
გუშინ, გვიან ღამით ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გარდაცვლილები მახინჯაურში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები არიან – მედიკო შარაშიძე, მისი რძალი ნათია სურმანიძე და მედიკო შარაშიძის მცირეწლოვანი შვილიშვილი.
ოჯახი ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გვიან ღამით იდგნენ და ოჯახის ახლობელს აცილებდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ტაქსის ნიშნით მოძრაობდა, ქვეითად მყოფებს დაეჯახა.
“ახლაც შოკში ვარ, მიჭირს იმის გადმოცემა, რაც ვნახე. ჩვენ გამვლელები ვიყავით. ავარია ახალი მომხდარი იყო. ბავშვი რომ დავინახეთ ჩამოვედი. არავინ მიდიოდა ბავშვთან. მხოლოდ მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გთხოვთ, გადაარჩინოთო.
ბავშვს პულსი სუსტი ჰქონდა. მასაჟი გავუკეთე, მერე გავიგონე ვიღაც ამბობდა, კიდევ არიან დაშავებულებიო. გავიხედეთ და ოჯახის წევრები იყვნენ მიმოფანტული. ბაბუა გაუცილებიათ მოსკოვში. ყველა განწირული კიოდა, საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი” – განუცხადა “ამბებს” თვითმხილველმა.