
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ქალს, ცხრა შვილის დედას სოციალური მომსახურების სააგენტომ შვილები ჩამოართვა და მინდობილობით აღზრდაში გადაიყვანეს. პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძის სტატუსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოყვა:
“როგორც დღეს გახდა ცნობილი, სოციალურმა მუშაკმა პოლიციის დახმარებით ფუტკარაძეების ოჯახის 9 შვილი ერთად წაასხა სახლიდან, იძულების წესით. 9 შვილის დედა , მადონა ფუტკარაძე საზოგადოებას თანადგომის თხოვნით მიმართავს ( ბავშვების წაყვანის მიზეზი, ოჯახის შეჭირვებული სოციალური ფონი!!) რა ხდება ქვეყანაში, ლეკიანობა დაიწყო?! ვინმემ შეიძლება საჯარო განმარტება გააკეთოს აღნიშნულზე?..” – წერდა ლორთქიფანიძე.
ფუტკარაძეების 9 შვილიანი ოჯახის ტრაგედიამ, რაც დღეს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, დიდი რეზონანსი გამოიწვია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც! ძალიან ბევრი წარმომადგენელი გვწერს ემიგრაციიდან და ცდილობს საკუთარი პროტესტის ხმა შეუერთოს საყოველთაო საზოგადოებრივ აღშფოთებას, რაც გამოწვეულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში, ერთი ოჯახიდან, ერთდროულად 9 არასრულწლოვანი წევრის , – ბავშვების გაყვანით, სოციალური მუშაკების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე! მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება მაინც იქნა აღსრულებული იძულების წესით!!! ეს წუთია, პეტერბურგიდან დამიკავშირდა ჩვენი თანამემამულე, ბატონი ილია ძოწენიძე და მთხოვა, საჯაროდ განმეცხადებინა მისი ნება, რომ მას აქვს სურვილი, ყოველმხრივი კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოს ფუტკარაძეების მრავალშვილიან ოჯახს, რაც გამოიხატება, როგორც ფინანსურ დახმარებაში, ასევე სათანადო პირობების შექმნაში, რომ ეს ოჯახი დაკავდეს აგრარულ-სამეურნეო საქმიანობით, ბავშვებმა მიიღონ სათანადო განათლება, ოჯახი აღიჭურვოს სოფტექნიკით, მათ საკუთრებაში გადაეცეთ ფერმერული საქმიანობის განხორციელებისთვის საკმარისი მიწის დიდი ფართობი, უზრუნველყოფილ იყვნენ ჯანმრთელობის დაცვის პრემიალური პაკეტით და ყველა იმ სერვისით, რაც ამ ოჯახის განვითარებას და მდგრადობას შეუწყობს ხელს! ბატონი ილია ძოწენიძის თხოვნით ვასაჯაროებ მის საკონტაქტო ნომერს:+7(912) 425-27-22. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები!!! გავრცელებულ ინფორმაციას უამრავი ინტერპრეტაცია მოჰყვა. წერდნენ, რომ ოჯახს შვილები მხოლოდ იმ მიზეზით წაართვეს, რომ ეზოში ჩეჩმა ედგათ. ასევე წერდნენ იმასაც, რომ სოროსის გეგმა იყო, რომ ოჯახები შვილების გარეშე უნდა დარჩენილიყვნენ. ზოგის ფანტაზია უფრო შორს წავიდა და ორგანოებით ვაჭრობამდე მივიდნენ. რეალობა კი ცხადია სხვანაირი აღმოჩნდა.
AMBEBI.GE-ს თხილნარის რწმუნებულმა თამაზ წულიკიძემ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:
– კონკრეტულად ვერ გეტყვით რა მიზეზი იყო, მაგრამ ამ ოჯახს სოციალური სააგენტო არაერთხელ დაეხმარა. ძროხა უყიდეს, ეხმარებოდნენ, გვერდში ედგნენ. მე როგორც სოციალურმა აგენტმა, გადმომცა ინფორმაცია, ოჯახი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს და ამის გამო ბავშვები წაართვეს. 6-7 თვის წინ სოციალურ აგენტს შევხვდი და მითხრა, რომ პრობლემები იყო.
– ანუ ბავშები იყვნენ ცუდ პირობებში?
– დიახ, ასე გამოდის, რომ ბავშვები უყურადღებოდ და ცუდ პირობებში იყვნენ.
– ალბათ ოჯახს სოციალური შემწეობაც ექნებოდა…
– დიახ, ძალიან ბევრი დახმარება ჰქონდათ. სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ, სოციალური სააგენტოს მხრიდან და მიუხედავად ამისა, დედის უყურადღებობით თუ რაღაც, სოციალურმა სააგენტომ გადაწყვიტა ჩამოერთვა ბავშვები. ოჯახს ვიცნობ, მისულიც ვარ, მაგრამ პირობები არ აქვთ.
– თუ მთავრობა ეხმარებოდა, ხომ შეეძლოთ პირობების შექმნა?
– მაგას ვერ გეტყვით, მცირეწლოვან ბავშვს ხომ ყურადღება სჭირდება, სკოლაში მიყვანა, მოწესრიგება, ამ საკითხებზე ჰქონდა სოციალურ აგენტს პრობლემა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი, ცისანა ჩიკვაიძე ჩვენთან საუბარში ოჯახის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვიყვება:
– ამ ოჯახთან ვმუშაობთ 2009 წლიდან, ოჯახი ჩართული იყო რეინტეგრაციის კომპონენტში, სახელმწიფოდან ეძლეოდათ ყოველთვიური დახმარება. გარდა ამისა, ყოველი ბავშვის დაბადებაზე სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა კვებითი ვაუჩერის გაცემა ერთ წლამდე. ყოველივე ამის შემდეგ, რადგან არ ჰქონდათ სტაბილური თავშესაფარი ბათუმის მერიის მიერ ქალაქის ცენტრში გადაეცათ 120 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, 72 ათასი ლარი ჩაერიცხათ რემონტისთვის.
გარდა ამისა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა. ასეთი ორგანიზაციაა “საქართველოს ბავშვები”, რომელთაც არაერთხელ მიუტანეს ქვეშაგები. ვიძიებდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და “ნოუთბუქიც” კი აჩუქეს ბავშვს, სარეცხი მანქანა და მაცივარი. პერიოდულად ხდებოდა ამ ოჯახის გაძლიერება. რადგან ვერ დააკმაყოფილეს მაინც მოთხოვნები, ყველანაირი კანონის დაცვით გამოყვანილები იყვნენ ეს ბავშვები.
– ბათუმის სახლში არ ცხოვრობდნენ?
– ეს სახლი გაყიდეს და შეიძინეს სოფლად, რადგან მრავალშვილიანი დედა იყო იფიქრეს, რომ უკეთესად იქნებოდნენ თუ ბავშებს ექნებოდათ საკუთარი ეზო. მე პირადად ამ ბინის გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ბათუმის მერიაში მითხრეს, რომ საჩუქარია და თავად განკარგავენ, ჩვენ უკვე ჩარევის უფლება არ გვქონდა. შეიძინეს კერძო სახლი საკუთარი ეზოთი, მაგრამ მშობლების უნარ-ჩვევების ნაკლებობა იყო მიზეზი, უფრო მეტად დედის.
– გაყვანისას ბავშვების მხრიდან ხომ არ იყო წინააღმდეგობა.
– ჩემი ინფორმაციით, არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა, მინდა, კიდევ გითხრათ, რომ ყველა საჯარო სკოლაში, სადაც მონაცვლეობდა ეს ოჯახი, დირექციაც საქმის კურსში იყო და არაერთი დახმარება გაუწიეს ოჯახს. ფინანსური დახმარება, მატერიალური, კვების პროდუქტებით, ყოველთვის გვერდით ვედექით ოჯახს.
ბავშვების მიმართ იყო უგულებელყოფა. დანარჩენზე, მეტად აღარ დავკონკრეტდები. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ კანონის დაცვით მოხდა ამ ბავშების გამოყვანა. სახეზე იყო მშობლების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფა – რაც ძალადობის ერთ-ერთი სახეა. ბავშები იყვნენ მოუვლელები და მოუწესრიგებლები, ყველა ის საჭირო უნარჩვევა და მზრუნველობა, ეს ბავშვები მოკლებულები იყვნენ ყველაფერს.