სიახლეები

“ეს შემოდგომა იქნება საზოგადოებისა და სამედიცინო სფეროს სერიოზული გამოცდა” – დაბრუნდება თუ არა მკაცრი კარანტინი?!

loading...
loading...

ხვავიანი შემოდგომა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობითაც მდიდარი აღმოჩნდა. სწორედ კორონავირუსთან იქნება დაკავშირებული ჩვენი კითხვები, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უპასუხებს.
– თუ აქამდე გავრცელებული ინფორმაციებითა და სტატიებით ვიმსჯელებთ, მეორე ტალღას ასე მალე არ ველოდით. კიდევ რა მოულოდნელობებმა შეიძლება იჩინოს თავი? – რაც ახლა ხდება, ეს, გარკვეულწილად, მეორე ტალღის დასაწყისია, რაც, ძირითადად, განაპირობა მობილობის ზრდამ, განსაკუთრებით – აგვისტოში და რეგულაციების დაუცველობამ. ერთი მხრივ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოსახლეობაში შექმნილ ილუზიას, თითქოს საქართველომ “კოვიდ 19” დაამარცხა, არადა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ვირუსს საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს, ის უნდა დაამარცხოს მთელმა მსოფლიომ და ვურჩევდით მოსახლეობას, არ მოშვებულიყო.

რაოდენობის ასეთი ზრდა, ძირითადად, გამოიწვია იმან, რომ ზღვის სანაპიროზე ბევრი ჩვენი თანამემამულე ჩავიდა. ამას დაემატა ისიც, რომ მასპინძელ დაწესებულებათა ნაწილი არ იცავდა რეკომენდაციებს. ამის დასტურია ბათუმში “დონას” კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 60-80 შემთხვევა გააერთიანა. ქორწილების კლასტერების შედეგია ინფექციის გავრცელება იმერეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ამ ყველაფერს კი შედეგად მოჰყვა დღევანდელი მდგომარეობა, თუმცა, ჩვენ ჯერჯერობით მაინც ე.წ. მწვანე ზონაში ვართ და ვუახლოვდებით ყვითელს, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. – “ჩვენ კორონავირუსის პოტენციალი სათა­ნადოდ ვერ შევაფასეთ, – ამბობს ენტონი­ ფაუჩი, – ქვეყანა ზამთრის თვეებისთვის სერიო­ზულად უნდა მოემზადოს, რადგან მას გრიპის სეზონისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივად მოუწევს”. ეს სიტყვები მხოლოდ აშშ-ის რეალობას შეესაბამება­ თუ მსოფლიოს ეხება? თქვენი კოლეგები­ მეორე ტალღის დაწყებას ამ სეზონისთვის ელოდნენ…. – ეს პროცესი ცოტა ადრეულ ეტაპზე­ დაგვეწყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან პირველი ტალღაც არ ყოფილა ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებში იყო. ჩვენ გვქონდა ზიგზაგისებური განვითარება – დღეში 34-40-მდე შემთხვევა, შემდეგ მაჩვენებელი დაბლა ეშვებოდა და ისევ იმატებდა. შედარებით სტაბილური დაბალი მაჩვენებლები გვქონდა ზაფხულის განმავლობაში, თუმცა ველოდით, რომ ზაფხულის ბოლოს ყოველდღიური შემთხვევები მოიმატებდა. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, დიახ, წელს პირველი სეზონი იქნება, როცა შეიძლება ორი ინფექციის თანხვედრა მოხდეს. მოგეხსენებათ, გრიპი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იწყება მე-40 კვირაში, საქართველოში კი, ძირითადად – ნოემბრის მეორე ნახევარში. ყველაზე რთულია დეკემბერი, იანვარი, ზოგჯერ თებერვალიც. გრიპის­ სეზონი მთავრდება აპრილის ბოლოს, მაისში, მაგრამ წელს ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ამ ორი ინფექციის თანაარსებობა. ორივე რესპირაციული ინფექციაა, ორივეს კლინიკური სურათი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათი დიფერენცირება, თუ გამოცდილი ექიმი არ ბრძანდებით, კლინიკურად ძნელია. ძირითადი საშუალება არის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ამ 8 თვის განმავლობაში ჩვენ კარგი გამოცდილება შევიძინეთ, ამასთან, იანვრის ბოლოს, თებერვალში დიაგნოსტიკა დავიწყეთ ერთი – ლუგარის ლაბორატორიით, შემდეგ მას დაემატა ორი ლაბორატორია, დღეს კი 21 ლაბორატორიაში კეთდება “კოვიდის” დიაგნოსტიკა. თუ თებე­რვალ-მარტში დღეში ვაკეთებდით 100-120 სინჯს, ახლა დღეში საშუალოდ 8-დან 9 ათასამდე სინჯის გაკეთება შეგვიძლია. ტესტირების მთავარი მიზანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რათა მსუბუქ ფორმებს დროულად ვუმკურნალოთ. გაზაფხულზე საშუალო და მძიმე ფორმა მეტი გვქონდა, 11 სექტემბრის მონაცემებით კი 500-დან სულ სამი კრიტიკული ავადმყოფი წევს კლინიკაში, 20-მდე მძიმეა, დანარჩენი კი არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. შეიმჩნევა, რომ ვირუსმა ოდნავ დაკარგა აგრესიულობა. ეს შესამჩნევია გლობალურ სტატისტიკაშიც, მაგალითად, სიკვდილობის მაჩვენებელი გვიან გაზაფხულზე­ იყო 7%, ახლა კი მხოლოდ 3,3%-ია. ამავე დროს, უკეთ ვისწავლეთ ამ დაავადების მართვა. ეს შემოდგომა იქნება საზოგადოებისა და სამედიცინო სფეროს სერიოზული გამოცდა, რადგან არ ვიცით, როგორ მოიქცევა ეს ვირუსი, განსაკუთრებით – გრიპთან ურთიერთობისას. ამიტომ უნდა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებები, უპირველესად კი, რა თქმა უნდა, აცრები. – აცრები სავალდებულო გახდება? – არა, სავალდებულო ვერ გახდება, გრიპის აცრა არსად არის სავალდებულო. უპირატესად აიცრებიან რისკ-ჯგუფები. წელს ბაზარზე გრიპის ვაქცინაზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა. ჩვენ დავიწყეთ 5 000-ით, შემდეგ 10 000 დოზა ვიყიდეთ, შემდეგ – 20 000. შარშანწინ 40 ათასი დოზა ვიყიდეთ, მაგრამ ვერ ავითვისეთ – ხალხი არ მოდიოდა ასაცრელად. შარშან ვიყიდეთ 100 000 და დიდი მოთხოვნა იყო, ანუ ქვეყანაში დაავადების­ პროფილაქტიკის­ კულტურა გაიზარდა. შარშან ავცერით ბაღის მასწავლებლები, დიაბეტიანები, რისკ-ჯგუფები,­ მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, სამედიცინო მუშაკები. – უფასოა ეს აცრა? – დიახ, გრიპის ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს, უფასოა. წელს კონტრაქტი გავაფორმეთ 135 ათას ვაქცი­ნაზე, რომელიც უნდა შემოვიდეს 15 ოქტომბრამდე. ბაზარზე დეფიციტია, არადა­, ქართველებს მაინცდამაინც ფრანგული, ინგლისური ან გერმანული ვაქცინა უნდათ. ფრანგული ვაქცინა გვაქვს ნაყიდი და ძალიან ვთხოვეთ, ისევ მოგვაწოდონ, რომ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, ანუ ადრე დავიწყოთ ვაქცინაცია. შეგვპირდნენ, რომ 30 ათასამდე დოზა ოქტომბრის დასაწყისში გვექნება. ვფიქრობთ, წელს მოთხოვნა დიდი იქნება, ამიტომ გვინდოდა 100 ათასი დოზის დამატება. სამწუხაროდ, ტენდერი, რომელიც აგვისტოში­ ჩავატარეთ, ჩავარდა. ახლა აქტიურად ვმუშაობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროც გვეხმარება, რომ ბაზარზე დამატებით 100 ათასი დოზა შევიძინოთ. კერძო სექტორიც ყიდულობს 30-40 ათას დოზას. ამავე დროს სახელმწიფოს მარაგში აქვს გრიპის საწინააღმდეგო ეფექტური წამალი “ტამიფლუ”. ერთდროულად ორი დაავადების მართვა გამოწვევა იქნება, მაგრამ უნდა დავძლიოთ. – კოვიდინფექციის დასადგენად მისულ ადამიანს PCR-ტესტს უკეთებენ თუ სწრაფ ტესტს? – დიაგნოსტიკისთვის მხოლოდ PCR-ტესტია აღიარებული. სწრაფ ტესტს დიაგნოზის დასმისთვის ვერ გამოიყენებ. ჩვენ ვიყენებთ სწრაფ ტესტებს, მაგალითად, საზღვარზე ტრაილერის მძღოლების სკრინინგისთვის, რადგან ისინი 15 წუთში იძლევა პასუხს. სწრაფი ტესტი ორნაირია, ერთი – ანტიგენზე, მეორე კი ანტისხეულზე დამყარებული და ორივეს ჯვარედინად უკეთებენ. თუ რომელიმე მაინც არის სუსტად დადებითი ან დადებითი, მაშინ ის ადამიანი PCR-ტესტით უნდა შემოწმდეს. – ვისთვის არის ფასიანი და ვისთვის – უფასო ეს ტესტები? – მთავრობის განკარგულებით დადგენილია ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებს. უპირველესად, ესენი არიან ისინი,­ ვისზეც ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება კოვიდი ჰქონდეთ. უფასოდ უტარდებათ საავადმყოფოში მწოლიარე ადამიანებს,­ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებს. კოვიდ­კლინიკების სამედიცინო პერსონალს, ცხელების კლინიკებში, რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე პერსონალს, კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მოხუცთა­ და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებსაც. ახლა დადგინდა, რომ რადგან აჭარაში გვქონდა ეპიდაფეთქება, “დონაში” ნამყოფ ყველა­ ადამიანს, ვინც მივიდოდა ლაბორატორიებსა თუ ნაცხის ასაღებ პუნქტებში, უფასოდ ჩაუტარდებოდა ტესტირება. ასევე ბათუმში, ბულვარზე კარვები გავხსენით და იქაც უფასოდ კეთდებოდა ტესტირება. ახლა იმავეს ვაკეთებთ ქუთაისში და ვაპირებთ თბილისშიც – ორი ან სამი კარავი დაიდგმება ხალხმრავალ ადგილებში და ვისაც უნდა, მივა. 11 სექტემბერს დავიწყეთ მასწავლებლების ტეტირება. – ყველა პედაგოგი მოწმდება? – პირველ ეტაპზე აგვისტოს შემდეგ ზღვისპირეთში ნამყოფი მასწავლებლები უნდა შემოწმდნენ. – ვინც მივა და იტყვის, ზღვისპირეთში ვიყავიო, შეამოწმებენ თუ სიტყვაზე ენდობიან? – ედნობიან ადამიანების პატიოსნებას, რადგან ამის შემოწმება რთულია. ასევე უფასო ტესტირება უტარდებოდათ სვანეთში­ მყოფ ადამიანებს. ახლა იმავეს ვაკეთებთ ცაგერის რამდენიმე სოფელში, ბათუმში, ქუთაისში ნამყოფებისთვის. თუ ადამიანს აინტერესებს, აქვს თუ არა ვირუსი, მაგრამ არ ყოფილა ეპიდაფეთქების კერებში, მას შეუძლია მიმართოს სახელმწიფო ან კერძო ლაბორატორიებს. სახელმწიფო ტარიფი კვლევისთვის არის 120 ლარი, კერძო ლაბორატორიებს კი, თუ სახლში მოგემსახურებიან, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, კერძო მომსახურებას სხვა ფასი დაადონ. – რა სიმპტომებზე ვამახვილებთ ყურადღებას? – ყველაზე ხშირად ეს არის ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. – სწავლა ონლაინრეჟიმით იწყება, დასწრებულ რეჟიმზე გადასვლა კი 1-ლი ოქტომბრიდან იგეგმება. შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს? – ვერ გეტყვით, ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. – კიდევ რა აკრძალვები და რეგულაციები შეიძლება დაწესდეს? – აკრძალვები არ წესდება. ჩვენ თვითშეგნება უნდა ავიმაღლოთ და დავიცვათ რეკომენდაციები. მთავარი პირბადეა ყველგან – ღია თუ დახურულ შენობებში. ეს არის საუკეთესო საშუალება, ასევე დისტანცია, ჰიგიენა და დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება. – ალბათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიც აუცილებელია… დღეს ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაჭედილი დადის… – რა თქმა უნდა! რეკომენდაციები ყველამ უნდა დაიცვას. კორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს იქნება, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ მასთან თანაცხოვრებას. – ზოგი ამბობს, ეპიდემიის მეორე ტალღა ყოველთვის პირველზე ძლიერიაო, ზოგი – პირიქითო… – ეპიდემიებსა და პანდემიებს აქვთ თავიანთი ბიოლოგიური ციკლი – გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი მოივლიან მოსახლეობას, დააინფიცირებენ დიდ რაოდენობას და მერე ნელ-ნელა ქრებიან. ძველი ეპიდემიები, მაგალითად, შავი ჭირი ხომ გაქრა! ასე იქნება ახლაც, ან შეიქმნება ეფექტური ვაქცინა, რომელიც საშუალებას მოგცემს, კოლექტიური საზოგადოებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს. ალბათ, შეიქმნება პირდაპირი მოქმედების წამალიც, რომლითაც მოსახლეობას საშუალება მიეცემა, იმკურნალოს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ ვირუსმა მოიაროს მოსახლეობის დიდი ნაწილი და თანდათანობით თვითონ ჩაქრეს. ჯერჯერობით კი, სულ მცირე, ერთი წელი მაინც, კორონავირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close