საზოგადოება

დიაგნოზი მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა – 24 წლის კარდიოლოგს დახმარება სჭირდება

თავადაც ექიმია, ახალგაზრდა ექიმი. როცა მომავალ პროფესიას ირჩევდა, კარგად იცოდა, რომ სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა. ზრუნავს კიდეც. 24 წლის გიორგი ჟამიერაშვილმა, ცოტა ხნის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო და კოლეგებს მიმართა.
დიაგნოზი მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა. გიორგის კლასიკური ხოჩკინის ლიმფომის მე-3 სტადია დაუდგინდა. მკურნალობის კურსი ხანგრძლივი და ძვირადღირებულია.

საჭიროებს დაუყოვნებლივ ქიმიოთერაპიას. მასაც და მის ახლობლებსაც სჯერა, რომ საჭირო თანხა საზოგადოების გვერდში დგომით შეგროვდება და მკურნალობას დროულად დაიწყებს. „პრაიმტაიმი“ გიორგის დას, ლია ჟამიერაშვილს ესაუბრა. „გიორგი სოფელ კაკაბეთიდან არის. ჩემი ძმა მშობლებს ასაკში გაუჩნდათ. ძალიან ბედნიერები ვართ მისი არსებობით. მე 54 წლის ვარ, ჩემი და ჩემზე უფროსია, ჩვენი ძმა კი ნაბოლარაა. ჩვენი ნაბოლარა ბიჭი, ძალიან ნიჭიერი იყო ბავშვობიდან. კაკაბეთის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კომაროვში გადმოვიყვანეთ და ის დაამთავრა. როცა პროფესიის არჩევაზე დადგა ჯერი, დიდხანს არ უფიქრია სამედიცინოზე ჩააბარა. ეს პროფესია ბავშობიდან მოსწონდა. კარდიოლოგი გახდა. გარკვეული პერიოდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ძალიან ჭკვიანი ექიმია. ჩვენი ასაკოვანი მშობლების ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამსახურიდან წამოვიდა და დროებით სოფელში იყო… ჯანმრთელობის პრობლემები დეკემბრის ბოლოს დაეწყო. ჯირკვალი გაუდიდდა. ექიმია და კოლეგებს დროულად მიმართა. გაიკეთა ბიობფსია და კლასიკური ხოჩკინის ლიმფომის მე-3 სტადია დაუდგინდა. თავზე ჩამოგვენგრა ყველფერი. თვითონ ძალიან მხნედ არის, აქეთ გვამშვიდებს და გვანუგეშებს. მას ახლა სიცხე და ტკივილები აწუხებს. 3 დღის წინ დასვეს დიაგნოზი და ყველანი გავნადგურდით. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გიორგი მალე გამოჯანმრთელდება. მხარში უდგანან მეგობრები, რომლებმაც არნახული მხარდაჭერა გამოხატეს. მოგეხსენებათ მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს რომ ყოფილიყო პირველი ან მეორე სტადია, მკურნალობას საქართველოში დავიწყებდით, მაგრამ მესამე სტადია უკვე შორს წასული ფორმაა. აქედან გამომდინარე სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა წავიდეთ. ამ ეტაპზე 2 ქვეყანას, იტალიას და თურქეთს განვიხილავთ. მჯერა, რომ თანხის შეგროვებას კეთილი ადამიანების დახმარებით შევძლებთ. სხვანაირად არ გამოვა, ჩვენს ასაკოვან მშობლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ვუმალავთ დიაგნოზსს.“ – ამბობს ლია ჟამიერაშვილი. მან ჯერ კიდევ სხვის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს. უნდა განკურნოს ბევრი ადამიანი და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინოს. მანამდე კი საზოგადოების გვერდში დგომა თავად ახალგაზრდა კარდიოლოგს სჭირდება. „პრაიმტაიმის“ მკითხველს არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია. გვჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით კიდევ ერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ. საქართველოს ბანკი GE67BG0000000101441234 მიმღები: გიორგი ჟამიერაშვილი

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close