სიახლეები

კვირიკაშვილის მამის ბიზნესი, ერთ დღეში ნაშოვნი ასეულობით ათასი ლარი და ახალი გადანაწილება ბაზარზე

loading...
loading...

შესაძლოა, არ იცით, მაგრამ… პური გაძვირდა. პურის მწარმოებლები ახლა აუცილებლად მოგვედავებიან, ტყუილია, არ გაძვირებულაო, მაგრამ ჯერ ერთი, რამდენიმე კომპანიამ 5 და 10 თეთრის მომატება გუგულის კვერცხივით შეგვაპარა, კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი პროდუქტს წონაში დააკლო. თუ არ გჯერათ, აწონეთ ბატონებო და თავად მიხვდებით. ახლა, ვიღაც იტყვის, 30 და 40 გრამი არაფერიაო, მაგრამ ეგ არის 5 და 10 თეთრი, სხვა კი არაფერი. ეს ის გაძვირებაა, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულის მიწურულს დავაანონსეთ და რომელზეც გვითხრეს, თუ გაძვირდება, ხალხი ვერ იგრძნობსო. მართალიცაა, ხალხი იმ 30 და 40 გრამს ნამდვილად ვერ გრძნობს და ამიტომ, ორივე მხარე ბედნიერია.
სამაგიეროდ, წიწიბურამ დაიკლო არნახულად და მისი ფასი ლამის სამჯერ შემცირდა. ეს იმის ბრალია, რომ საყოველთაო კარანტინის დროს, მოსახლეობა სწორედ წიწიბურას მიეძალა, პარალელურად, შემომტანმა კომპანიებმა დიდი მარაგები გააკეთეს, აქაოდა, თუ რამე, სხვაობას სახელმწიფო ფარავსო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, ხელისუფლებამ სხვაობის დაფარვაზე უარი განაცხადა და ასე შერჩათ კომპანიებს საჭიროზე ათჯერ მეტი წიწიბურა. ამიტომაც, პროდუქტი ჩრჩილმა რომ არ შეუჭამოთ, იძულებულნი არიან, იაფად გაასაღონ, მაგრამ ზაფხულის პერიოდში, წიწიბურაზე მეტად კიტრი და პომიდორი რომ იყიდება, ახალი ამბავი არაა. აი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხახვი და კარტოფილიც გახდება და აგერ თქვენ და აგერ ჩვენ, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტმა წიწიბურას დიდი პარტია არ დაურიგოს ამომრჩეველს. რატომ? იმიტომ, რომ შემომტანი კომპანიები ხელისუფლებასთან ახლო კავშირში არიან და ხომ არ იზარალებენ?!


რადგან გაძვირებაზე დავიწყეთ საუბარი ისიც ვთქვათ, რომ საყოველთაო მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ანტირეკლამებიც გააქტიურა. ამიტომაცაა, ყოველდღიურად რომ გვესმის, რომ უცხოეთიდან შემოტანილ ამა თუ იმ პროდუქტში რკინის საჭიროზე მეტი რაოდენობაა და მათი მოხმარება უსაფრთხო არ გახლავთ. დაზუსტებით ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველოში ნაწარმოები სოფლის მეურნეობის პროდუქციას მეზობელ ქვეყნებში არნახული გასაღება აქვს და რა შემოგვაქვს სანაცვლოდ, ეგ სხვა საკითხია. ისე, ისიც უნდა გახსოვდეთ, უნალექობის გამო, სამცხე-ჯავახეთში კარტოფილისა და მარცვლეულის მოსავალმა რომ ვერ ივარგა და ზამთრის გადატარება თურქულ თუ ირანულ კარტოფილზე მოგვიწევს. ეს ყველაფერი კი იმ მარტივი მიზეზის გამო გიამბეთ, ქართულ ბაზარზე არსებული მარცვლეული კულტურების შესახებ რომ მოგიყვეთ.
მაშ, ასე – გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მამამისმა კახეთში ისედაც დიდი და მძლავრი მეურნეობა კიდევ უფრო გააფართოვა და მარცვლეულის მოყვანის მიმართულებით, მონოპოლისტი გახდა. კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, მამას ფრთები კი შეეკვეცა, მაგრამ ის კვლავ რჩება შიდა ბაზარზე ერთ-ერთ მძლავრ მოთამაშედ. ეს მაშინ, როცა მარცვლეულის შემომტანი მთავარი კომპანიების უკან რამდენიმე პარლამენტარი და… უჩა მამაცაშვილი დგას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქართული ბაზარი დღეში დაახლოებით 500 ტონა სიმინდს მოიხმარს, ანუ 500 000 კილოს. სიმინდი უმთავრესად რუსეთიდან შემოდის და კილოზე შემომტანი დაახლოებით 30 თეთრს იგებს, ანუ დღეში 150 ათას ლარზეა საუბარი. ეს მხოლოდ სიმინდი, თორემ ორი ამდენი კიდევ ხორბალია და მოგების თითქმის იგივე მარჟით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის ჯიბეში დღეში დაახლოებით 500 ათასი ლარი უნდა წავიდეს და როგორ გგონიათ, ამ თანხას ვინმეს დაუთმობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი?! ახლა არ დამიწყოთ, ამ ყველაფერს კონკურენციის სააგენტო აკონტროლებს და ცდილობს, მონოპოლია ხელში არავის ჩაუგდოსო. ნურას უკაცრავად, მონოპოლიის ხელში ჩაგდება კი არა, იმ კონკურენციის სააგენტოს როცა უნდათ, მაშინ მიახურავენ, თუ პირში წყალს არ ჩაიგუბებენ და აკი ჩაგუბებულიც აქვთ, მათი ხმა ბოლოს როდის გაიგეთ, თუ შეგვახსენებთ, კარგი იქნება. ჰო, მხოლოდ ხმა კი არა, მათ მიერ აღმოჩენილი ერთი დარღვევა გვითხარით.
სიმინდსა და ხორბალზე მიბმულია საქართველოში მოქმედი ფერმების უმრავლესობა. ახლა, კი გვეუბნებიან, რამდენიმე დიდ ფერმას საკუთარი ნათესები აქვს და საკუთარი მარცვლეულით კვებავს ქათამსო, მაგრამ რეალურად, საქართველოში მოყვანილი მარცვლეული ბაზრის მხოლოდ 17%-ს აკმაყოფილებს, ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, ასი ქათმიდან აქაური მარცვლით მხოლოდ 17 იკვებება, დანარჩენი 83 ქათამი კი იმპორტირებულს ჭამს. აი, ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. ქართლი კვერცხის წარმოება ადგილობრივ ბაზარს 30-35%-ით აკმაყოფილებს, დანარჩენი კი შემოტანილი კვერცხია. ჰო, შემოტანილი და ქართულ ლოგო-დარტყმული კვერცხი. ჰოდა, იმ დეპუტატებსა და ბატონ უჩას, რომლებსაც მარცვლეული შემოაქვთ, მონოპოლია აქვთ კვერცხის შემოტანაზეც და თუ ქართველი ფერმერები მათ მიერ შემოტანილ კვერცხს არ გაასაღებენ, ვერ მიიღებენ მარცვლეულსაც და საკუთარიც ოხრად დარჩებათ. ამიტომ, ფულის საჭრელი კონტეინერი ისეა აწყობილი და ყველაფერი ერთმანეთზე ისეა მიბმული, რომ გასაქცევი არსადაა დატოვებული და აგერ, ვერც ვერავინ გარბის, ყველა ჩუმადაა და ყველა კმაყოფილია.
ბევრად საინტერესო სიტუაციაა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ბაზარზე. ხომ გახსოვთ, ქართული ცხვარ-ძროხა აზიურ ქვეყნებში ტრაილერებით რომ მიედინებოდა? ახლა ასე აღარ ხდება და ეს იმიტომ, რომ კანონის მიხედვით, ქვეყნიდან 250 კილოგრამზე ნაკლები საქონლის გაყვანა აკრძალულია. რაც შეეხება ცხვარს, მასზეც გარკვეული კვოტა დაწესდა. შედეგად, ქართულ ბაზარზე გაზრდილი ხორცის ფასი დაეცა, 2 ლარით დაიკლო და…
„გამოჩნდა ქართული კომპანია, რომელიც ახალგაზრდა, ანუ 250 კილომდე საქონელს ყიდულობდა და ყველა მას მიესია. ფერმერებს ბანკის კრედიტები ჰქონდათ და იძულებული იყვნენ, გაიაფებულ პირობებში შელეოდნენ ახალგაზრდა პირუტყვს. ახლა კი გავიგეთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან ყველა შეზღუდვა მოიხსნება და საქართველოდან ცხვარ-ძროხა ისევ დიდი ოდენობით გავა, თუმცა ახლა საქონელი სწორედ იმ ერთ კომპანიას ჰყავს და თანაც იაფად ნაყიდი“, – გვეუბნება ერთ-ერთი ფერმერი, რომელმაც კრედიტით 200 ხბო იყიდა და სამ თვეში ლამის იგივე ფასად გაყიდა.
ამ სქემით, სექტემბრიდან ხორცის ფასი ისევ 2 ლარით გაძვირდება და შემომტანები აქაც იხეირებენ – გაყინულ ხორცს იაფად შეასაღებენ ხალხს და მერე რა, რომ ეს ხორცი ძირითადად ინდოეთიდან და ბრაზილიიდან იქნება, ანუ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვირუსი მძვინვარებს და რომლის პროდუქციასაც მსოფლიო უკვე დიდი ეჭვით უყურებს.
მოკლედ, ქართულ ბაზარზე დღეს ზუსტად იგივე მდგომარეობაა, როგორიც 2010 წელს იყო, ანუ ყველაფერი ხელისუფლებასთან ასოცირებული პირების ხელშია და საკმარისია, ვინმე სხვა გამოჩნდეს, რომ მაშინვე კანონს უპირისპირებენ, ამკრძალავ რეგულაციებს იღებენ და კონკურენტს გუდავენ. გაგუდვაზე ისიც ვთქვათ, რომ „საქართველოს ბანკის“ მიერ შარშან გამოშვებულმა ლუდმა „აისმა“ აგრესიული სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, ბაზარზე ის ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რასაც ელოდა. ჰოდა, ახლა მათ „ყაზბეგი“ შეიძინეს და ცდილობენ ძველი ბრენდი გააცოცხლონ და ბაზარზე მონოპოლისტები გახდნენ. ამის გაკეთება კი ძალიან რთული იქნება, რადგან ბაზარზე მონოპოლიისთვის ცალკე „ნატახტარი“ და მის უკან მდგომი თურქული „ეფესი“ იბრძვიან, ცალკე კიდევ საკუთარი ამბიციები „ზედაზენს“ აქვს. ბრძოლა წესების გარეშე აქტიურ ფაზაშია და გვერწმუნეთ, სასურსათო მაღაზიების ცნობილი ქსელებიდან ბევრი პროდუქტი უბრალოდ გაქრება. როგორ? აი, დაახლოებით ისე, „ორ ნაბიჯში“ „კოკა კოლას“ პროდუქცია რომ არ იყიდება, „კარფურში“ – „ბორჯომის“ და ა.შ.
წყარ: alia. ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close