საზოგადოება

მანქანაში მჯდომს ტელეფონი მირეკავს, ზარს ვუპასუხე და სახეზე ღიმილი გამეყინა-საჯარო მოხელის სკანდალური წერილი გახარიას

მანქანაში მჯდომს ტელეფონი მირეკავს, ზარს ვუპასუხე და სახეზე ღიმილი გამეყინა-საჯარო მოხელის სკანდალური წერილი გახარიას
საჯარო მოხელე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი, მარიანა გვრიტიშვილი, “ალიას” ღია წერილს, რომლის ადრესატიც პრემიერია. მარიანა, პრემიერს, რომელიც ყველას მოუწოდებს და სთხოვს, არ დატოვონ ადამიანები პანდემიის დროს უმუშევარნი, თავის ისტორიას უყვება, კერძოდ, როგორ, რა ფორმით და რატომ “გაახარეს” 31 დეკემბერს სამსახურის დაკარგვით. ახალგაზრდა საჯარო მოხელე (მან 1 თებერვლამდე უნდა იმუშაოს და ჯერ კიდევ საჯარო მოხელეა), ორი შვილის დედა, ემიგრაციაზე ფიქრობს, რადგან აღარ იცის, სად შეიძლება დასაქმდეს.


ზუსტად ვიცით, პრემიერი მის წერილს წაიკითხავს, აი, რეაქცია ექნება, თუ არა, ამისი რა მოგახსენოთ. შეგიძლიათ, კომენტარებში დაწეროთ, როგორ ფიქრობთ, უპასუხებს, თუ არა პრემიერი რიგითი საჯარო მოხელის წერილს?!
მარიანა გვრიტიშვილი:
#გახარია
#საქართველოსმთავრობა
#საქართველოსპარლამენტი
გააზიარეთ წერილი აუცილებლად უნდა “ჩაბარდეს ადრესატს”
ღია წერილი ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას !
გამარჯობა ჩემი ქვეყნის გახარიავ !
მინდა მიცნობდეთ – მე ვარ მარიანა გვრიტიშვილი, ორი შვილის დედა და ამ ეტაპისთვის ისევ ერთი ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მოხელე რომლისთვისაც ისევე, როგორც ჩემი ქვეყნისთვის ძალზედ რთული იყო 2020 წლის გამოწვევასთან გამკლავება….. იცით მეც როგორც ყველა ველოდებოდი ამ წლის დასრულებას ახალი იმედებით, მიზნებით და ა.შ. ჩემს შვილებთან ერთად 31 დეკემბერს წინასაახალწლო განწყობით სავსეს დადებითი ემოციებით, მანქანაში მჯდომს ტელეფონი მირეკავს. ეკრანს დავხედე და სამსახურიდან მირეკავენ, მეც მეგონა, რომ წინასაახალწლო მოლოცვისთვის განკუთვნილი ზარი იყო. ღიმილიანი სახის გამომეტყველებით ზარს ვუპასუხე და სახეზე ღიმილი გამეყინა. ზარმა მამცნო, რომ “რეორგანიზაციაში” მოვყევი.
ჩემი ქვეყნის გახარიავ, იცით ჩემს 12 წლის შვილს სულ სამართლიანობაზე ვესაუბრები. ვეუბნები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი თუ მართალი ხარ შენი სამართლიანობის გულისთვის შიშველი ხელებით მთასაც გადადგამ, მთავარია ხელები “სუფთა გქონდესთქო” და როცა 31 დეკემბერს სასოწარკვეთილს აღმომხდა – რაღა ვქნა ახალათქო – იცით რა მიპასუხა ჩემმა შვილმა ჩემი ქვეყნის გახარიავ ?! მთა გადადგიო ! და ჩემთვის ეს წერილი მთაა..
31 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 7 ადამიანი სამსახურიდან რეორგანიზაციას მოგვაყოლა. ასე მოგვილოცა ახალი წელი საკუთარ თანამშრომლებს მაშინ როცა ჩემი ქვეყნის გახარია მოუწოდებს კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ თანამშრომლები, გაითვალისწინონ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებული მოვლენები…. რამდენად სამართლიანად მოყვა მარიანა გვრიტიშვილი კონკრეტული ჯგუფის მიერ დაორგანიზებულ უსამართლო და ხელოვნურ რეორგანიზაციაში ეგ ცალკე ბურუსით, ცილისწამებით სავსე ისტორიაა, რომლის შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ, რადგან ამის უფლება არ მაქვს.
იცით მე პრივილეგირებული საჯარო მოხელე არასდროს ვყოფილვარ. წელიწადი და ხუთი თვე სტაჟიორი ვიყავი. მხოლოდ მას შემდეგ და რიგი პროცედურების გავლის შემდგომ გავხდი საჯარო მოხელე, არანაირი ნეპოტიზმის ნიშნები ჩემს სამსახურში აყვანას არ ახლდა. …
რა თქმა უნდა წინასწარ ვიცოდით, რომ რეორგანიზაცია იყო დაწყებული, მაგრამ არ მეგონა, რომ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს წინასაახალწლოდ პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გაუშვებდნენ, მითუმეტეს ღირსეულ საჯარო მოხელეებს, რომელთაც არასდროს შეუბღალავთ საჯარო მოხელის სტატუსი. ვერანაირად ვერ მოვიფიქრებდი, რომ იურიდიულ განყოფილებას საფრთხე შეექმნებოდა იმის ფონზე როცა საკრებულოში დღესდღეობით უფუნქციო განყოფილებებია დატოვებული და მათი ფუნქციების “ქმედუნარიანობა“ ეჭვს იწვევს. როგორც კულვარულად გაცხადდა რამდენიმე თვეში ისევ აპირებენ შექმნან განყოფილება, კერძოდ “სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება”. ფუნქციები ექნება აწ უკვე ” რეორგანიზაციას შეწირული” იურიდიული განყოფილების და იქ მათთვის “სუბიექტურად მიუღებელი “ უ.შ. და გვრიტიშვილი მარიანა არ ეყოლებათ.
განვმარტავ – მე იურიდიულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ (1თებერვლამდე). კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ჩემს გონივრულ ეჭვს ამტკიცებს ხელოვნურ რეორგანიზაციის პროცესებთან დაკავშირებით არის ის, რომ საკრებულოს სამართლებრივი ექსპერტიზის ფუნქციაც აკისრია გარკვეულწილად და წესით ეს უნდა გამხდარიყო ზემოაღნიშნული განყოფილების “სიმყარის” ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტიც ამ განყოფილების ხელშეუხებლობის გარანტად, მაგრამ აქაც მარხია” ძაღლის თავი”, ჩემი განყოფილების უფროსი ღირსეული საჯარო მოხელე უ.შ. კონკრეტულმა პირებმა “ პერსონა ნონ გრატად” აქციეს მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრობს მაღალი რანგის სასულიერო პირთან ვისთანაც საკრებულოს ხელმძღვანელობას თავისი პირადი ინტერესი აქვთ. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილება შეწირეს ორ ქალს უ.შ-ს და მარიანა გვრიტიშვილს რადგან ჩვენ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი – არცერთი დარღვევა ან გადაცდომა არ გვქონია რაც სარჩული გახდებოდა ჩვენი გათავისუფლების, ამიტომ მათ უბრალოდ განყოფილება გააუქმეს ასე მარტივად .. კიდევ ერთი ადამიანია ჩვენი განყოფილებიდან “ გათავისუფლებული” თვალის ასახვევად რადგან უსამართლობას სამართლიანობის ელფერი დაჰკრავდეს.
იცით მანამ სანამ სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ ცოტა ხნით ადრე კითხვა დაისვა ჩემთან ვიცნობდი თუ არა ჩემს მოგვარეს “თავბრუდამხვევი კარიერის მქონეს” და მქონდა თუ არა მასთან რაიმე სახით კომუნიკაცია, რადგან ჩემი გვარი ზოგადად მცირერიცხოვანია. ვუპასუხე რომ უბრალოდ მოგვარეა, რომელსაც მხოლოდ ვიცნობდი. ამ პასუხით ისინი დარწმუნდნენ ,რომ მე ერთი რიგითი საჯარო მოხელე ვიყავი მფარველის გარეშე
სამსახურში დაბრუნებულს ხელშეკრულებით აყვანა შემომთავაზეს, მხოლოდ იმ ფრაზის შემდგომ როცა ვთქვი – ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი უსამართლობაა, ის ცილიც რაც მე დამწამეს და ჩემს ყურამდე მოაღწია სამარცხვინო ცილისწამებაა. ხომ მიცნობთ, რომ ვიბრძოლებ საკუთარი უფლებების დასაცავად გიღირდათ ამად როცა იცოდით, რომ ჩემი ნებით მივდიოდი სექტემბერსთქო. (მე მათ რეორგანიზაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ვუთხარი, რომ სექტემბერს საკუთარი ნებით წასვლას ვაპირებდი, მიზეზად ახალი სამსახურის შემოთავაზება დავასახელე) ხელშეკრულების გაფორმებას არ დავთანხმდი. რატომ ? რადგან სამართლიანობისთვის ხმის ამოღება გადავწყვიტე ჩემი, ჩვენი, 31 დეკემბერს უსამართლოდ სხვისი პირადი ინტერესების გამო შეწირული საჯარო მოხელეების სახელით.
იცით არ მინდა ვინმემ ოპოზიციონერობა,” ვიღაცისიანობა “და რაღაც მისთანანი დამაბრალოს და რაღაც შეთქმულების თეორიებზე-პროვოკაციებზე ისაუბროთ ახლა რადგან გავბედე და ეს წერილი დავწერე. ჩემს სახელმწიფოს და ჩემს ხალხს შეთქმულების თეორიების ბინძურ თამაშებში არ კი არა ვერ გავრევ იმიტომ, რომ ეგ უნარი არ გამაჩნია დიდება ღმერთს! მე ერთი რიგითი საჯარო მოხელე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. ჩემი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელისუფალს ! ეს არის ჩემი პრინციპი და ეს უნდა იყოს ნებისმიერი საჯარო მოხელის პრინციპი. მინდა მათი უფლებები დაცული იყოს იმ იდეალური კანონის ქვეშ რაც გვაქვს ! არ მინდა საჯარო მოხელეები შეშინებულები და დაზაფრულები იყვნენ იმის შიშით ,რომ კონკრეტული “პრივილეგირებული დაჯგუფება” სამსახურიდან გაუშვებს პირადი ინტერესების გამო მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მფარველი არ ჰყავთ და მლიქვნელობაც ვერ შეძლეს. საჯარო მოხელეები სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდნენ და არა კონკრეტულ სუბიექტებს, რომლებიც ცდილობენ თითეული მათგანის მლიქვნელად ქცევას. ასე ვერ ავშენდებით !
მინდა 31 დეკემბერს უსამართლოდ რეორგანიზაციის პროცესს მოყოლილი ადამიანები გახდნენ პრეცედენტნი, რომ ამ ქვეყანაში თითეული საჯარო მოხელის უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული ! ნებისმიერ არაპრივილეგირებულ საჯარო მოხელეს კანონს თუ ვერცერთი სუბიექტურად მოაზროვნე “ბოსი” ვერ დაურღვევს პირადი ინტერესების გამო, მაშინ ვიტყვი რომ ღირდა ჩემი სამომავლო პერსპექტივების გადახაზვად, რადგან ისიც ვიცი, რომ ამ წერილის შემდგომ მე უბრალოდ სამუდამოდ გამოვეთხოვები საჯარო მოხელეობაზე მუშაობის სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრსა და ოცნებას რადგან ვაცნობიერებ იმ რისკებს, რომ არცერთი თქვენგანი ამის უფლებას მე აღარ მომცემს!
ჩემ ხალხს – არ მინდა იფიქროთ, რომ რიგითმა საჯარო მოხელემ სამსახურის დაკარგვაზე წუწუნი გადაწყვიტა მაშინ, როცა უმუშევრობა პანდემიის პერიოდში ჩემ ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულზე ავიდა, თითეული თქვენგანის სოციალური მდგომარეობა მტკივა და განვიცდი რადგან ჩემთვის უცხო არ არის. მეც მაგ გარემოში გაზრდილი და მცხოვრები ადამიანი ვარ. ეს წერილიც ერთ-ერთ ბერკეტად მინდა იქცეს, რომ არცერთი საჯარო მოხელე “არაპრივილეგირებულთა ბანაკიდან “არ შეეწიროს ვიღაცის კერძო ინტერესებს.
ვიცი, რომ რეორგანიზაცია ნებისმიერ დაწესებულებაში ეს არის ჯანსაღი ორგანული პროცესი და ამან შეიძლება გამოიწვიოს შტატების შემცირებაც, მაგრამ ჩემი ხმის ამოღება განაპირობა უსამართლო ნაბიჯებმა და ქმედებებმა რომელიც რეორგანიზაციის უკან იმალება …(რისი თქმის უფლებასაც ჩემს თავს ვერ მივცემ ასე ღიად საჯაროდ ამ სივრცეში) და 31 დეკემბერს განხორციელებულმა ზარმა.
პ.ს. რატომ არ გამოვაქვეყნე ეს წერილი უფრო ადრე როცა 31 დეკემბერს გავიგე ჩემი გათავისუფლების ამბავი? მხოლოდ იმიტომ, რომ 2020 წლის თანმდევი მძიმე სოციალური, ეკონომიური, მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შემდგომ რაც სუფევდა ჩემს ქვეყანაში არ მინდოდა ახალი წლის ბედნიერი დღეების ჩემი ამბით ვინმეს დაზაფრა, რადგან 2021 წლის ახალი წელი უნდა ყოფილიყო ის ახალი წელი როცა ყველანი უკეთესი მომავლის რწმენით უნდა შევხვედროდით და არავინ ვიმსახურებდით დარდს, ტკივილს და ცრემლებს. როცა სატელევიზიო ჩართვით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარნეულში მცხოვრებ მოსახლეობას ახალ წელს ულოცავდა ამ დროს ეკრანებს მიღმა უსამართლოდ გაშვებული თანამშრომლები და კონკრეტულად ერთ-ერთი მათგანი მე ტირილისგან დაოსებული თვალებით მძინარე ორ შვილს ვუყურებდი და ვფიქრობდი: მეც მომიწევს მათი დატოვება?! ამ ფიქრებით მოვდივარ 31 დეკემბრიდან დღემდე რადგან ვიცი, რომ ვეღარ შევძლებ ისევ წლობით სტაჟირებაზე სიარულს იმის დასამტკიცებლად რომ ნეპოტიზმის გარეშეც ამ უმუშევრობის დროს მე სამსახურს ვნახავ. ამის აღარც დრო და აღარც ფინანსური რესურსი გამაჩნია სამწუხაროდ და გამოსავლად მეც ემიგრანტობა მოვიტოვე, მაშინ როცა ჩემი შრომისუნარიანობა ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ღირსეულად გვერდში დგომით მინდოდა გამომეყენებინა.
მერწმუნეთ ეს არ არის მხოლოდ მარიანა გვრიტიშვილის ისტორია ბევრი საჯარო მოხელე ამოიცნობს საკუთარ თავს ჩემ ისტორიაში. ხოლო ვინც დაგმობს ამ ისტორიას ან მლიქვნელი პრივილეგირებული საჯარო მოხელეა ან “ბოსი” და თუ არცერთი მათგანი ხართ გილოცავთ! გაგიმართლათ! რადგან თქვენ იმ “მცირერიცხოვანთა ბანაკში” ხართ ვისი ხელმძღვანელიც ლიდერია !
-რა უნდა მარიანა გვრიტიშვილს?
-სამართლიანობის აღდგენა “შპს” -დ გადაქცეულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
საქართველო ალიდერე გახარიავ!
პატივისცემით
მარიანა გვრიტიშვილი”

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close