Loading...

დედაჩემი ისე გარდაიცვალა, 15 წელი ნანახი არ მყავდა, ფულს კი, რომელსაც ვუგზავნიდი… – ემიგრანტის ემოციური წერილი

0
480

― დე, ერთი წელი დამრჩა, საბუთს ავიღებ და ჩამოვალ. ხომ იცი, კარგად უნდა დამხვდე.
― კი, შვილო, კარგად დაგხვდები. აბა, კარმიდამოს ხომ არ გაგიპარტახებ, ყველაფერს მოვლილს დაგახვედრებ.
― დე, როგორ მენატრები! ხომ არაფერს იკლებ? მითხარი რა გჭირდება, ყველაფერს გამოგიგზავნი.
― არაფერი მინდა, დედი, ყველაფერი მაქვს შენი წყალობით.
შვილი მეტს ვეღარ აგრძელებს, ყელში ბურთი ეჩხირება და დედას სწრაფად ეუბნება:
― დე, მეძახიან, ხვალ ისევ დაგირეკავ. გკოცნი, დედი.
― დედა გენაცვალოს, ― ლუღლუღებს 85 წლის მოხუცი და ტელეფონს მისუსტებული ხელებით გულში იხუტებს…
*
შვილი ჰპირდებოდა, რომ ჩამოვა და ვერ ჩამოდიოდა. ადრე უმალავდა, რომ უცხოეთში ხშირად არ მუშაობდა, ზოგჯერ შიმშილობდა, რომ დედისთვის ფული მოეგროვებინა და გამოეგზავნა.
ბოლოს საქმეები კარგად აეწყო. დიდძალი ფული იშოვა. ყველას ეხმარებოდა. ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს…
შვილი მოხუცი დედისადმი მზრუნველობას არ იშურებდა. რომ იტყვიან, ჩიტის რძესაც არ აკლებდა მშობელს. .
*

Loading...


აღმოჩნდა, რომ დედას უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულიდან ერთი თეთრი არ ჰქონდა მოკლებული.
მეზობლებთან უთქვამს, ჩემი შვილის წვალებით ნაშოვნი ფული როგორ დავხარჯოვო. თურმე, შაბათ-კვირას ბაზარში ატანდა გასაყიდად წამსვლელებს კვერცხს და ყველს. დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობდა, სხვანაირად არ შეეძლო. მთელი ცხოვრება
ასე იცხოვრა.
ჩაგროვილ თანხას ცხვირსახოცში გამოჰკრავდა და ბალიშის ქვეშ მალავდა ხოლმე. როცა დაბრუნდება ჩემი ვაჟი, მისი ხასიათი ვიცი, არ დატოვებს ობოლს და ქვრივს პატივისცემის გარეშე, იმდენი ხარჯი ექნება, დასჭირდებაო.
*
დედა უეცრად, შვილის უნახავი გარდაიცვალა. შვილი დასაფლავებაზე ვერ ჩამოვიდა. თხუთმეტი წლის მონატრებული დედა გულში ვერ ჩაიკრა. აქამდე მოხუცის ხმით სულდგმულობდა. მობილურს დახედა და სიმწრით მოისმინა, ჯერ კიდევ წაუკითხავი, მშობლის ბოლო ხმოვანი შეტყობინებება:
– ექიმმა მითხრა, ასწლიანი ხარ, არაფერი აგტკივდებაო. შენ არ ინერვიულო, შვილო, მალე მოგცემენ საბუთს. მე ვერაფერი წამაქცევს. ხომ იცნობ დედაშენს.
რამდენი საქმეა ამ სახლში. იმხელა ეზო-კარი გვაქვს სავსე ყველაფრით. ახლა მხოლოდ შენი და შენი შვილების ჟრიამული მაკლია.
იცი?! წუხელ სიზმარში გნახე, ვითომ მოულოდნელად ჩამოხვედი და თავზე დამადექი მძინარეს… როცა გამოვიღვიძე, ოთახებში გეძებდი, ვერ გავერკვიე, ცხადი მეგონა.
ბელა ალანია

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ