა – შენმა ძმამ მცემაო. სანდროს გაუყვანია, როგორ ეცეკვე ჩემ დასო და უცემია. ამის გამო ვეჩხუბე და გავაგდე. დიდი ხანი არ ველაპარაკებოდი. 
მახსოვს, ერთხელ შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო. ჩემს ჩართვაზე დაუგეგმავად პირდაპირ ეთერში შემოვიდა, სიყვარული აუხსნა და შემირიგდიო, თხოვა… 
ოპერატორის მეორე მეგობარი, ჟურნალისტი სოფო დონაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სანდრო მუდმივმა ვალებმა დაღალეს.
სოფო დონაძე: – განსაკუთრებულად დიდი ვალი არ დაუდია, რომ ამის გამო თავი მოეკლა. მითუმეტეს სარჩენად ოჯახი არ აწვა კისერზე. ვფიქრობ, ყველაფრისგან ერთად დაიღალა. ამ მდგომარეობამ დაღალა. არავისთან ამის შესახებ არაფერი უთქვამს, ოდნავადაც არ შეუტყვია. რამდენიმე თვის წინ სხვისი თვითმკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, ამბობდა, რატომ უნდა მოიკლა თავიო… ვერ შეატყობდი, რომ ამაზე ფიქრობდა. პირიქით, ცხოვრების მნიშვნელობაზე თავისი შეხედულებები ჰქონდა. ლოგიკური აზროვნების პატრონი იყო და აცდენილს, გულაცრუებულს არ გავდა. 
სულ იმაზე ზრუნავდა, რომ გარშემომყოფები კარგ განწყობაზე მოეყვანა. მოსიარულე სიკეთე იყო. 
შვებულების აღებამდე, ხელფასი ახალი ჩარიცხული ჰქონდა. მერე შვებულებისაც ჩაერიცხა. 
რომ გაუჩინარდა, ვიფიქრე, ამწარებს ვინმეს, იმალება-მეთქი. მახსოვს, ადრე წალკის მამათა მონასტერში იყო რამდენიმე დღით. მეუბნებოდა, კარგია, დავმშვიდდიო. რომ გაუჩინარდა, ვიფიქრე მონასტერში ხომ არ არის-მეთქი… 
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე აიხლართებოდა საკუთარ ფიქრებში, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დაგეგმა, წავიდა, 3 კილომეტრი იარა, ერთხელაც არ გადაიფიქრა და არ მობრუნდა. 
სანდროს მეგობრებმა იპოვეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ცხვარიჭამიაში წაიყვანა სანდრო. იმ ადგილას მიიყვანა, მერე ბიჭებმა ფეხით იარეს ტყეში. მე სამძებრო სამუშაოებში ჩართვა ვერ შევძელი და ბიჭებმა მიამბეს, რომ ალკოჰოლი დაულევია ადგილზე, მერე პარკში ჩაულაგებია ეს ნაგავი, შეუკრავს და ისე… მეგობრებმა იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი. 
ყოველთვის ერთნაირად კარგ ხასიათზე იყო. თურმე გულით ამდენ დარდს ატარებდა და მეგობრებს არაფერი გვითხრა… 

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ