სიახლეები

ეს იქნება 2021 წლის ზაფხულიდან, თუმცა… – პაატა იმნაძემ პანდემიის დასრულების სავარაუდო დრო დაასახელა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რაოდენობა კრიტიკულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა ნაწილის სტაციონალურ მკურნალობას ვეღარ ახერხებს.   დაუშვა თუ არა შეცდომები საქართველომ კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში და რა გამოწვევების წინაშე დააყენა ქვეყანა კორონავირუსის მასიურმა გავრცელებამ? – ამ და სხვა საკითხების შესახებ „პრაიმტაიმის“ კითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს.   პაატა იმნაძე: საქართველო ახლა არის ეპიდემიის გავრცელების პიკზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში 100 ათას მოსახლეზე 100-ზე მეტი ადამიანი ხდება ავად. ნიღაბის ტარების შეფასება არის ასეთი: ჩვენთან მოსახლეობის, დახლოებით, 55-60% მოიხმარს სწორად ნიღაბს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 95% ნიღაბს სწორად გაიკეთებს, ავადობა 70%-ით შემცირდება.   – რისი შედეგია საქართველოში კორონავირუსის რაოდენობის მკვეთრი ზრდა – პანდემიის მართვის პროცესში დაშვებული შეცდომების თუ საზოგადოების ქცევის?   – ევროპაში და ამერიკაში რისი ბრალია?! ყველაზე მთავარი არის ის, რომ ახლა ზამთარია. ევროპაში, ამერიკაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველგან ასეთი ვითარებაა. რა შეცდომა დაუშვეს ევროპის ქვეყნებმა?!   რითი განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია ევროპის ქვეყნებისგან?! შეცდომები იმას არ მოსდის, ვინც არაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი შედეგებით იზომება. შედეგები გამოჩნდება მაშინ, როცა ეპიდემია დამთავრდება.   – კორონავირუსით ინფიცირებულების ნაწილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ სახლში მკურნალობის პროცესში ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის უწყება ყურადღებას არ აქცევენ. შეიძლება ვთქვათ თუ არა, რომ ეს არის პანდემიის მართვის პროცესში დაშვებული შეცდომების ნაწილი?

  – ნახეთ, რა ხდება ჩვენზე ასჯერ უფრო განვითარებულ მდიდარ ქვეყნებში იგივე სიტუაციაა. ეპიდემიაა და სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მოხდება. ეს ვერ აირიდა თავიდან შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა.   ეპიდემიამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე. ვირუსის გავრცელებას ასეთი მასშტაბები არ ექნებოდა, ყველას რეგულაციები რომ დაგვეცვა, ნიღაბი გაგვეკეთებინა და დისტანცია დაგვეცვა. ჩემთვის სულ ერთია, ვინ, სად არ დაიცავს წესს, ნიღაბი და დისტანცია ყველგან.   – აირიდებდა თუ არა საქართველო ვირუსის გავრცელების ასეთ კრიტიკულ მაჩვენებელს, იმ შემთხვევაში, თუ უფრო ადრე დაწესებოდა შეზღუდვები?   – რა ქნას იმ ხალმა, ვინც ახლა გაჩერებულია და არ მუშაობს. ეს ადამიანები უფრო ადრე რომ გაჩერებულიყვნენ, რა მოხდებოდა?! თორემ ჩემთვის ყველაზე ადვილი ადრე რეგულაციების გამკაცრება იქნებოდა. სახლიდან რომ არ გამოვიდეს არავინ ერთი თვე, ვირუსის გავრცელება, პრაქტიკულად, დასრულდება.   – რა შედეგს გამოიღებს ვირუსის გავრცელების პიკის დროს შეზღუდვების დაწესება?   – ვირუსის ზრდა აღარ გვექნება.   – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება ვერ შეაჩერდა?   – ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი შეზღუდვების დაწესება დაგვჭირდება, ისეთის, როგორიც ევროპაშია. ჩვენ იმათ ვუყურებთ, რას აკეთებენ, რამდენად ეფექტური არის მათ მიერ დაწესებული შეზღუდვები და მერე ჩვენც იმავეს ვაკეთებთ.   – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო, დაახლოებით, როდის მიიღებს და ვისზე იქნება გათვლილი თავდაპირველად?   – გარანირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზაფხულზე მივიღებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რადგან “კოვაქსის” პლატფორმაზე ვართ გაერთიანებული, თანხა წინასწარ გადახდილი აქვს ქვეყანას. ვაქცინას ჩვენც მივიღებთ მოსახლეობის 20%- სთვის. პირველად აიცრებიან სამედიცინო პერსონალი და ხანში შესული ადამიანები, ვისთვისაც აცრა აუცილებელია.   – მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა დამტკიცების შემდეგაც გაივლის ეფეტურობასთან დაკავშირებულ გამოცდას და გამოავლენს მის რეალურ სახეს, მაინც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლიდან პანდემიის გავრცელების მხრივ, სიტუაცია გაუმჯობესდება?   – დიახ, 2021 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე უკეთესი სიტუაცია უნდა იყოს, თუცა პანდემია, ალბათ, 2022 წლამდე არსად გაქრება.
წყარო: https://primetime.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close