სიახლეები

ახალციხელი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში მიასვენეს

27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში მიასვენეს. სიკვდილის მიზეზის დასადგენად ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ განვითარებულ გართულებაზე ახალციხის კლინიკა „იმედში“ არასწორად უმკურნალეს. ოჯახმა ადვოკატიც აიყვანა.


„ახლა ველოდებით ადვოკატს, რომელმაც გვითხრა რომ დღესვე ჩამოვა და შევთანმხდებით დეტალებზე. ექსპერტიზა აქვე ჩაუტარდება. დღეს საღამოს ჩამოვა მეგის დედაც, რომელიც იტალიაში ემიგრანტია“, – ამბობს გარდაცვლილის მაზლი მალხაზ კობახიძე.
27 წლის ქალს სამშაბათს, 23 მარტს დაკრძალავენ.
მეგი ბაქრაძე კოვიდკლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის 19 მარტს გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ავტორი: რუსკა გვარამაძე
წყარო : primetime

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close