სიახლეები

ვინ არის ის 6 პირი, რომელიც “ტოიოტა ქამრიში” იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?

loading...
loading...

მოგეხსენებათ, 10 ივლისს, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად დადგენილია ასფიქსია წყალში დახრჩობით.  “ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათამსუბუქი ხარისხის ნიშნებს”, – ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით კი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა
შეგახსნებთ, ამ საქმის ფარგლებში 17 ადამიანია დაკავებული.


გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნაა, რომ “ტოიოტა ქამრიში” მყოფ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, მათ ბრალად წაუყენონ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი.
ვინ იჯდა “ტოიოტაში ქამრიში”?
სამართალდამცავთა მიერ მიღებული ჩვენებების მიხედვით, ავტომობილში ისხდნენ: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ასევე – ორი არასრულწლოვანი: ა.ქ. და ზ.ხ. საქმის მასალების მიხედვით, მათგან 3 ახალგაზრდა წვეულებაზე არ იმყოფებოდა და ისინი ნაძალადევის რაიონიდან წავიდნენ, ვახტანგ ჩიქოვანის ორგანიზებით, ჩიქოვანისვე “ტოიოტა ქამრით”, რომელსაც, გამოძიების მასალების თანახმად, მართავდა ვასილ მახარაძე.
საგამოძიებო მასალების მიხედვით “ვახტანგ ჩიქოვანი თავისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, ფიზიკური ძალის მობილიზებისათვის თავისი და გიგა ტატიაშვილის ავტომობილებით თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდა თბილისში”.
27 ივნისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ ჩიქოვანმა ნ.ც.-სა და გიგა ტატიაშვილთან ერთად მობილიზება გაუწია ფიზიკურად ძლიერი პირების შეკრებას, რის გამოც ნაძალადევის რაიონში მიაკითხეს ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ნიკა ჟვანიას და წაიყვანეს მცხეთაში.
დღემდე გავრცელებული ინფორმაციით, იმ ტრაგიკულ ღამეს მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად “მერსედესში” მყოფი პირები დაესხნენ თავს, რომელსაც ძიუდიოისტი გიგა ტატიაშვილი მართავდა, “მერსედესის” წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე მალევე “ტოიოტა ქამრი” მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი ახალგაზრდები გაიქცნენ, “ტოიოტას” მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ დაიკარგა ახალგაზრდა ფეხბურთელი. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close