საზოგადოება

თემურის 6 წლის ვაჟი ხარებას გარდაიცვალა… “მისი სულის ძებნა დავიწყე…” – თემურ წიკლაურის ტრაგედია

თემურ წიკლაურის ცხოვრება და მისი ხმის დრამატულობა მისმა ტრაგედიამ განსაზღვრა, ალბათ. 1983 წელს, მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა: “ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა გიორგის დასაფლავების შემდეგ… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.


გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ გიორგის 75 წლის მომღერალი მამის გარდაცვალების მიზეზიც ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები… პირადი ტრაგედიის მიუხედავად, თემურ წიკლაური სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა. ქეთი წიკლაურმა ათიოდე დღის წინ, “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში ამ ტრაგედიაზეც ისაუბრა. ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, ჩნდებიან, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს. ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხევევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს. 1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული… აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში… თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის… იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო… ბესო ჩუბინიძემ, რომელიც მომღერალთან მეგობრობდა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თემურს არ ეშინოდა სიკვდილის. ბესო ჩუბინიძე: – ხშირად ვსაუბრობდით სიკვდილზე, ამ არამატერიალურ გარდასახვაზე. თემო ამ საკითხში, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ფილოსოფოსი იყო. არ ეშინოდა სიკვდილის და იმის სჯეროდა, რომ გარდაცვალება განზომილებების შეცვლა იყო. ამბობდა, რომ მისი ვაჟი, გიორგი სხვა სამყაროში აგრძელებდა არსებობას და იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, შეხვდებოდა იქ თავის შვილს. გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემური გაცილებით დიდხანს იცოცხლებდა. ვერაფერი მოერეოდა… ბევრი რამ ჰქონდა გულში ჩაკლული.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close