სიახლეები

საიდან დაიწყო ტრაგედია – “ერთ-ერთ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და კერძო ნაქირავებ სახლში 35-40 კაცი დაპატიჟა…”

loading...
loading...

19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მის კვალს მყვინთავებმა მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, დაგუბებულ წყალში მიაკვლიეს. ფეხბურთელის ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა, მდინარე არაგვის ხიდიდან, ანუ იმ წერტილიდან, სადაც შაქარაშვილის კვალი გაქრა, დაახლოებით 2-3 კილომეტრში იპოვეს.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც, რომლებმაც ცხედრის პირველადი დათვალიერება ადგილზეც შეძლეს. აღენიშნება, თუ არა გარდაცვლილს დაზიანებები და ძალადობის კვალი, უცნობია – სპეციალისტები დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ.
ახლგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი თბილისში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის მეგობრების ნაწილი მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს.


დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრები კი ოქროს მოწმეზე დაყრდნობით ამბობენ, რომ 19 ივნისს ნაქირავებ აგარაკზე დიდი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს საქმის გარჩევის მიზნით, თბილისიდან 2 ავტომობილით ახალგაზრდების ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც ნაძალადევის რაიონიდან იყვნენ.
მონაყოლის მიხედვით, ისინი ფიზიკურად წვეულების სტუმრებს ჯერ აგარაკზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცენტრალურ მაგისტრალზე. საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, შავი ფერის, რომლის მარკაც უცნობია და ნაცრისფერი “მერსედესი”, რომელიც 20 ივნისს პოლიციამ ნივთმტკიცებულების სახით ამოიღო.
ასევე ცნობილია, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს, თუმცა მისი მონაყოლის მიხედვით, ნაკაწრები მან დამალვის დროს მიიღო. სწორედ გურამ ამირხანაშვილია ის პირი, რომელმაც მონათხრობის მიხედვით გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.
მცხეთის პოლიციაში 4 დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები არ გაჩერებულა, “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზნით მიყვანილი იყო ვახო ახვლედიანი, წვეულების ის წევრი, რომელმაც კონფლიქტის დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო.
ამ საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილიც ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა. როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა:
“ერთ-ერთ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და მან კერძო, ნაქირავებ სახლში, დაახლოებით, 35-40 კაცი დაპატიჟა. მათგან ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგი – არა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ადამიანი საერთოდ პირველად ნახა. როგორც ის ამბობს, ადამიანები, რომლებიც მას იქ დახვდნენ, როცა მივიდა, მთვრალები იყვნენ. ის დაახლოებით 5-10 კაცთან ერთად მივიდა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, მხიარულობის პროცესში მათ გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და გარეთ გავიდნენ. რატომ მოხდა ეს კონფლიქტი და ვის შორის მოხდა, არ ვიცით. 
ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად წვეულებაზე მისული პირები წამოვიდნენ. ჩხუბი მორჩენილი იყო. შემდეგ სხვა მანქანა მისულა და ამ ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს. ვინ არიან მეორე მანქანით მისული პირები, რა შურისძიების წყურვილი ჰქონდათ ან რა გარჩევა იყო, როდესაც მივიდნენ, არ ვიცი. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, ჩხუბის დროს იყო თუ არა იქ გიორგი, მან მიპასუხა, რომ მას შაქარაშვილი არ დაუნახავს”, – განაცხადა მზია ქასრაშვილმა…
გიორგის გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, იყო ლაპარაკი, რომ თითქოს ის მცხეთში შეყვარებულის სანახავად ჩავიდა, რასაც თითქოს კონფლიქტი მოჰყვა, თუმცა ახლობლების თქმით, ეს მხოლოდ ჭორებია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება 3 არასრულწლოვანი, რომელთა მიმართ გამოძიებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს.  გიორგის ახლობლები და მეგობრები კი სოციალურ ქსელში უკვე წერენ, რომ დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. იმედია, სამართლადამცავები დროულად გაარკვევენ რა მოხდა და რას ემსხვერპლა ახალგაზრდა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close