
ტრაგიკული შემთხვევა ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში გუშინ დაახლოებით 4 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 წლის ბავშვი აღმზრდელმა დააძინა, გარკვეული დროის შემდეგ კი მის გასაღვიძებლად მისულმა პედაგოგმა, მცირეწლოვანი უგონო მდგომარეობაში ნახა. ბავშვი ბაგა-ბაღიდან, კლინიკა “იმედში” გადაიყვანეს, თუმცა 2 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალციხის ბაგა-ბაღის აღსაზრდელის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, მცირეწლოვანს ბაღში მისვლისთანავე სიცხემ აუწია, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა, ამ ვერსიას უარყოფენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები და “კურიერთან” საუბარში ჰყვებიან, რომ მცირეწლოვანს არც ბაღში მისვლის შემდეგ და არც მანამდე, ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
კიდევ ერთი ვერსიით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა საკვების ან პატარა საგნის გადაცდენა ყოფილიყო, თუმცა სამხარაულის ექსპერტის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ბავშვის სასუნთქ გზებში უცხო ნივთი არ აღმოჩენილა. დავით მერაბიშვილის თქმით, მცირეწლოვანს სხეულზე არც დაზიანებები აღენიშნებოდა.
ახალციხის ბაგა-ბაღში ახლა სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, ბაღი დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციის განყოფილებაში დღეს მთელი დღის განმავლობაში კერძო ბაგა-ბაღის თანამშრომლები იკითხებოდნენ. გამოძიება 116-ე მულით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.