Loading...

ზღვის სანაპიროები დამსვენებლებით გადაიჭედება ისე დათბება… – სინოპტიკოსებმა ახლახანს მოულოდნელი რამ იწინასწარმეტყველეს

0
1202

საქართველოში 2019 წლის შემოდგომა განსაკუთრებით თბილი ამინდების ფონზე მიმდინარეობს. ისევე, როგორც მთელი ოქტომბრის განმავლობაში, ნოემბრის თვეც შედარებით თბილი და ქართული მეტეოროლოგიური ფონისთვის შეუფერებელია. შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ჯერჯერობით 24 გრადუსს აღწევს და ზღვაში ბანაობაც შესაძლებელია.
„რეზონანსთან” საუბრისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი ლიკა მეგრელიძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე განმარტავენ თბილი შემოდგომის გამომწვევ მიზეზებსა და უახლოესი მომავლის ამინდის პროგნოზსაც აკეთებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბრამდე ამინდის მნიშვნელოვნად გაუარესება მოსალოდნელი არ არის. საქართველოს მთელი ტერიტორია მოქცეულია ატმოსფეროს თბილ ცირკულაციურ პირობებში. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზამთრის პროცესები ცალკეულ დღეებში გამოვლინდეს.
ნოემბრის თვის წინასწარი პროგნოზით,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე თბილი ამინდები შენარჩუნდება. „რეზონანსთან” საუბრისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი ლიკა მეგრელიძე აღნიშნავს, რომ შემოდგომაზე შედარებით თბილი ამინდის შენაჩუნება კონკრეტულ გლობალურ პროცესებთანაა დაკავშირებული:
„ჯერჯერობით ოქტომბრის შეფასება არ არის გაკეთებული იმის განსასაზღვრად, თუ მერამდენე თბილი ოქტომბერი იყო დაკვირვების განმავლობაში. ზოგადად, ჩვენ შეფასებული გვაქვს კლიმატის ცვლილების ტენდენციები საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის. რა თქმა უნდა, დათბობა სახეზეა. დაახლოებით 5 წლის წინ შევაფასეთ გასული 50 წლიანი პერიოდი, რა დროსაც მაქსიმალური დათბობა გამოვლინდა დედოფლისწყაროში – უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში დაახლოებით 0,7 გრადუსი იყო წლიური საშუალო ტემპერატურის მატება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატა და 0,8 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურის მატების ნიშნული.

Loading...


„დათბობა ყველაზე მეტად ვლინდება ზაფხულის თვეებში და შემოდგომის დასაწყისში. ამის მიზეზი ზოგადად ითვლება, რომ არის სათბურის აირების კონცენტრაციის მატება ატმოსფეროში. არსებობს სხვადასხვა საწინააღმდეგო მოსაზრება, მაგრამ მთელი მსოფლიო შეთანხმებულია იმაზე, რომ დათბობის გამომწვევი მიზეზი ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის მატებაა.
„უამრავი მექანიზმია შემუშავებული იმისთვის, თუ როგორ შევინარჩუნოთ ტემპერატურის მატება გლობალურად 1,5 გრადუსზე და ქვემოთ, რადგან 2 გრადუსზე მაღალი მატება, რაც კლიმატური მოდელირების საშუალებით მოსალოდნელიცაა და რასაც საუკუნის შუა წლებში ველოდებით, ფაქტობრივად, ძალიან მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სექტორზე, დაწყებული ჯანმრთელობიდან, ასევე სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ.”, – აცხადებს ლიკა მეგრელიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე საუბრობს შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ჰაერისა და ზღვის წყლის ტემპერატურაზე და იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამჟამინდელი, შედარებით თბილი შემოდგომის პირობებში ზღვაში ბანაობა:
„ამჟამად, ზღვის წყლის ტემპერატურა 17-18 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. 14 ნომბრამდე ასეთი თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ზღვაში 19 გრადუსი ყველასთვის კომფორტული დასასიამოვნო საბანაოდ არ არის – ვისაც მოსწონს, ის ბანაობს ზღვაში.
„ზღვაზე ჰაერის ტემპერატურაა მაღალია – 22-24 გრადუსის ფარგლებშია. კოლხეთის დაბლობზე 28 გრადუსამდეც მოიმატა ტემპერატურამ. დიახ, ძალიან თბილი ნოემბერია, თან ჯერჯერობით მშრალია, მაგრამ ნოემბერი წინაა და რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება”, – აცხადებს ნიორაძე.
ლიკა მეგრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით რთული სათქმელია კიდევ რამდენ ხანს შენარჩუნდება სითბო საქართვეოში და როგორი ზამთარი გველოდება, მაგრამ მინიმუმ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში შედარებით თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება:
„შემდგომი ათი დღის განმავლობაში ტემპერატურის უეცარი კლება და ცივი ტალღების შემოჭრა არ არის პროგნოზირებული. რამდენიმე დღე მაინც გასტანს ეს თბილი ამინდები. ზოგადად, ამინდის ჩამოყალიბება საქართველოში, რა თქმა უნდა, გარკვეული ატმოსფერული ცირკულაციური პროცესებითაა განპირობებული”, – ამბობს მეგრელაძე.
სვეტლანა ნიორაძის თქმით, განსაკუთრებით თბილი შემოდგომა არ მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც შეიმჩნევა:
„აღსანიშნავია, რომ თბილი შემოდგომა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც შეინიშნება, რაც რაღაც დოზით გლობალურ დათბობასაც უკავშირდება. რაც შეეხება ზამთარს, ზამთრის თვცეების პროგნოზი ნოემბრის ბოლოს იქნება”, – მიიჩნევს სვეტლანა ნიორაძე.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ