სიახლეები

შოკისმომგვრელი ფაქტები და სიკვდილისთვის განწირული პენსიონერები-პენსიონერმა 2019-ში ბანკიდან 1800 ლარი ისესხა და 3510 უნდა დააბრუნოს

loading...
loading...

„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და საპენსიო სესხი დაახლოებით 10 %-ით გაიაფდა, პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად მიზერული პენსიის ამარა არიან, ყველაზე მეტის გადახდა უწევთ სესხში.

არაპენსიონერისთვის, ანუ ახალგაზრდებისთვის სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22 %-ია. ხელისუფლებაში რთულია იპოვო პასუხი კითხვებზე: რატომ არის პენსიონერებისთვის საბანკო სესხი ისევ ყველაზე ძვირი და რატომ არ გაუიაფდათ სესხი პენსიონერებს?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 762.6 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, ეროვნული ბანკის 2019 წლის მონაცემებით, კი მათ ნახევარს – 380 403 მოხუცს საპენსიო სესხი აქვს.

„რას გვერჩიან პენსიონერებს, ვერ გავიგე, ჩვენი სესხი ყველაზე ძვირია, არადა ყველაზე ნაკლები შემოსავალი ჩვენ გვაქვს… თუ პენსიონერი არ ხარ, ბევრად იაფად მოგცემენ სესხს,“ – გვიყვება თბილისში მცხოვრები პენსიონერი, რომელსაც საპენსიო სესხი აქვს. მას ვინაობის გამხელა არ სურს. პენსიონერი გვიყვება, რომ 2018 წელს საპენსიო სესხი დაახლოებით 800 ლარი აიღო 46%-ად და დღემდე იხდის.

„კითხვა უნდა მაგას, რაში მყოფნის?… 100 ლარამდე მარტო წამლებში მჭირდება, 72 წლის ვარ, პენსიაში გასვლამდე ბუღალტრად ვმუშაობდი, სად აღარ მიმუშავია…“ – დასძინა პენსიონერმა.

„წელს ბანკის თანამშრომელი დამიკავშირდა და შემომთავაზა სესხის განახლება. მითხრა, რომ თუკი სესხს დავიმატებდი, დაბალ პროცენტად მომცემდა ბანკი ფულს და სესხის განახლება მოხდებოდა. 280 ლარი დავამატე, თანაც ძალიან მჭირდებოდა. ახალი სესხი 34 პროცენტად მომცეს. თვეში 80 ლარს მიკავებენ ახლა…“ – ამბობს 72 წლის პენსიონერი, რომელიც მარტო ცხოვრობს და პენსია მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

2019 წლამდე პენსიონერებს დაახლოებით 45 %-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით აძლევდნენ სესხს.  ხშირად მოხუცებს წლობით უწევთ ამ სესხის დაფარვა და საბოლოო ჯამში სესხის ორმაგი ოდენობის გადახდა. 2019 წლის პირველი იანვრიდან, მას აქეთ, რაც სამოქალაქო კოდექსში ცვლილება შევიდა და ბანკებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა მაქსიმუმ 50 პროცენტამდე შეუძლიათ, პენსიონერებისთვის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 45%-დან დაახლოებით 35 %-ზე ჩამოვიდა.

პენსიონერებს აწუხებთ კითხვა, რას ერჩის მათ სახელმწიფო, როცა ბანკს აძლევს უფლებას, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაუწესოს პენსიონერებს. მათთვის ცნობილია, რომ სესხებთან დაკავშირებით 2019 წელს კანონის შეიცვალა, მაგრამ ეს ცვლილება მათთვის დიდად სანუგეშო არ აღმოჩნდა.

საპენსიო სესხი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, 2019 წლის მარტში აუღია ბათუმში მცხოვრებ ასმათ ქათამაძესაც.

ასმათ ქათამაძის საპენსიო სესხი

„150 ლარი მაქვს ბინის ფული გადასახდელი, ვეღარ ვიხდიდი, სოციალურ დახმარებას არ მაძლევენ, ბანკის მადლიერი ვარ – სესხი მომცა, მჭირდებოდა,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე. ის 64 წლისაა და შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში უკვე 38 წელია ცხოვრობს. ასმათი პენსიიდან ყოველთვიურად სესხს – 65 ლარს იხდის.

ასმათ ქათამაძემ გვაჩვენა ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის სახით 1800 ლარი აიღო, ბანკს კი, ჯამში 3510 ლარი უნდა გადაუხადოს [სხვაობა 1710 ლარია]. ასმათ ქათამაძის საპენსიო სესხი წლიურად 33.21 %-ად მისცეს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 37.86 %. ასმათი სესხის დაფარვას 2023 წლის სექტემბერში დაასრულებს.

„…თურქეთში გადავდიოდით დედა-შვილი და ვვაჭრობდით – თამბაქო გადაგვქონდა, დაახლოებით 150 ლარი გამოდიოდა თვეში, პენსია ემატებოდა და გაგვქონდა თავი, ახლა 155 ლარი მრჩება მარტო პენსიიდან, 150 ლარს ქირაში ვიხდი, გამოდის, რომ 5 ლარად უნდა ვირჩინოთ თავი.

საღამოობით გარემოვაჭრეებთან გავდივარ, ბოსტნეული, რაც ვერ გაყიდეს, იმას მაძლევენ… ამას წინათ, ქუჩაში მანქანა დამეჯახა, მტკივა ფეხი, ექიმთან ვერ მივდივარ, ვინ იცის, რა მჭირს… ხელჯოხით დავდივარ, ისე – ვეღარ.

შვილი უმამოდ გავზარდე, მალე დავშორდი ქმარს… საერთოდ არ მიჭირდა, ნამცხვარს ვყიდდი ქუჩაში 15 წელი, არაფრის მეთაკილებოდა, სულ ვშრომობდი, ვვაჭრობდი… ახლა უმუშევარია შვილიც. სად არის სამსახური, მითხარით, სად არის სამსახური?

გასულია ახლაც „ბერეგზე“, იქნებ თევზი რამე დავიჭიროო, ეს თევზიც აღარაა წელს. ზის მთელი დღე და ელოდება… მასაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მძიმე სამსახურში ვერ იმუშავებს,“ – გვიყვება ასმათ ქათამაძე და შემდეგ ხელჯოხით გვაჩვენებს, როგორ არის შემოდგმული საწოლი აგურებზე. საძინებელში ჩამოდის წყალიც. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედა-შვილის ოჯახისთვის 72 ათასი ქულა მიუნიჭებია. ისინი სოციალურ შემწეობას ვერ იღებენ.

„…რატომ შეიძლება იყოს ყველაზე ძვირი ის სესხი, სადაც რისკი არის ნული?“ – კითხულობს ფინანსისტი ნიკოლოზ ბერიძე. მან პრემიერს ამ საკითხზე წერილი მისწერა და მოითხოვა ნებისმიერი სახის სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 18-20%-მდე შემცირდეს. ფინანსისტი თვლის, რომ ამ გზით „ლავირების საშუალება ბანკებს აღარ დარჩებათ“.

ფინანსისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნებისმიერი სესხის პროცენტის განსაზღვრის დროს ყველა ბანკისთვის მნიშვნელოვანია რისკები, მაგალითად, ის, რომ შესაძლოა ხელფასი ვერ აიღო.

„პენსიონერის შემთხვევაში კი, ეს რისკი დაზღვეულია თავად სახელმწიფოს მიერ – პენსიონერი ყოველთვიურად იღებს გარანტირებულად პენსიას. ამის გარდა, ხდება სიცოცხლის დაზღვევა. უსამართლობაა ისიც, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ფულს აძლევს დაახლოებით 8 %-ად, ხოლო ბანკი პენსიონერს სესხს აძლევს 35 %-ად,“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბერიძემ.

„ეს პრობლემა შემოდგომიდან აღარ იქნება… სახელმწიფო გადაიხდის საბანკო მომსახურების ხარჯს“, – გვითხრა გასული წლის ზაფხულს აკაკი ზოიძემ, მაშინ ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პარლამენტში და აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ საპენსიო სესხი, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, 32%-მდე შემცირდა. მაშინ „ბათუმელები“ წერდა მოხუცების შესახებ, ვისი პენსიის დიდი ნაწილიც სესხში მიდის.

აკაკი ზოიძემ თანამდებობა და პოლიტიკაც გასული წლის დეკემბერში ისე დატოვა, რომ ამ დანაპირების შესრულება ვერ შეძლო.

„დაგეგმილი იყო ის, რომ ბიუჯეტში შესულიყო ცვლილება და გამოცხადებულიყო ტენდერი. რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, არ ვიცი. 10 თვეა პარლამენტის წევრი აღარ ვარ და მინდა გაცნობოთ, რომ არავინ მაყენებს საქმის კურსში… ტენდერით სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა საპენსიო სესხებზე საბანკო მომსახურების ხარჯები. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა პენსიონერებისთვის,“ – გვითხრა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, დისკრიმინაციულია. დისკრიმინაციულ მიდგომაში იგულისხმება ის, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსიონერი გაცილებით იაფად იღებს სესხს, ვიდრე მანამდე.

„სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ მანამდე პენსიონერს უფრო მაღალ პროცენტში აქვს სესხი აღებული, მაგრამ კანონს უკუძალა არა აქვს და სხვაგვარად ვერ გამოვიდოდა სამართლებრივად… შესაძლოა, ბანკი შეუთანხმდეს, ან უთანხმდება პენსიონერს, ეს მოლაპარაკების საგანია და ახალი სესხი გაიცემა – ძველი დაიფარება და ახალი საპროცენტო განაკვეთით გაიცემა სესხი,“ – განმარტავს აკაკი ზოიძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ასევე არ ეთანხმება არგუმენტს იმაზე, რომ „საპენსიო სესხს რისკი არ აქვს“.

„საბანკო საქმეების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, მსოფლიოში რთულად და იშვიათად გაიცემა საპენსიო სესხი, 65 წლის შემდეგ სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება პრაქტიკულად, ან თუ ხდება, ეს პროცენტი მინიმალურია, შესაბამისად, საპენსიო სესხი ყველგან მიიჩნევა რისკიანად და ის ძვირია,“ – დასძინა აკაკი ზოიძემ.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საერთოდ არ უპასუხა. მისმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კი, ეს გვიპასუხა:

„…მოგვამრთოს ამ მოქალაქეებმა შეკითხვით და ვეცდებით, რომ ყველა საფეხურზე მოვიძიოთ პასუხი, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც დავეკითხოთ, ასე აჯობებს. ეს მტკივნეული საკითხია და მას უნდა გაეცეს შინაარსიანი პასუხი… მე უხერხულად მიმაჩნია, გიპასუხოთ იმ საკითხზე, რაშიც სიღრმისეულად არ ვარ ჩახედული. პასუხი გაგცეთ და მიკიბ-მოკიბვა დავიწყო, არ იქნება ლამაზი,“ – გვითხრა ვლადიმერ კახაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომიტეტის თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს – კობა ნაკაიძეს. ის პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ პენსიონერის სესხი ყველაზე ძვირია, თუმცა ამბობს, რომ კომიტეტში მსჯელობა, ან რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამ კუთხით ჯერ არ აქვთ.

„მესმის, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ კანონს უკუძალა არ აქვს, შესაბამისად, ეს ვერ იმოქმედებდა სესხებზე, რაც მანამდე იყო გაცემული… მე ვფიქრობ, რომ მათზეც უნდა გავრცელდეს და ამ საკითხზე სამუშაოა პირდაპირ. როგორც კი დაიწყება სასესიო კვირა, მე საფინანსო კომიტეტთან გავივლი ამ საკითხს, ეს საკითხი ჩვენს კომიტეტში არ დამდგარა, ეს საკითხი ბანკებთან არის დასალაგებელი, ისევე, როგორც ბევრი სხვა საკითხი,“ – გვიპასუხა კობა ნაკაიძემ.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ახალი მოწვევის პარლამენტისგან – „ბათუმელები“ პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატია.

„პარლამენტის რეგულირების სფერო არ არის საპროცენტო განაკვეთები და სესხების გაცემის პირობები… ვფიქრობ სჯობს ეროვნულ ბანკს დაუკავშირდეთ…“ – გვიპასუხა სოციალურ ქსელ ფეისბუქში არჩილ თალაკვაძემ. მას განვუმარტეთ, რომ გადაწყვეტილებას ამ კუთხით პარლამენტი იღებს და პრობლემაა ასევე სავარაუდო დისკრიმინაციული დამოკიდებულება პენსიონერების მიმართ.

“…არ მიმუშავია ამ საკითხზე და ზედაპირულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – დაგვემშვიდობა არჩილ თალაკვაძე.

https://netgazeti.ge/

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close