
თელავში 6 თვის ორსულს თამარ ურჩუხიშვილს გლოვობენ. ქალის გარდაცვალებას ახლობლები ექიმების დაუდევრობასა და გულგრილობას უკავშირებენ.
როგორც გარდაცვლილის მეგობრები ჰყვებიან, თამარი კლინიკაში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლეს იმის დადგენა, თუ რა აწუხებდა ორსულს.
“მოკლეს, დაუდევრობით… 6 თვის ორსული იყო. მუცლის ტკივილით შეიყვანეს კლინიკაში და ორი კვირა ვერ გაიგეს, რა ჭირდა. ექიმთან რომ მივიდა, უთხრეს, მოჩვენებითი ტკივილი გაქვსო. წამოვიდა უკან, რის შემდეგაც ნაწლავი გაუსკდა და სეფსისი დაემართა…” – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
კიდევ ერთი ახლობლის თქმით, ექიმებმა პაციენტის ჩივილები სერიოზულად არ მიიღეს და პაციენტს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს:
“2 წელი არ ჰყავდა შვილი, ახლა დაორსულდა, ისეთი ბედნიერი იყო და რა დამართეს. როგორც ვიცით, 1 კვირა მკვდარი ბავშვი უტარებია მუცლით, ექიმებს უთქვამთ შარდის ბუშტის ანთებააო და ამ დროს მთელი ორგანიზმი მოეწამლა” – გვიყვება კიდევ ერთი ახლობელი.
უმძიმესი აღმოჩნდა ეს დღეები იტალიაში მყოფი დედისთვისაც. ოჯახმა თავდაპირველად არ გაუმხილა შვილის გარდაცვალების ამბავი და უთხრეს, რომ თამარი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. დედა იმავე ღამეს ჩამოფრინდა საქართველოში.
წყარო: ambebi.ge



