სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ახალ სასტუმროში ცოცხალი ზვიგენი დაბინავდება – რას აშენებს მილიარდერი თაბორის მთაზე?

გრანდიოზული პროექტის, „პანორამა-თბილისის“ გრანდიოზული ჩანაფიქრი – დიდი აუზი, უფრო ზუსტად კი – უზარმაზარი აკვარიუმი და არც მეტი და არც ნაკლები – ცოცხალი ზვიგენით. ანუ, კიდევ უფრო ზუსტად, სასტუმროში, რომელსაც „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აშენებს, ქვეყნისა და დედაქალაქის სტუმრებს ცოცხალი ზვიგენი დახვდებათ.
„2020NEWS“-ის ექსკლუზიური და გადამოწმებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, სოლოლაკის ქედზე ჩაფიქრებულ სასტუმროში, ზვიგენის გასაშვებად საჭირო აუზი, უკვე დაპროექტებულია და მისი სამშენებლო სამუშაოებიც დაწყებულია.
ვინც რა უნდა, ის თქვას, ეს ექსკლუზიური ინფორმაცია – ზვიგენი თბილისის შუაგულში – ასევე გრანდიოზული და სკანდალური 2020 წლის დამაგვირგვინებელ ამბად ნამდვილად გამოდგება.


სოლოლაკის ქედზე დაგეგმილი, „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის სასტუმროს პროექტის მასშტაბების სიდიადეში ეჭვი არც აქამდე ეპარებოდა ვინმეს, თუნდაც მისი წინასწარ გაჟღერებული ღირებულებიდან გამომდინარე – პროექტი ხომ 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. ამას თუ დავამატებთ, რომ თაბორის მთის რეკრიაციული ზონის გაშენებისთვის, 60 მილიონი დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი და თანაც ის 400 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყობა, გასაგებია, უკვე რა მასშტაბურად „გამაოცებელ“ პროექტთან გვაქვს საქმე.
თუმცა, იქ ოკეანის მტაცებლის თემის გააქტიურებით, „თანაინვესტირების ფონდმა“ და ზვიგენთა ცნობილმა ქართველმა „თაყვანისმცემელმა“ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბეს.
ვიდრე ქვემო სოლოლაკი „ევროპის გამაოცებელი“ პოლიტიკურ ციებ-ცხელების ეპიცენტრია, სოლოლაკის ქედზე ევროპის კი არა, მსოფლიოს გამაოგნებლი პროექტი უკვე დაპროექტდა და ზვიგენის „თავშესაფარის“ მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა.
წარმოიდგინეთ, ხართ უცხოელი ბიზნესმენი, ან პოლიტიკოსი, ან ვინმე ბობოლა, გაბინავებენ ზედა სოლოლაკის მრავალსართულიან, ულამაზეს სასტუმროში, რომლის ფანჯრებიდან და აივნიდან ევროპის უძველესი ქალაქის, თბილისის ულამაზესი ხედები გეშლებათ თვალწინ, სასტუმროს ნომრიდან გამოსულისთვის კი, უფრო უცნაური სანახაობა იწყება – დაბლა, აუზში ოკეანის ზვიგენი ყელყელაობს.
სასტუმროს, სადაც ზვიგენის დაბინავება გადაწყდა, 5 ვარსკვლავზე აუცილებლად ექნება პრეტენზია, თუმცა, ეჭვი გვაქვს, სასტუმროთა შეფასების შკალაში რომ არ არსებობს, იმ ვარსკვლავსაც კი მოუმატებს მისი უცნაური ბინადარი.
ეს ხუმრობით და სერიოზულად კი, ზვიგენის თბილისში დაბინავების ამბის გაგების შემდეგ, ვინმეს კიდევ თუ შეეპარება ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასვლას აპირებს, ეგ ბევრად უფრო გამაოგნებელ-გამაოცებელი ამბავი იქნება.

ჰოდა, იმას ვამბობდით, ვიდრე ქვედა სოლოლაკში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაღალია, ივანიშვილი ზედა სოლოლაკში მშვიდად აგრძელებს ზვიგენებზე ზრუნვას და დიდი ალბათობით, მისი გადმოსახედიდან, არც ისე წამგებიან პოზიციაში იმყოფება.
ისე, ცნობისთვის, გადამწყვეტ 2012 წელსაც ასე იყო, როცა „ქართული ოცნება“ იქმნებოდა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ბევრი „ოცნებელი“ ხუმრობდა მაშინ – ჩვენ სააკაშვილს ვებრძვით, სუსი დასაჭერად დაგვდევს, მიშას ზონდერები ქვებით თავებს გვიხეთქავენ, თუ წავაგეთ, კარგი დღე არ დაგვადგება, ივანიშვილი კი ზვიგენთსაშენის აშენებითაა დაკავებული, თანაც მშვიდადო.
ისტორია, თურმე, 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინაც მეორდებოდა და ჩვენ ახლა გავიგეთ.
პოლიტიკა იქით იყოს, სხვა სტატიის თემაა, მაგრამ ცოტა ხანში, ალბათ,  ქვედა სოლოლაკელებს ახალი უბნელი შეემატებათ და  უბნურ-ოჯახურ მოკითხვას:  რას შვებით, გადაურჩით კორონასა და შიმშილს? – ახალი დაემატება – ზვიგენი როგორაა, ზვიგენი, ხომ არ მოშივდა? 
რუსა მუმლაძე

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close