საზოგადოება

20-წლიანი თანაცხოვრება, შემთხვევით გათხოვება, დაშორება და ცოლობის მარწუხები – ეკა ჩხეიძის უცნობი ამბები

ძლიერი, ლამაზი, სექსუალური და ჭკვიანი ქალი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, კატა ჯიქია ხომ გახსოვთ? დღეს სწორედ ამ პერსონაჟის შემქმნელზე, ეკა ჩხეიძეზე უნდა გიამბოთ.
ეკა ბევრისთვის ძლიერი ქალის ეტალონია. დახვეწილი მანერები, გარეგნობა და სექსუალურობა – ეს ეკას დამახასიათებელი ნიშნებია.
როგორც თავად ამბობს, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყვადა და ბევრი ქალიც „შურის თვალით“ უყურებდა.
მსახიობი პირადის შესახებ ჟურნალისტებთან გულახდილად საუბრობს და ჰყვება, რომ ცოლობა მისთვის მარწუხებთან ასოცირდება.

უცნობი თაყვანისმცემელი

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ეკა ჩხეიძის „თაყვანისმცემლად“ აცხადებდა თავს, აწუხებდა და აშანტაჟებდა, დაიჭირეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მართალია, ეკას მისი საქციელის გამო, სასამართლოში შეტანილი ჰქონდა განაცხადი, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი თავისუფლების აღკვეთა არ სურდა და ამისთვის ეს ადამიანი არ გაუმეტებია.
არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ის ადამიანი, ვინც წლებია, მაწუხებდა, დაიჭირეს. თავიდანვე ვთქვი, რომ მის დაჭერას არ ვაპირებდი, მაგრამ გამოსავალი არ დამიტოვა და მხოლოდ მაშინ ვუჩივლე, როცა ჩემ სადარბაზოში სროლა ატეხა. ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს, მაგრამ გეტყვით, რომ ის არ დაუჭერიათ – ეს არასწორი ინფორმაციაა. მას პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ეს იმას ნიშნავს, ორი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მომეკაროს.
იდიოტია ეს ადამიანი და მის ცოლ-შვილს რას ვერჩი-მეთქი. ორი პარტია ცოლ-შვილი ჰყავს და მე, როგორც ქალი, შევედი მათ მდგომარეობაში, თორემ ხელს კი არ ვაფარებ და ვიცავ. უბრალოდ, არ ვიკადრებ ამას.

გათხოვება

შემთხვევით გავთხოვდი, თორემ რომ დავმჯდარიყავი და ამაზე მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი. ტრადიცია მგონია, რომ მაინცდამაინც უნდა გათხოვდე, შვილი გააჩინო, ეს მარწუხებია. შვილი ვისთანაც გინდა, გააჩინე, თუ კარგი ადამიანია, ის კარგი მამაც იქნება. მაინცდამაინც იმასთან დაიძინო, გაიღვიძო, დანახვა რომ აღარ შეგიძლია, რა სავალდებულოა.
შეყვარებულობის პერიოდი კარგია, მერე იწყება კონფლიქტი და არეულობა, ამას ეს დისტანცია არ ჯობია? მომბაძეთ, უკონფლიქტოდ ვცხოვრობ აქამდე. სანამ დავქორწინდებოდი, პირველ კურსზე მყავდა შეყვარებული, რომელმაც ცოლობა მთხოვა და ეგრევე დავიმალე. მერე სხვამ მთხოვა ცოლობა და იმასაც ვუთხარი, არ შემიძლია-მეთქი.
ცოლობა ჩემთვის მარწუხებთან ასოცირდება, მგონია, რომ მორჩა, სიცოცხლე დამთავრდა. მერე ისეთ მსუბუქ ადამიანს შევხვდი, სიტყვა ცოლი, ქმარი თვითონაც არ უყვარდა. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით. მერე ცუდად ვიყავი, რეანიმაციაში ვიწექი და ამ ყოველდღიური მოკითხვებით, მოსვლით, ყვავილების მოტანით და ყურადღებით დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა და რომ მითხრა ცოლად გამომყევიო, გავყევი.

შვილები

ჩემი შვილები უკვე ჩემი მეგობრები არიან და მე მათ მეგობრებთან ვმეგობრობ, ასაკის კვალი წაშლილია. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ჩემზე პატარა, ძალიან მომწონს ეს და ასაკს ყურადღებას არ ვაქცევთ. არ მაკომპლექსებს ასაკი და არც ასაკის მიხედვით ვმეგობრობ – ვისთანაც კარგად ვგრძნობ თავს, იმასთან ვურთიერთობ.

„ფულის ხე“

მილიონერობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ისე აყვავდა ჩემს სახლში „ფულის ხე“, ყველა გაგიჟდა. ერთი გარდენიაში, შევარდნაძესთან ყვავის და მეორე – ჩემთან. ლამაზია, თორემ ისეთი სისულელეების, რომ ამას ფული მოაქვს, არ მჯერა. მე ხის კი არა, ჩემი ხელფასის იმედი მაქვს.
ქუჩაში ვიღაც კაცი ყიდდა ულამაზეს „ფულის ხის“ ბუჩქს. ვკითხე, რა ღირს-მეთქი და მიპასუხა: 60 ლარი. უფულობას რა ვუთხარი, თორემ ამას გავყიდდიო? „ფულის ხე“ ეძახე შენ და უფულობის გამო კი ყიდდა. თუმცა, ამბობენ, როცა ყვავის, ბედნიერების ნიშანიაო.

დანგრეული ოჯახი

11 წელია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, სხვადასხვა სახლში, ევროპულად. ოღონდ დაშორებული არ ვართ. არც გვიჩხუბია, არც მიზეზი გვაქვს მაგის, არც მესამე პირი ჩარეულა და ვინმეს გამო არ მომხდარა.
ასე გადავწყვიტეთ, რადგან იმდენად კარგად იყო ყველაფერი აწყობილი, დავარცხნილი, ეტყობა, ცოტა „დრაივი“ გვჭირდებოდა, ცხოვრების გაფერადება, გადახალისება.
თავისუფლება მივანიჭეთ ერთმანეთს, მაგრამ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლო მეგობრები ვართ და დღემდე სხვა ასეთი დიდი სიყვარული არცერთს არ გვწვევია. მივხვდით, რომ ეს ყოველდღიურში გადავიდა, რუტინულში, უინტერესოში და ვთქვით, იქნებ ცოტა ხანს დავშორდეთ და მერე თავიდან დავიწყოთ, იქნებ მონატრებამ რაღაც ახალი მოიტანოსო, მაგრამ ეს დაშორება ორივეს მოგვეწონა და გაგრძელდა, თუმცა ეს არაფრით არ დატყობია ჩვენ ოჯახს, ჩვენ ურთიერთობას, მით უმეტეს ბავშვებს – არაჩვეულებრივი მამაა.
დღემდე არავინ მირჩევნია მას და თვითონაც იგივე სჭირს. მივხვდი, რომ გავცივდი, აღარ მაქვს ლტოლვა. ერთმანეთთან ისე ვართ, რომ გაგიჟებულია ყველა, ამ დროს ცალ-ცალკე გვძინავს.
ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრია. ოცი წელი ვიყავით ერთად და მე მგონი ძალიან დიდი დროა. მივხვდი, რომ ეს სიყვარული და პატივისცემა უნდა შევინარჩუნოთ, დავიშალეთ და გადავხალისდით.

„მეორე ქორწინება?“

ურთიერთობა შეიძლება გქონდეს, მეორედ შეიძლება გათხოვდე, მაგრამ მეორედ რომ გავთხოვდე, იმის თავს არავინ არ მირჩევნია და როგორ? მისი თვისებები ჩემთვის იმდენად მისაღებია, იმდენად მომწონს მისი საქციელები, ჩემდა უნებურად, სულ შედარებებს ვახდენ და ეს უკვე ხელს მიშლის – ასე რომ, ვერ იქცევა, ასე რომ ვერ აკეთებს, ის ამ შემთხვევაში, ასე იზამდა…
ვცდილობ, რომ არ ვთქვა, მაგრამ ძირითადად, ჩემს ყველა თაყვანისმცემელთან ვლაპარაკობ, რა კარგი ქმარი მყავს და მეუბნებიან, თავი დაგვანებე, ნუ შეგვჭამე ამ შენი ქმრითო. ეს იმიტომ, რომ სამაგალითო მყავს. არც მიფიქრია მეორედ გათხოვება, აზრადაც არ მომსვლია.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close