
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, 19 ივლისს, სისხლიან გარჩევას 32 წლის კახაბერ თეგეტაშვილი ემსხვერპლა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც თანაუბნელმა 28 წლის თ.ი.-მ თეგეტაშვილი ზურგისა და ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.
კახა თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელი იყო, 4 წლის განმავლობაში საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო.
მისი ცოლი და ერთი ვაჟი უცხოეთშია. გარდაცვლილის ახლობელი მომხდარის ვერსიაზე საუბრობს:
“ღამით მეზობლები კორპუსის ეზოში სვამდნენ, ჩხუბობდნენ და ხმაურობდნენ. კახა ჩასულა და უთქვამს, ხმადაბლა ილაპარაკეთ, აქ ხალხი ცხოვრობს და ვწუხდებითო. ეს იუკადრისეს და ამას მოჰყვა კონფლიქტი. მერე ერთ-ერთი, გვარად, იუსუპოვი კახას უკნიდან მიეპარა და ზურგში, გულის მხარეს დაარტყა დანა. სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. კახა ძალიან პოზიტიური, მხიარული და კარგი ადამიანი იყო.” – აღნიშნავს გარდაცვლილის ახლობელი.ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.