ახალი ამბები

„გამცირებენ, შეურაცხგყოფენ და ხელით გეხებიან… მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს“ – რას წერს ემიგრანტი

იტალიაში მყოფი ემიგრანტი, პოეტი ლელა ლაჩაშვილი რეჯო-კალაბრიაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც  ქართველი ქალი მეოთხე სართულიდან, სავარაუდოდ, გადახტა. მისი თქმით, გარდაცვლილის ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომას და ფსიქოლოგიურ წნეხს.
„ხშირად ვწერ ამ თემაზე და იქნებ ვინმეს თავიც მოვაბეზრე. ვწერ, მაგრამ საშველი არ არის, ანუ ხმა ჩემი „მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

დღეს ახალი გულსაკლავი ინფორმაცია გაჟღერდა, საემიგრაციო ჯგუფებში. ახალგაზრდა ქართველმა ქალბატონმა რეჯო-კალაბრიის ერთ-ერთ ქალაქში (კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ) თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, გადმოვარდა იმ ბინის მეოთხე სართულიდან სადაც მუშაობდა. როგორც იტალიური პრესა იუწყება, სიკვდილის მიზეზს იკვლევენ და ჩემი გულის კარნახს თუ ვენდობი და კულუარებში გაჟღერებულ ინფორმაციას, მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელშიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ჩვენი ქალები იტალიაში.

არ მსურს შეურაცხყოფა მივაყენო ქვეყანას, რომელმაც მოგვცა თავშესაფარი და კანონით იცავს ყველა ემიგრანტის უფლებას, მათ შორის არალეგალურად მყოფისაც, მაგრამ კანონი, რომელიც ქაღალდზე რჩება და არ აღესრულება, იმის გამო, რომ უუფლებოდ გვთვლის ოჯახი, სადაც მუშაობ და იმის გამო გიქირავა, რომ შავი მუშახელის შენახვა გაცილებით იაფი უჯდება ვიდრე, კონტრაქტით მომუშავის. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ძალიან მცირე ანაზღაურებაში ცდილობს მაქსიმალურად დატვირთოს მომსახურე პერსონალი. ამას ემატება ენის ბარიერიც თუ ახალი ჩამოსული ხარ და ენას არ ფლობ მათი კანონები რომც იცოდე თავს ვერ დაიცავ.

სხვა საკითხია კიდევ ეგრეთ წოდებული დამსაქმებლის ინსტიტუტი, რომელმაც შენ დასაქმებაში მთელი თვის ხელფასი აიღო და გაიძულებს რამდენიმე თვე მაინც იმუშაო, იმ ოჯახში სადაც შეგიყვანა. არგუმენტად კი მოჰყავს ის რომ სამსახური „გაუფუჭდება” თუ მიუტოვებ.

აქედან გამომდინარე ვხვდებით უკვე რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს ემიგრანტ ქალს რომ სამსახური შეინარჩუნოს და ყველაფერი ეს მის ფსიქიკაზე მძიმედ მოქმედებს. არის კიდევ ოჯახის ფაქტორი, ბანკის ვალები საქართველოში, ნასესხები ფულით ნაყიდი ბილეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ხშირად მითქვამს და პირად საუბრებშიც ყოველთვის ვუმეორებ ემიგრანტებს, არ გაჩერდეთ სამსახურში, სადაც გამცირებენ, შეურაცხყოფენ და ხელით გეხებიან (ასეც ხდება ალცაიმერებთან) სამსახურმა მიჩვევა იცის რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, ასეთ სამსახურსაც ეჩვევა ადამიანი, მით უმეტეს რომ უკანდასახევი გზა მოჭრილია.

არ შეიზღუდოთ დასვენების დღეები და საათები ქალბატონებო, არც ანაზღაურებით და მით უმეტეს არც ანაზღაურების გარეშე. შეიძლება ვერ ვგრძნობთ რაოდენ ენერგიის აღმდგენია ის საათები რომელსაც გარეთ ვატარებთ, სიცხეში, ქარში, წვიმაში თუნდაც, მაგრამ დამიჯერეთ, თვეობით მოხუცებულის ყურება, თუნდაც ის გონებრივად შეზღუდული არ იყოს, მაინც დამთრგუნველია ჩვენი ფსიქიკისთვის. დღეს შეიძლება რამდენიმე ევროთი მეტი აიღოთ, მაგრამ ხვალ თუ ის თანხა სამკურნალოდ დაგჭირდებათ, რის მაქნისია ის ფული.

ძალიან მწყინს და მტკივა ამ ქალბატონის ბედი, ძალიან ვწუხვარ რომ მიუხედავად მონდომებისა, იტალიაში არსებული ქართული ოფიციალური სტრუქტურები, ვერ ერევა ემიგრანტების პრობლემების დაძლევას. ვფიქრობ მეტი რესურსია საჭირო, რომ სათანადოდ იქნეს დაცული, ჩვენი უფლებები იტალიაში.

დღემდე არ დასჯილა არცერთი პირი, „ბადანტეს“ მიმართ არაკანონიერი მობყრობის გამო. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს, იტალიაში, ოჯახში მომუშავე ქალებზე, იზრუნოს მათი უფლებების დაცვაზე და თუ ხელისუფლება არ ზრუნავს ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ასეთ მძიმე სამსახურში ნუ შევიყვანთ ქალებს და თუ შევიყვანთ ნუ მივყიდით, ნუ გავხდით იძულებულს თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე.

მე არ ვარ ამ საკითხში, კომპეტენტური ვერ ვიტყვი, როგორ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ ემიგრანტის პრობლემები, ამ მიმართულებით, თუმცა ერთი რამ კარგად ვიცი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაუსჯელობის სინდრომი იწვევს დანაშაულის წახალისებას და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველი ქალების უფლება ყველა მხრიდან დარღვეულია, იტალიელი ოჯახიდან თუ ქართველი (ან სხვა ეროვნების) დამსაქმებლებისგან. ვიცი რომ რომში საქართველოს საელჩოს ჰყავს პოლიციის ატაშე, რომლის პირდაპირი მოვალეობაა რეაგირებდეს ასეთ საქმეებზე. ქალაქ ბარში დიდი ხანი არ არის, რაც ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და გაიხსნა გენერალური საკონსულო, გვყავს ძალიან კარგი კონსული, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ორიენტირებულია თავის საქმეზე, მაგრამ ამხელა საემიგრაციოს არ ჰყოდნის ერთი, ორი და თუნდაც ოთხი, თანამშრომელი. ვისურვებდი პოლიციის ატაშე ქ. ბარშიც გვყოლოდა, ეს იქნებოდა კიდევ ერთი სასიკეთო ნაბიჯი ქართული საემიგრაციოსთვის, სახელმწიფოს მხრიდან.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ქალბატონის, ოჯახს და ახლობლებს, გისამძიმრებთ თქვენც, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი “, – წერს ლელა ლაჩაშვილი.

ასევე გირჩევთ

Back to top button