
გასულ კვირას, ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგედიით დასრულდა. შავი ჯიპი 19 წლის ფეხმძიმეს ისე დაეჯახა, რომ გოგონა ჰაერში აისროლა და მეორე მანქანის კაპოტზე დაანარცხა. მანქანამ გზა განაგრძო და რამდენიმე მეტრის მოშორებით, დედა-შვილსაც დაეჯახა, შემდეგ კი მიიმალა. საუბედუროდ, 4 თვის ფეხმძიმე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა და ერთი ლამაზი ოჯახის ბედნიერებაც წამიერად დაიმსხვრა.
26 წლის გიორგი შენგელია და 19 წლის ლიზი გოგუა 6 თვის შეუღლებულები იყვნენ. ისინი ნაძალადევში, ერთ პატარა ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდნენ. გიორგი მუშაობდა და მეუღლეს ანებივრებდა. ბედნიერი წყვილი მოუთმენლად ელოდა შვილის დაბადებას. იმ საბედისწერო დღეს ლიზი სამშობიაროში კონსულტაციაზე იყო მისული. მერე სახლში მეგობრები ესტუმრნენ და მაღაზიაში ყავის საყიდლად წავიდა. გზაზე გადადიოდა, როცა გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი “რავ 4” დაეჯახა. ძლიერმა ხმამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. მათ შორის იყო იმ სახლის დიასახლისიც, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. “აქ ძალიან ხშირად ხდება ავარია. ცოტა ხნის წინ ორი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ შუქნიშანს მაინც არ აყენებენ. იმ დღესაც იმდენად ძლიერი დარტყმის ხმა გავიგონე, რომ გარეთ გავვარდი. ეზოს გოგოებიც მოვიკითხე. არ მიფიქრია, რომ ლიზი გარეთ იქნებოდა: ფეხმძიმობის გამო ძირითადად სახლში იყო…
იქვე შემთხვევით აღმოჩნდა გიორგის ძმაკაციც, რომელსაც ვუთხარი, ერთი ნახე, ვინ არის-მეთქი? “სასწრაფოს” მანქანაში რომ შეიხედა, ადგილზე გაშეშდა, რადგანაც მიცვალებული ლიზი აღმოჩნდა… კეთილი, თბილი, მოსიყვარულე გოგო იყო. შეხმატკბილებული და ბედნიერი წყვილი იყო. ლიზი ხშირად ჰყვებოდა გიორგის ოჯახის შესახებ და მას თბილად მოიხსენიებდა… ძალიან დაგვწყვიტა გული”, – გვითხრა დიასახლისმა.
ია ხურცილავა გიორგი შენგელიას ოჯახის ახლობელია და მომხდარი ტრაგედიით ისიც შეძრულია. ვერ აუხსნია, ასეთ მოკლე ხანში ამ პატარა გოგომ ამხელა სიყვარულის დათესვა როგორ შეძლო?!
ია ხურცილავა:
– მომხდარს ისე განვიცდი, რომ საუბარი მიჭირს… ლიზი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება… გიორგიმ ლიზი შეუღლებამდე გაგვაცნო და ამ ადამიანმა ძალიან შეგვაყვარა თავი. გიორგი ობლობაში გაიზარდა, ფეხბურთელი იყო, სამტრედიის გუნდში თამაშობდა. ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია. მეუღლე ძალიან უყვარდა. მთელი სანათესავო ხელისგულზე ატარებდა პირველ რძალს. ლიზის ერთი ძმა ჰყავს, 7 წლის; ის ფაქტობრივად, მისი გაზრდილია… შვილზე ოცნებობდა და უბედნიერესი იყო, როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო…
გიორგიმ მეგობრისგან შეიტყო მომხდარი. სასოწარკვეთილი, შემთხვევის ადგილზე თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ პატრულმა შეაჩერა… მოკლული გოგონას ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, სამტრედიაში, სოფელ კულაშში, გიორგის სახლში გადაასვენეს. 19 წლის გოგომ იქაც მოასწრო უდიდესი სიყვარულის დათესვა და ყველას შეაყვარა თავი.
გიორგი შენგელიას მათი სიყვარულის ამბის მოყოლა ვთხოვეთ. დაგვთანხმდა. ცდილობდა, ემოციები მოეთოკა, ცრემლი შეეკავებინა, მაგრამ ამას მაინც ვერ ახერხებდა. სიყვარულით იხსენებდა ლიზისთან გატარებულ წუთებს, დროდადრო ჩუმდებოდა, საუბრის გაგრძელება უჭირდა, მაგრამ თავს ძალა მაინც დაატანა.
– კიდევ ამ მჯერა, რომ ჩემი დიდი სიყვარული ცოცხალი აღარ მყავს და ყველაფერი დამთავრდა…
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო. ლიზის დაქალთან ვმეგობრობდი. მას მიუცია ჩემი ტელეფონის ნომერი და ლიზიმ გახუმრების მიზნით დამირეკა. შემდეგ ერთმანეთს დავუახლოვდით. დიდხანს ვემესიჯებოდით ერთმანეთს, ვირტუალური ურთიერთობა გვქონდა. გარეგნულად ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ ვგრძნობდით, რომ უერთმანეთოდ აღარ შეგვეძლო… სამსახურიდან გავეთავისუფლე და ლიზის გასაცნობად ბათუმში წავედი. შევხვდი და ძალიან მომეწონა. დიდხანს ვილაპარაკეთ და მივხვდით, რომ დაუსწრებლად ერთმანეთი უკვე შეგვყვარებოდა… შეყვარებულები ხშირად ეჭვიანები ხდებიან და ჩვენც ასე ვიყავით. ერთხელ, ჩემს ნომერზე დარეკა; ახლობელმა გოგომ უპასუხა, მასზე იეჭვიანა და ამის გამო სერიოზულად გამებუტა და დავშორდით. ორი წლის განმავლობაში არ გვქონდა ურთიერთობა. მაგრამ ლიზის გარეშე ცუდად ვიყავი და “ოდნოებიდან” ვწერდი წერილებს. ბოლოს შევრიგდით. ბოლოს გადავწყვიტე, პირდაპირ ოჯახში მივსულიყავი და მამამისს დავლაპარაკებოდი.
– ქალის ხელი ოფიციალურად ითხოვეთ?
– დიახ, მისი ოჯახი დავაფასე და ოჯახში მივედი. მათგან თანხმობა მივიღე, კარგი ოჯახი აქვს… 28 აპრილს ულამაზესი ქორწილი გვქონდა. ბედნიერებისგან დავფრინავდით. ბათუმში მოვაწერეთ ხელი. ღანირის წმინდა გიორგის ტაძარში ჯვარი დავიწერეთ… თბილისში ნაქირავები ბინა პატარა კი იყო, მაგრამ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ სივიწროვე ნამდვილად არ გვიგრძნია. სანამ ცოლს შევირთავდი, ის ბინა ჩემი ხელით გავარემონტე, ძმაკაცები მეხმარებოდნენ, მინდოდა მყუდრო გარემო შემექმნა. ლიზი მეუბნებოდა, – ბავშვი რომ გვეყოლება, აქედან არ გადავიდეთო… საოცრად თბილი და საყვარელი ადამიანი იყო. ჩემზე ბედნიერი ამქვეყნად არავინ მეგონა. პატარის გაჩენისთვის ვემზადებოდით, სახელიც შევურჩიეთ – დავითი უნდა დაგვერქმია…
– ლიზის რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა?
– ბოლო 6 თვის მანძილზე სამჯერ მაინც აქვს ნათქვამი, – უეცრად მანქანა რომ დამეჯახოს და მოვკვდე, შენ რას იზამ, მეორე ცოლს ხომ არ მოიყვანო? მისი ამ ნათქვამისთვის მაინცდამაინც არ მიმიქცევია ყურადღება. რას წარმოვიდგენდი, ასეთი უბედურება თუ დამატყდებოდა?!. იმ დღეს დილის ცვლაში ვმუშაობდი. 8 საათზე ავდექი, მოვწესრიგდი… დილით არ ვსაუზმობდი და ამიტომ, ვცდილობდი, ლიზი არ გამეღვიძებინა. სახლიდან გასვლამდე ყოველთვის ვკოცნიდი და ისე მივდიოდი. იმ დილითაც სამჯერ ვაკოცე ფრთხილად და ისე წავედი…
– იმ დილით თქვენი წასვლა არ გაუგია?
– ჩემს კოცნას აუცილებლად გაიგებდა, მაგრამ არ გაუღვიძია, ისე საყვარლად ეძინა. ჩვენს პატარასაც მუდმივად ველაპარაკებოდი, ვკოცნიდი და მის დაბადებას მოუთმენლად ველოდი… ჩემმა დეიდაშვილმა იმ დღეს ლიზი მანქანით საკონსულტაციოდ, ექიმთან წაიყვანა… ცოლ-შვილი კი წამართვეს, მაგრამ იმ ბედნიერ დღეებზე ტკბილ მოგონებას ხომ ვერავინ წამართმევს!..
– ვისგან შეიტყვეთ მომხდარი ტრაგედიის შესახებ?
– ჩემი მეჯვარე, მისი მეუღლე და ახლობელი გოგო იყვნენ ჩვენთან სტუმრად მოსული. მეჯვარემ დამირეკა, – ლიზის მანქანა დაეჯახაო… მთელი უბანი გარეთ იყო გამოსული. ყველა ტიროდა, მეც ბოლო ხმაზე ავყვირდი… მერე რაღაც მომენტები არ მახსოვს. როგორც მითხრეს, თურმე მანქანას ვუვარდებოდი… აგერ მაქვს ჩემი ლიზის ჯვარი და მთელი ცხოვრება მეკეთება… სულ იმას ვფიქრობ, რატომ დამემართა ასეთი უბედურება?! იმ კაცსაც არ ვუსურვებ ასეთი ტრაგედიის გადატანას, ვინც ცოლ-შვილი მომიკლა… ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა და ამის დავიწყება არასდროს მოხდება! ლიზის ძირითადი ტრავმა კეფაზე აქვს… ნეტავ, დაინვალიდებულიყო, ოღონდ ჩემ გვერდით ყოფილიყო… ულამაზესი იყო; ისე უხდებოდა ფეხმძიმობა, მე კი მისი ამ პერიოდის ფოტოებიც არ დამრჩა…
მეორე კლასში ვსწავლობდი, როცა მამა აფხაზეთის ომში დამეღუპა. ორი ძმა მყავს, ძალიან თბილი ოჯახი მქონდა. პირველი რძალი იყო ლიზი. ძლივს გავიხარეთ და… ლიზი სოხუმიდან დევნილია. ბათუმში ცხოვრობდა მშობლებთან დაძმასთან ერთად… წინააღმდეგი ვიყავი ბათუმში მისი გადასვენების, მაგრამ მამამისმა მითხრა, – 19 წელი ჩემთან იყო, მე გავზარდე, 6 თვე შენ გყავდა და ახლა მინდა, ჩემი შვილი ჩემთან იყოსო! მოძღვარს ვკითხე, – მამაო, ეს უბედურება თავს რატომ დამატყდა-მეთქი?.. ისიც ატირდა და მითხრა, – ბედნიერებაა მიცვალებულისთვის ის, რომ ამ ქვეყნიდან ფეხმძიმე წავიდაო… მოკლედ, ყველანაირი გეგმა და ოცნება დაიმსხვრა. ახლა მხოლოდ მოგონებებით უნდა ვიცხოვრო. აღარ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან მენატრება ჩემი ცოლ-შვილი…
მარტოხელა ქალის ტკივილიანი ცხოვრება
იმ საბედისწერო დღეს, იგივე ავტომანქანა დედა-შვილსაც დაეჯახა, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს, დედამისი კი – ღუდუშაურის სახ. კლინიკაში. მოგვიანებით, ძალოვნებმა გაქცეულ მძღოლსაც მიაგნეს. მას ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. თვითმხილველთა მტკიცებით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.
დედა-შვილის მდგომარეობის გასარკვევად, მათ ბინაში მივაკითხე. ქალს ტვინის შერყევა და სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება. საავადმყოფოდან მეორე დღეს გაწერეს და ახლა შინ წევს. მითხრა, საჭირო რომ ყოფილიყო, საავადმყოფოში მაინც ვერ დავრჩებოდი, რადგან ამის საშუალება არ მაქვს – ერთი ღამე ვიყავი და 475 ლარი უნდა გადავიხადო, ხელწერილით გამომიშვესო. საბედნიეროდ, 10 წლის ბიჭი გზაზე გადავდიოდით. დავინახე, მანქანამ გოგო ჰაერში როგორ ააგდო. მისგან 6-7 მეტრის მოშორებით ვიყავით. მერე ჯიპი “ღმუილით” ჩვენკენ წამოვიდა. არ დავბნეულვარ, წამებში ბავშვს ხელი ვკარი და მეც გარიდება ვცადე. როგორც ჩანს, დაჯახების შემდეგ მძღოლმა “გაზს” უფრო მეტად მიაჭირა ფეხი და ჩვენი მიმართულებით წამოვიდა. საბედნიეროდ, მანქანამ მხოლოდ ფეხზე გამკრა, თორემ იმხელა ჯიპი რომ დაგვჯახებოდა, ორივეს ადგილზე დაგვხოცავდა. საპირისპირო გზაზეც არ მოდიოდნენ მანქანები, თორემ ისინი გადაგვივლიდნენ. მე და ჩემი შვილი ძირს ვეყარეთ. მაშინვე წამოვდექი; იმწუთას ტკივილი არ მიგრძნია და ტროტუართან ჩამოვჯექი. ამასობაში ხალხიც მოგროვდა. ბავშვს არ მიუღია დაზიანება, მაგრამ იმხელა შოკში ჩავარდა და ისეთ ისტერიკაში იყო, რომ ყველას ბოდიშს უხდიდა.
ისედაც ავადმყოფი ბავშვია და არ ვიცი, ამის შემდეგ დამატებით, რა ფობიები გაუჩნდება… როგორც გამომძიებელმა მითხრა, – მანქანის პატრონი 70 წლის კაცია, პარკინსონის დაავადება აქვს; ნარკოლოგიური ექსპერტიზა რომ ჩავუტარეთ, რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდაო, – მაგრამ ფაქტია, ნორმალური ადამიანივით არ მოქცეულა: ყველას შეიძლება, ასეთი რამ დაემართოს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცეს, იმ მომენტში შეიძლება, ვერ გააჩეროს მანქანა, მაგრამ ხომ შეეძლო, რაღაც მანძილი რომ გაიარა და აზრზე მოვიდა, ეღიარებინა დანაშაული. როგორც ვიცი, გაქცევის შემდეგ მანქანა სადღაც მიუგდია და სახლში წასულა. პოლიციელებისთვის უთქვამს, მანქანა ვიღაცამ მომპარაო. გამომძიებლის თქმით, ახლა ის კაცი სტაციონარშია და თავზე ბადრაგი ადგას. როგორც ჩანს, ამ ავარიის შემდეგ თვითონაც სტრესშია და ცუდად არის. მისმა ახლობლებმა შემომითვალეს, იმდენად ცუდად არის, დიდხანს ვერ იცოცხლებსო…
– შვილს მარტო ზრდით?
– არ ვიცი, ღირს კი ამ თემაზე საუბარი?.. ეს ჩემთვის უმძიმესი ტკივილია… დედისერთა ვარ. მშობლები მანებივრებდნენ, არაფერი მაკლდა, მაგრამ ცხოვრებამ მძიმე განსაცდელი მომივლინა. ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი. მშობლები გარდაცვლილები არიან… ჩემი მეუღლეც დედისერთა იყო. შვილი არ გამიჩნდა და ამიტომ 42 წლის ასაკში ბავშვის აყვანა გადავწყვიტე. 6 დღის ბიჭი სახლში მოვიყვანეთ. დედისერთა რომ ვიყავი, ჩემმა მეუღლემ ჩემებს ასიამოვნა – ბავშვს მამაჩემის სახელი დავარქვით და ჩემს გვარზე დავწერეთ. ქმარიც გვერდით მყავდა და ბავშვს ერთად ვზრდიდით. თავიდან პატარა ჩვეულებრივად ვითარდებოდა, იზრდებოდა, მერე კი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია.
– რატომ?
– ჩემი მეუღლე ერთი უბედური შემთხვევის გამო ციხეში მოხვდა და ავადმყოფ ბავშვზე უარი თქვა. ამიტომ, მას გავცილდი და მარტო დავრჩი. მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი და დეკრეტულ შვებულებაში მყოფი შემამცირეს. ძიძის აყვანის საშუალებაც არ მქონდა და პატარას მარტო ვზრდიდი. ვერ წარმოიდგენთ, რა ჯოჯოხეთური წლები გამოვიარე. სრული სიმარტოვის და განწირულობის პერიოდი მქონდა. ყველამ ზურგი შემაქცია – ალბათ ეშინოდათ, რომ დახმარებას მათ ვთხოვდი და გამირბოდა. უეცრად სრულიად მარტო, ყველასგან მიტოვებული აღმოვჩნდი, მაგრამ უფლის წყალობით, მე და ჩემი შვილი გადავრჩით!.. რაც დრო გადიოდა, ვატყობდი, ბავშვი ცუდად იყო, ვერ ვითარდებოდა. ექიმებთან დამყავდა, არაფერს ვაკლებდი, მაგრამ ამ დაავადებასთან უძლური აღმოვჩნდი.
– რა დაავადება სჭირს?
– გონებრივი ჩამორჩენა – არადა, გარეგნულად ძალიან ლამაზი ბიჭია, მაგრამ, სამწუხაროდ, ექიმები განკურნების იმედს არ იძლევიან… რაც დრო გადიოდა, მისი ყურება და მოვლა მიჭირდა. ავადმყოფურად განვიცდიდი და მეც დავავადდი. შემეშინდა, – მოკვდები და ბავშვი უპატრონოდ დამრჩება-მეთქი,- და ბავშვთა სახლში მივიყვანე… 8 წლამდე მხოლოდ სიტყვებს ამბობდა… ახლა კოჯრის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლშია. ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას, პერიოდულად სახლში მომყავს. ძვირად ღირებული მედიკამენტები სჭირდება და რომ არ ვიმუშაო, წამალს ვერ ვუყიდი… ვცდილობ, დედის სითბო არ მოვაკლო და როგორც შემიძლია, ვანებივრებ. შეიძლება, ვინმემ გამაკრიტიკოს და თქვას, ბავშვი იშვილა და მერე ბავშვთა სახლში ჩააბარაო, მაგრამ მერწმუნეთ, ამის გაძლება რთულია.
24-საათიანი ზედამხედველობა სჭირდება და სახლში ამის პირობები არ მაქვს. თან, მისი წამლებისთვის ხომ უნდა ვიმუშაო? მინდა, იმ მდგომარეობამდე მივიდეს, რომ დამოუკიდებლად თავის მოვლა შეძლოს. პროფესიით ფსიქოლოგიც ვარ. ფსიქოლოგი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ ამდენს ვერც გადავიტანდი. საკუთარ თავს სულ ვეუბნებოდი, – არ დანებდე გაჭირვებას, გადარჩები-მეთქი, – და ასე გადავრჩით მე და ჩემი შვილი! ამაყი ვარ იმით, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, დაჩოქილი და მათხოვარი არავის ვუნახავვარ და ამის გამო ახლობლების დამოკიდებულება ჩემ მიმართ ისევ შეიცვალა. მე გადარჩენა შევძელი, ცხოვრებას ვაგრძელებ, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ იმ ადამიანებზე, ვინც ვინც ზურგი შემაქციეს…