სიახლეები

დიდი სკანდალი-ვიდეო: ყველაზე პატარა მსხვერპლი 14 წლისაა – არასრულწლოვანთა პროსტიტუციისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს

ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე ბათუმში დააკავა. შსს-ში დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საუბარია 34 წლის ალექსეი ლენივცევზე, რომელსაც ირკუტსკის ოლქში გახმაურებული კრიმინალური სკანდალი უკავშირდება. მას იქ „კოს“ მეტსახელით იცნობენ.


ცნობილი ხდება, რომ, ირკუტსკის ოლქში მას პროსტიტუციის დიდი ქსელი ჰქონდა აწყობილი. ახალგაზრდა ქალებს მასთან მუშაობაზე უარის თქმის სანაცვლოდ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ის კი, ვინც წინააღმდეგობა სცადა, „კოს“ დაჯგუფებამ გაიტაცა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ.
გამოძიებით ირკვევა, რომ ალექსეი ლენივცევის ყველაზე პატარა მსხვერპლი 14 წლის გოგონაა. საქმეში სხვა არასრულწლოვნებიც ფიგურირებენ, რომლებთან კონტაქტზეც სოციალური ქსელის მეშვეობით გადიოდნენ.  ცნობილია ისიც, რომ პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს იძულებით აძლევდნენ ფსიქოტროპულ და ნარკოტიკულ საშუალებებს.

გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის პროსტიტუციაში შესაძლო ჩართვის ფაქტი გახდა ცნობილი.

მალე მთელი ქსელი გაიშიფრა, თუმცა ალექსეი ლენივცევმა გაქცევა მოასწრო. როგორც ჩანს, ის საქართველოს აფარებდა თავს, თუმცა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მამაკაცი ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში დააპატიმრეს.

აი, რას ამბობენ შსს-ში დაკავების შესახებ:

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა“.

ალექსეი ლენივცევს ბრალდებების ნუსხა მოიცავს დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას.

დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close