ახალი ამბები

როგორ უღალატა 28 წლის ექთანს სისტემამ – ოჯახმა დღემდე არ იცის, რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე

მეგის სისტემამ უღალატა. ის ექიმები, რომლებსაც მისი სიცოცხლისთვის უნდა ებრძოლათ, მასთან არ იყვნენ. გონდაკარგული ქალი რეანიმაციაში 40 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს. რაც მთავარია, მეგის გარდაცვალებიდან რვა თვის თავზეც კი, გამოძიებამ არ გასცა პასუხი კითხვას, რომელმაც მთელ ქვეყანაში შეანელა ვაქცინაციის პროცესი – რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე?
„კაშკაშებდა ეს გოგო“

მეგი ბაქრაძე ბავშვობიდან ქვემო ენთელში ცხოვრობდა. აქ გაიცნო მანუჩარიც და მალევე გათხოვდა. ორი შვილი გააჩინა, საბა და სალომე. ბავშვები რომ წამოიზარდნენ და სკოლაში წავიდნენ, ოჯახის ახლობელი პედიატრი, ქეთევან ჯინჭველაძე, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში მუშაობს, მეგის მუშაობის დაწყებაში, 2017 წელს დაეხმარა.

„უნარიანი იყო და შევთავაზე, მოდი, დაიწყე-თქო. ყოველთვიური ხელფასი გექნება, გამოხვალ სახლიდან-მეთქი“, – ასე მოხვდა მეგი კლინიკა „იმედში“.

მეგის მხოლოდ სკოლა ჰქონდა დამთავრებული და მუშაობაც სანიტრად დაიწყო. კლინიკაში არცერთ საქმეს არ თაკილობდა, ქეთევანი ამბობს, საუკეთესო იყოო.
„წავეჩხუბე, როდემდე უნდა ატრიალო ეს ცოცხი და ტილო. თან ლამაზი იყო და შემენანა. იცით სოფლის ოჯახები, დიდი ჯაფა აქვთ. ვინ გამიშვებსო, რანაირად მომიხერხდებაო. მაგრამ ერთხელაც ჩამოვიდა და შემომეხვია კისერზე, მითხრეს, რომ კი, მიდიო“.
საექთნო კურსებზე ახალციხიდან შორს წასვლა მოუწია, სადაც ნათესავები ეგულებოდა – რუსთავში. დროს სწავლას, ოჯახსა და მუშაობას შორის სიხარულით ანაწილებდა.

ქეთევან ჯინჭველაძე მეგი ბაქრაძესთან ერთად, კლინიკაში
ქეთევან ჯინჭველაძე მეგი ბაქრაძესთან ერთად, კლინიკაში

„დაავადდა მედიცინით, გაითავისა. შპრიცით რომ ამოიღებდა წამალს ფლაკონიდან, თავის თავს ხედავდა გვერდიდან თითქოს, ეპრანჭებოდა საკუთარ თავს. იქ მუშაობის ყოველი დღე იყო მისი ბედნიერი დღე. ხელს რომ მოვკიდებდი, ხაოიანი, ნამუშევარი ხელი ემჩნეოდა“.
მეგის ორი კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა, როცა 2020 წლის ზამთარში პანდემიამ საქართველომდე მოაღწია, ახალციხის პატარა, პროფილური საავადმყოფო დღე-ნახევარში ცხელების ცენტრად გადააკეთეს. ექიმებმა და ექთანმა სამსახურიდან წასვლაზე დაიწყეს ფიქრი.
„იყო პანიკა, შიშები. მეგი ძალიან მხნედ იყო და ერთი წუთით არ ფიქრობდა წასვლას. რაო, იქ ვერ მომაგნებსო, ენთელშიო? უშიშარი გოგო იყო, ბუნებით ლიდერი. პირველ რიგში უნდოდა დგომა“.

მეგის და მანუჩარის ქორწილი
მეგის და მანუჩარის ქორწილი
მეგი ბაქრაძე ბედნიერი იყო იმით, რომ ექთანი იყო, უნდოდა, სამაგალითო გამხდარიყო პანდემიასთან ბრძოლაში. ერთ-ერთი პირველი აიცრა მთელ ქვეყანაში და აღელვებული, კამერების წინაც დადგა – ყველას მოგიწოდებთ, აიცრათ, საშიში არაფერიაო.

დაახლოებით ოც წუთში მეგი ცუდად გახდა, ალერგიის სამართავი პრეპარატები გაუკეთეს, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სწრაფად დაუმძიმდა. როცა საღამოს, თბილისში ჩამოიყვანეს, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეაფასეს.

აცრის შემდეგ დრო გაჩერდა

„დღე და ღამე ჩვენ მეტი საფიქრალი არ გვაქვს, რითი გარდაიცვალა და რატომ გარდაიცვალა. ბოლო ხო უნდა ჰქონდეს. ვიღაცამ ხომ უნდა იდანაშაულოს თავი, რითი დაიღუპა, ვაქცინით დაიღუპა, ნემსის გაკეთებით დაიღუპა, ვიღაცამ ყურადღება არ მიაქცია და იმიტომ დაიღუპა? ჩვენც, ოჯახიც ხომ ცოდო ვართ ამ შემთხვევაში, სულ განვიცდით, სულ იმას ვფიქრობთ, რატომ?“ – მანანა კობახიძე, მეგის დედამთილი, რძალს დედობას იმ დღიდან უწევდა, რაც მეგის დედა ემიგრაციაში წავიდა. მანანა მეგის ოთახს ვერ ეხება – აქ დღემდე ყველაფერი ისეა, როგორც უკანასკნელ დილას, როცა მისი რძალი აცრაზე წავიდა. მხოლოდ ერთ კუთხეში, მეგის ფოტოები გამოფინა და ყოველდღე უნთებს სანთელს.

„დედა ადრე თავისთან გვაწვენდა, ახლა ბებოსთან გვძინავს“, – მიხსნის 7 წლის სალომე, როცა საგულდაგულოდ გასწორებულ ლოგინს ვუყურებ. სალომე დედას ოთახში სამეცადინოდ შემოდის ხოლმე.
სალომეს და საბას არ ახსოვთ, იმ დღეს რა მოხდა. თუ დედაზე ლაპარაკობენ, სულ წარსულს იხსენებენ. დედას ყავა არ უყვარდა, ჩაის სვამდა. ეს დედას სტეპლერი იყო. ეს ფოტო დედამ გადაგვიღო.

სალომე და საბა, მეგის შვილები
სალომე და საბა, მეგის შვილები

„წინა საღამოს სახლში თქვა საავადმყოფოზე, ან ავიცრით ყველა, ან არავინო. რომ ხედავდა ხალხს, ცუდად როგორ იყვნენ, ავიცრიო და ხალხსაც მიტო უთხრა ალბათ, ყველა უნდა ავიცრათო. ხოდა, მეთქი, ახლა ყველა იცრის და, თან ეპიდემიაა კორონავირუსის, ეს რომ არ მომხდარიყო, მეც ავიცრიდი, რა პრობლემაა“, – მანუჩარს კარგად ახსოვს ის დღე, როცა მის ცოლს აცრა უნდა გაეკეთებინა.

სალომე დედის საძინებელში მეცადინეობს
სალომე დედის საძინებელში მეცადინეობს

18 მარტს, 9 საათისთვის მეგი სამსახურში წავიდა, ოთხის ნახევარზე კი მანუჩარს მეგის თანამშრომელმა დაურეკა, შენი ცოლი „ცოტა ცუდად“ არის, ახალციხეში ჩამოდიო. საავადმყოფოში მისულ მანუჩარს ატირებული პერსონალი დახვდა.

„მეთქი, სად არის მეგი, ვიღაც ყარაული ყავთ ერთი და იმან წამიყვანა, რომ ავედით, მეორე სართულზე არის რეანიმაცია, იქ იწვა, ტაპჩანი იყო, ალბათ მაგით შეიყვანეს რეანიმაციაში, რომ ავიყვანე, ტანზე გადაფარებულივით ჰქონდა, მკერდი ჰქონდა დაფარული, თავი უჩანდა გასიებული. მტერს არ ვუსურვებ ასეთ რაღაცას, ჩემი თვალებიდან ჩემი ცხოვრება არ ამოვა“.
გამწარებული მანუჩარი იმუნიზაციის ოთახში ჩავიდა და ყველაფერი დალეწა, რაც ხელში მოხვდა. პოლიციელებმა გააკავეს, განყოფილებაში წაიყვანეს და მხოლოდ ღამე გაუშვეს პირდაპირ თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე
„იქ თქვა რატიანმა, ყველაფერი კარგად იქნებაო, რომ ჩავედით. უბრალოდ, თუ გადავარჩენთო, ალბათ დამბლადაცემული იქნებაო და მოგიწევთ მოუაროთო. საერთოდ არ მქონდა მაგის პრობლემა, ცხოვრების ბოლომდე კოვზით ვაჭმევდი, ოღონდ გადარჩენილიყო“.

მეგი ბაქრაძე საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანომობილით 18 მარტს, 19:45-ზე მიიყვანეს. 19 მარტს გარდაიცვალა. მეგის ბიოლოგიური სიკვდილი 12:00 საათზე დადასტურდა.

გამოძიება

მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაზე მიმდინარეობს. ახლა გამოძიება სისტემური პრობლემის გამო გაჩერდა – 6 თვის განმავლობაში, ექსპერტიზისთვის საჭირო ალერგოლოგ-იმუნოლოგი ვერ მოიძებნა. ამ სპეციალისტს ჯანდაცვის სამინისტრო არჩევს, თუმცა ექსპერტს აქვს უფლება, უარი თქვას გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. კანონი ექსპერტის დანიშვნას კრიტიკულ ვადას არ აძლევს, ამიტომ გამოძიება იქამდე იქნება გაჩერებული, სანამ რომელიმე ადამიანი მეგის სიკვდილის მიზეზების დადგენაში მონაწილეობას არ დათანხმდება.

მეგის ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამიშვილი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უკვე ორმა სპეციალისტმა თქვა უარი: „აქ ეთიკის საკითხი დგება – ექიმს ხომ უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი ვალდებულებები, ისინი კი გვერდს უვლიან. ამაში დამატებით თანხას არ იღებენ და არ აქვთ არანაირი მოტივაცია, მონაწილეობა მიიღონ პროცედურაში“. მიუხედავად იმისა, რომ მანუჩარმა არაერთხელ თქვა, ექსპერტის ფულს მე გადავიხდიო, კერძო ექსპერტის ჩართვა ოჯახს არ შეუძლია – ეს პროკურატურამ უნდა გააკეთოს.
გამოძიებაში სხვა სისტემური ხარვეზებიც გამოვლინდა. მაგალითად, მეგის რეანომობილით გადაყვანის ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, გამოძიებამ კადრები ერთი კვირის შემდეგ მოითხოვა, ამ დროისთვის კი ისინი უკვე წაშლილი იყო.
ფლაკონი, რომლიდანაც მეგი აცრეს, ადვოკატებისთვის გაურკვეველი მიზეზით მის საქმეზე მიმაგრებული არ იყო. ეს ნივთმტკიცება მეგის გარდაცვალების საგამოძიებო დოკუმენტაციას ორი თვის დაგვიანებით მას შემდეგ დაურთეს, რაც მანუჩარმა იკითხა, რატომ არის ფლაკონი ახალციხეში და არა თბილისშიო, სადაც საქმეს იძიებდნენ.

radio tavisufleba

ასევე გირჩევთ

Back to top button