სიახლეები

12 სახლი, 6 კომპანია, ჰარლი დევიდსონი, ავტოპარკი და 45 მილიონზე მეტი… – რა ქონებას ფლობს მშიერი თბილისის ტრენდული მერი

Loading...

ღარიბი დედაქალაქის მდიდარი მერის, კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონება, ჯერჯერობით, უხეში „დათვლებით“, 40 მილიონ დოლარზე მეტია. კალას სულ რაღაც 12 სახლი აქვს, 6 ბიზნესკომპანია, 4 ავტომანქანა და 3 „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლეტი, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძისგან აღებული მილიონიანი სესხები და მილიონიანი ანგარიშები უცხოურ ბანკებში. 
და როგორც პრემიერი გახარია იტყოდა, წერტილი. თუმცა ეს ყველაფერი – ჯერჯერობით – რადგან მისი უძრავი ქონება ყოველწლიურად იზრდება.
მაშ ასე, გავყვეთ მილიონერი მერის ქონებრივი დეკლარაციის მარშრუტს და ვნახავ, სად და რომელ მილიონიან „ფოინთზე” (წერტილზე) იქნება ბოლო გაჩერება.
როგორც უკვე იცით, ქონებრივი დეკლარაციების სამყაროში „2020NEWS“ მას შემდეგ გამოგზაურებთ უფრო მძაფრად, რაც მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ბაღდათში, საკუთარ სახლში გამომწვარი 4 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება “შეიცხადეს“, ვერ ვიჯერებთო.
სამტრედიელი მერის ტრენდული ბინები ვაკე-ვერაზე
დანიშნულების „ფოინთი“ პირველი: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციაში  სიახლეა.
დედაქალაქის მერს, 2018 წელს ორი საცხოვრებელი ბინა შეუძენია, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – ვერაზე.  კალაძემ, თბილისსში, მარო მაყაშვილის ქუჩის მესამე ჩიხში (ჩიხი #3) 258 კვ.მ და 203 კვ.მ ფართის ბინები – 928 ათას  414  და 774 ათას 875  ლარად იყიდა.
ტრენდული ბინების გარდა, მერს შეძენილი აქვს 12,5კვ.მ ფართობის სამი ავტოფარეხი, რომელთა ფასიც სამჯერ 80 ათას 184 ლარია. ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, ჯამში, კალაძეს ავტოფარეხებში –  240 ათას  549 ლარი აქვს გადახდილი.
2019  წელზე არანაკლებ უხვბინიანი იყო დედაქალაქის მერისთვის 2017 წელი. კალაძემ 2017 წელს თბილისსში, ვაკეში, ჭავჭავაძის N37 – ში ორი  საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რომელთა საერთო ფართი  200 კვ.მ-ია. იქვე შეძენილი აქვს 18.3 კვ.მ ავტოფარეხი. შეძენილი ბინების საერთო ღირებულება კი – 160 ათასი დოლარია. 
კახა კალაძე ვაკეში, 2006 წლიდან ცხოვრობს. იგი ჭავჭავაძის გამზირ N23ა-ში  ფლობს 367,6  კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც  მილიონერ მერს 71 ათას 280 ლარად აქვს შეძენილი.
პარალელურად კი,  კახა კალაძე დაბა წყენთში, გორგასლის ქუჩა N6-ში  650 კვ.მ ფართის სახლს იშენებს. დეკლარაციის მიხედვით, წყნეთის მშენებარე სახლი მას ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს შეძებნილი ნახევარ მილიონ ლარად. ვინაიდან  სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის, ბუნებრივია, მისი ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.
მიწის ნაკვეთისა და ქონების მფლობელი კალას მეუღლე, ანუკი არეშიძეცაა. მის  მფლობელობაშია, 2017 წელს შეძენილი მიწა და ამ ნაკვეთზე მდებარე  შენობა-ნაგებობა, რისი ღირებულებაც 390 ათასი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ანუკის სახელზე კალას დეკლარაციაში სხვა ქონება არ ფიქსირდება.
თავად კახა კალაძეს კი დეკლარაციაში დაბა ბაკურიანში 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიც უფიქსირდება. თუმცა, ეს ფართი ნახევარ მილიონ დოლარად უკვე გაუსხვისებია. 

კალას ტრენდული სანტა 2012-დან
ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისსში, კახა კალაძისთვის უზარმაზარი ქონება უჩუქებიათ.
კალაძე დეკლარაციაში წერს, რომ მას 2012  წელს, წყნეთში,  გურამიშვილის N10-ში  735,2 კვ.მ აგარაკი  აჩუქეს, ვინ უცნობია!
მას  ასევე საჩუქრად მიუღია, იქვე მდებარე 1 058კვ,მ  მიწის ნაკვეთი და  გურამიშვილის N8-ში მდებარე 1060 კვ.მ მიწის ნაყვეთი. საჩუქრის ავტორს დედაქალაქის მერი, რა თქმა უნდა, არ ამხელს.
ამავდროულად, თბილისის მოფუსფუსე მერს არ დაზარებია და სანტას საჩუქრებისთვის თავისი შენაძენიც მიუმატებია. თავად მას წყნეთში,  გორგასლის N7-ში მდებარე  1139  კვ.მ ფართობის  მიწის ნაკვეთი,  298  ათას დოლარად შეუძენია.
თუმცა, საჩუქრების სია ჯერ არ დაგვისრულებია, რადგან კალაძისადმი ნაჩუქარი ქონების ჩამონათვალი ამით არ  იწურება.  თანმიმდევრულად მივყვეთ დეკლარაციის მარშრუტს და  წყნეთიდან თბილისში გადმოვინაცვლოთ.
2012  წელსვე  მერისთვის უჩუქებიათ თბილისში, საბურთალოზე, ბურძგლას  ქ. N76/78/80  მდებარე 396 კვ.მ ფართი და ზედ დაუყოლებიათ, იქვე მდებარე 35კვ.მ ავტოფარეხიც.
კალას კლაუსის ვინაობას არც ამ შემთხვევაში გვიმხელენ ცნობისმოყვარე თავებს. არადა, ამ საჩუქრების სიაც რომ არ მთავრდება. მორიგი საჩუქარი უცნობი სანტასგან ასევე 2012 წელსაა გაცემული, ამჯერად კალას მშობლიურ სამტრედიაში.
ნაჩუქარი, 2 ათას 380 კვ.მ ფართობის  მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, რესპუბლიკის ქ. N207-ში მდებარეობს. ნაჩუქარ მიწის ნაკვეთს ასევე საჩუქრად მოჰყოლია იქვე მდებარე, 410 კვ.მ ფართობის სახლი.
კალაძე სამტრედიაში  სხვა ფართებსაც ფლობს, 2013 წელს მას სამტრედიაში, რუსთაველის ქ. N33-ში  60 ათას დოლარად 93.9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართიც  – 55 ათას დოლარად შეუძენია.
 



სამტრედიიდან კიევისკენ
მარშრუტი თბილისი-წყნეთი-სამტრედია დასრულდა და კალას ქონების აღწერისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავდივართ.
მოკლედ, მთელი თბილისი და წყნეთი ხომ იყიდა და იჩუქა, სამტრედიაც ხომ მოჰყვა ხურდაში საჩუქრად, დეკლარაციაში წერია, რომ კალაძე უკრაინის დედაქალაქ კიევშიც ორ ბინას ფლობს.
მას შევჩენკოს გმზირზე, 250 კვ.მ ბინა, 2005 წელს 700 ათას დოლარად აქვს შეძენილი, ხოლო გამარჯვების გამზირზე მდებარე 220 კვ.მ ბინა 150 ათას დოლარად 1997 წელს შეუძენია.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, კალაძეებს უკრაინაში მდებარე ბინები გაქირავებული აქვთ. ბინების გაქირავებიდან კი, შემოსავლის სახით, 240 ათასი დოლარი მიუღიათ.
ასევე დეკლარაციაშივეა მითითებული, რომ კალაძეს უკრაინაში მიწის ნაკვეთი გაუსხვისებია, საიდანაც შემოსავლის სახით, ნახევარი მილიონი დოლარი აქვს მიღებული.  
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, კალაძე ასევე ფლობს საცხოვრებელ ბინებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, მილანში, თუმცა დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერი წერია.
ფერწერა და ფეხბურთელი მერი
როგორც ჩანს, დედაქალაქის მერი მხატვრების, ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის თაყვანისმცემელია, მის კოლექციაში ამ მხატვრების სამ-სამი ფერწერული ტილოა.
ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოებში მას 2000/2005 და 2007  წლებში 20 ათასი, 50 ათასი და 120 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.
ხოლო, ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილოები 15 ათას და 40 ათას დოლარად აქვს შეძენილი. ელენე ახვლედიანის ერთი ფერწერული ტილო მას აჩუქეს.
ტრენდული ავტოპარკი
2018 წელი მატების წელი ყოფილა მილიონერი მერის, მდიდარი ავტოპარკისთვისაც. მართალია, კალაძეს თბილისის ქუჩებში ელექტრომობილით ხშირად ხედავენ, მაგრამ როგორც ჩანს, მერი თბილისელების მზერის მიღმა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების კოლექცისაც აგროვებს.

კახა კალაძეს  2018 წელს, 47 ათას ევროდ 2017  წელს გამოშვებული „BRABUS ULTIMATE 125“  შეუძენია.
მის საკუთრებაშია, 66 ათას 116  ლარად შეძენილი,  2018 წელს გამოშვებული „TOYOTA CAMRY“.
კალაძის ავტოპარკში ასევე დგას, 2016 წელს შეძენილი და ამავე წელს გამოშვებული „HARLEY-DAVIDSON VR1“,  რომელიც  20 ათას ევროდ აქვს შეძენილი.
მის ავტოპარკში ასევე დგას 2016  წელს  50 ათას ევროდ შეძენილი  „FIAT 500 ABARTH“ –  სახელმწიფო ნომრით 1.
კალაძის ავტოპარკშია  2008  წელს 28 ათას დოლარად და  25 ათას ევროდ შეძენილი  „HARLEY-DAVIDSON“-ის  2007  წელს გამოშვებული 2 მოტოსატრანსპორტო საშუალება.
გარდა ამისა, გასულ წელს ანუკი არეშიძესა და კახა კალაძეს გაუსხვისებიათ ის ავტომანქანებიც, რომლებიც აღარ მოსწონდათ.
მაგალითღად, კახა კალაძემ 2017 წელს გამოშვებული  „FIAT 500ABARTH“ –  20 ათას დოლარად გაყიდა, ხოლო 2018 წელს გამოშვებული „TOYOTA LAND CRUISER 200“ –  58 ათას დოლარად.
მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ კი ასევე გაასხვისა  2017 წელს გამოშვებული „TOYOTA LAND CRUISER 200“ – 121 ათას 445 ლარად, ხოლო „RANGE ROVER SPORT SVR“ – 100 ათას ევროდ.
თუმცა, არეშიძემ შეიძინა ახალი, 2018 წელს გამოშვებული, ასევე -„RANGE ROVER SPORT SVR“ –  351 ათას 456 ლარად.


სულ დოლარები, ევროები, ლარები და ცარიელი ანგარიშები
კახა კალაძეს, დეკლარაციის შევსების მომენტში, „ინტეზა სანპაოლოს“  ბანკში 4 მილიონ 400 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა, ხოლო  Jiulius Baer ბანკის ანგარიშზე 3 მილიონ 700 ათასი ევრო.
სხვათაშორის და ალბათ ბუნებრივიცაა, დედაქალაქის მერს ქართულ ბანკებში სესხები უფრო მეტი უფიქსირდება, ვიდრე – ანგარიშებზე შენახული თანხები
დეკლარაციის შევსების მომენტში, ქართულ ბანკებში, კერძოდ კი „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ბარათზე მას  49 ათას 433 დოლარი ედო. ასევე აღსანიშნავია, რომ კალაძეს 20-მდე საბანკო ანგარიში აქვს სხვადასხვა ბანკში და იქ ნაშთის სახით არსებული თანხა ამ თანხებთან შედარებით ძალიან მცირეა, ამიტომ ყურადღება აღარ გავამახვილეთ.
სამაგიეროდ, ქართულ საბანკო ანგარიშებზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა აქვს მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს.
ანუკი არეშიძეს,  დეკლარაციის შევსების მომენტში „ვითიბი ბანკში“ 148 ათას 436 ევრო ჰქონდა ანგარიშზე, ხოლო, „თიბისი“ ბანკში“ – 23 ათას 501 ლარი.
კახა კალაძის მსგავსად, ანუკი არეშიძეს სხვადასხვა მიმდინარე ანგარიშებზეც აქვს თანხა, თუმცა, არც ისე საინტერესო, რადგან კალაძე-არეშიძის წყვილისთვის  ეს თანხა„ხურდა ფულია“.
დეკლარაციის შევსების მომენტში, კახა კალაძეს  ნაღდი ფულის სახით 11 ათასი ევრო და 9 ათასი დოლარი ჰქონდა, ხოლო ანუკი არეშიძეს 8 ათასი ლარი.
მართალია, ჩვენ ვიცოდით, რომ თბილისის მერი ხელფასს არ იღებდა, მაგრამ დეკლარაცია  სხვა რამეს ამბობს.
კახა კალაძეს გასულ წელს დედაქალაქის მერისთვის განკუთვნილი ხელფასი აუღია – 29 ათას 917 ლარი და 44 თეთრი.
რამდენი ისესხა კალაძემ ივანიშვილისგან და რამდენი – ხაზარაძისგან ?!
კახა კალაძეს გასულ წელს,  სესხის სახით, გაცემული აქვს 802 ათასი ლარი.
მერს 516 ათას 297 დოლარი და  2 მილიონი დოლარი „კალა კაპიტალისთვის“  უსესხებია.
ეს რაც შეეხება გასესხებულ თანხებს, თუმცა, თავად თუკი ვინმე მილიარდერ-მილიონერია საქართველოში და თან ბანკი აქვს, ყველასგან აქვს აღებული სესხი.
ჰოდა, არც მეტი და არც ნაკლები, კალაძეს „ქართუ ბანკიდან“ 1 მილიონ 767 ათასი, 110 ათასი და 462 ათასი დოლარი აქვს ნასესხები.
და ასევე არც მეტი და არც ნაკლები, მერობის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2022  წლამდე უკან უნდა ჩააბაროს ნასესხები „თავანი“ ბიძინა ივანიშვილის „ქართუს“.
კალაძეს ვალის აღება მამუკა ხაზარაძისგანაც მოუსწრია. „თიბისი  ბანკში“  410 ათასი დოლარი, ხოლო  „საქართველოს ბანკში“  1 მილიონ 150 ათასი დოლარი აქვს აღებული თანმიმდევრობით.

Loading...


კახა კალაძეს 2018 წელს, 640 ათასი დოლარი აქვს ნასესხები „საქართველოს ბანკიდან“, რომელიც 2033  წლამდე უნდა დაფაროს.
სხვათაშორის, კალას სესხის აღება და ასევე სხვათაშორის, ვალის  ვადაზე ადრე დაფარვა უფიქსირდება სხვა ბანკებშიც. დაფარული ვალების საერთო რაოდენობა, 1 მილიონ 100 ათასი ლარი და 150 ათასი დოლარია.
კალაძეს, ასევე აქვს აღებული სესხი „ვითიბი“ ბანკში  2 მილიონ 120 ათასი ევრო, რომელიც 2029 წლამდე უნდა დაფაროს.
მოკლედ, ბანკი არაა დარჩენილი, სადაც კალაძეს სესხი არ აქვს აღებული.
კალაძის წილები და ხარჯები
ჩვენი მარშრუტის შემდეგი გაჩერება კალა და კომპანიებია. რა გასაკვირა, რომ კახა კალაძე 6 შპს-ში ფლობს წილს.
მას  2019 წელს შპს „კოლხეთის“ 100%-იანი წილი 10 მილიონ დოლარად აქვს შეძენილი.
აქედან ოთხ შპს-ში 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ორ კომპანიაში 50% და 33%-იანი წილის მფლობელი გახლავთ.
კახა კალაძე ქველმოქმედებისთვისაც არ იშურებს თანხას.  გასულ წელს 270 ათასი ლარი აქვს გაცემული. აქედან „ქართული ოცნებისთვის“ 50 ათასი ლარი შეუწირავს. 
რად შეეხება გასავალს, ოჯახის კომუნალურ გადასახადებში გადახდილმა თანხამ 42 ათას 502 ლარი და 57 ათას 285 ლარი შეადგინა.
საოჯახო და პირად ხარჯებში კალაძეებმა 30 ათას 336 დოლარი, 368 ათას 027 ლარი და 431 ათას180 ევრო გადაუხდიათ.
დაცვის პოლიციისთვის  კი,  კალაძეების ოჯახს 17 ათას 645 ლარი აქვთ გადახდილი.
ასეთია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ახალი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 31 იანვარს შეავსო და  22 გვერდიანია. უხეში დათვლებით, მის მიერ შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება დაახლოებით 40  მილიონ დოლარზე მეტია.

წყარ: 2020news.ge

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close