საზოგადოება

პატრიარქის ლოცვა- კურთხევა ქართველ ერს – მის მიერ დაწერილი ვედრება ღვთისმშობლისადმი ერისა და ქვეყნის გადასარჩენად ყოველდღიური ლოცვისათვის!

loading...
loading...

გაავრცელეთ !!! სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა- კურთხევა ქართველ ერს – მის მიერ დაწერილი ვედრება ღვთისმშობლისადმი ერისა და ქვეყნის გადასარჩენად ყოველდღიური ლოცვისათვის !!!, – “დედაო ღვთისა, გარდამოიხილე ჩვენზე და გვაცხოვნე ჩვენ!ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ მამულსა – საქართველოსა ზედა და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა.
წყალობითა შენითა კვლავ აღგვადგინე, მშიერნი დააპურე, შიშველნი შემოსე, საპყრობილესა შინა მყოფნი განათავისუფლე და სიმართლის გზაზე დააყენე; უძლურნი განკურნე, მტირალთ ნუგეში ეც, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიეც და სულიერად აღამაღლე, ასაკოვანნი სიბრძნით აღავსე და მათი შთამომავალნი კეთილდღეობით გაახარე.
დედაო მოწყალეო, მოგვეც სიმტკიცე რწმენისა; სასოება, შიში ღვთისა და შეუორგულებელი სიყვარული ეკლესიისა და მოყვასისა; ერთგულება მამულისა და ქართული ენისა; მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი; გონება მახვილი და ღრმა; სხეული ჯანსაღი და უვნებელი; განამტკიცე ოჯახები ქართველთა და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლით; აღავსე ბეღელნი ჩვენი პურითა და ვენახები ჩვენი – ყურძნითა; განამრავლე მოსავალი მიწისა და მონაგები პირუტყვთა.
ღვთისმშობელო დედაო, შეცთომილნი ძენი და ასულნი ივერიისანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენე, უცხოეთში მყოფი ქართველნი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე; მტრად მოსულნი უცხო ტომნი ჩვენს უვნებლად თვისავ ქვეყანასა შინა განაწესე, ხოლო ჩვენ, მკვიდრთა საქართველოისათა, მოგვეც ძალი ურთიერთთანადგომისა, რათა მწუხარეთა თანა ვტიროდეთ და შევეწეოდეთ მათ, ხოლო მხიარულთა თანა ვიხარებდეთ.
დედაო მარიამ, ერი ქართველთა, მთავრობა, მხედრობა და ეკლესია ჩვენი სულიერად შეჰკარ და აღდგენილსა მამულსა შინა ჩვენსა ერთ განუყოფელ სამწყსოდ ღვთისად დაადგინე; ტაძრად შენდა ჰყავ საქართველო და ხილულ და უხილავ მტერთაგან კეთილსურნელ იათა მახვილითვე მარად დაიცევ.
მერმეცა გევედრები, რათა შეეწიო მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა ახლობელთა და წინაპართა და სულნი მათნი შენის მეოხებით სავანესა მართალთასა დააწესენ.


განუზომელია წყალობა შენი ჩვენ ზედა, ღვთისმშობელო დედაო, დიდებასა და მადლობასა გწირავთ შენ, მეოხო ჩვენო, შენს ფერხთა ქვეშ განვაფენთ გულთა ჩვენთა და კანდლად აღგინთებთ ლოცვასა ჩვენსა; ზეცისა სასუფეველიდან ვიდრე საქართველომდე, ვითარცა ფიანდაზსა დაგიფენთ სიყვარულსა ჩვენსა და მთელის ქვეყნის ყვავილებით განვამშვენებთ მას.
მუხლმოდრეკით შეგთხოვ, არ განგვშორდე არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და სრულიად საქართველო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მარჯვენით დაადგინე, რათა შენთანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა – მამასა, ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ“.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close