
“არ მჯერა მე ამ კადრების. კარგი, ბაზაზე რომ შევიდნენ, იქიდან სად წავიდნენ, რა გააკეთეს, მე ხომ არ ვიცი?”, – ამის შესახებ განცხადებას თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილის აკეთებს, რითაც გუშინ, პროკურატურის მიერ წარმდგენილ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილება ჩანს.
თეონა თამაზაშვილი მოითხოვს, რომ პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროოს.
“კოდის გადასახვევიდან გზაა და თავისუფლად შეეძლოთ იქედან წასულიყვნენ და იმ სოფლებში დახვედროდნენ თამუნას. ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული სუს-ის მანქანებს, მერე შეეშვნენ, თამუნა გაუშვეს მარნეულის გზაზე, თვითონ კოდის გზაზე წავიდნენ, თამუნასთან ერთად რომ არ დაფიქსირებულიყვნენ. იქნებ სხვა გზით ჩავიდნენ იმავე ადგილას? კაცმა არ იცის, რა გააკეთეს. სწორედ ეს უნდა დადგინდეს. ჩვენი მოთხოვნაა, გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა, სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ და თამუნას დახვდნენ და კამერის ჩანაწერები სპეციალურად ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად.
ეს საქმე იმდენად ბურუსითაა მოცული, უკვე არაფრის ნდობა არ მაქვს. ჩვეულებრივი მოკვდავის და დაბალი რანგის გაკეთებული რომ ყოფილიყო, მალევე გაშიფრავდნენ და იპოვიდნენ მკვლელს. არც ის უნდათ, რომ საქმე გადააკვალიფიცირონ. ამიტომაც ვაწყობთ აქციას. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა იქნება დროზე გამოიძიონ ეს საქმე, ვეღარ ვითმენ და ვერ მოვიცდი”, – განაცახდა თამაზაშვილმა “ambebi.ge” – სთან.