
ამ დრომდე მძიმეა, გუშინ ხაშურში დაშავებული ახალგაზრდა ქალის, ნანა ხიხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში მყოფი რეანიმობილით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხაშურში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. გუშინ დილით სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ლევან ბარბაქაძეს სახლში საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი ლუკა ბარბაქაძე უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეუღლე უგონო მდგომარეობაში დახვდა. ქალი კომატოზური მდგომარეობით ხაშურის რეფერალურ კლინიკაში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა.
დღის ბოლოს კლინიკის დირექტორმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ამ ეტაპზე, არის მძიმე მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გრძელდება კვლევები, რომლებიც შემოსვლისთანავე დაიწყო. ერთმნიშვნელოვანი პასუხი მას შემდეგ გვექნება, რაც ყველა კვლევის პასუხს მივიღებთ. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები. საბოლო ჯამში მათი პასუხები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გამორიცხულია სხვადასხვა ორგანული პათოლოგიური, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საეჭვო დიაგნოზი” – განაცხადა გუშინ კლინიკის დირექტორმა.
გუშინვე გვიან ღამით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახლა სიკვდილს ებრძვის და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
ამ დრომდე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად, საკვებით ინტოქსიკაცია განიხილება. ჩვენ დღესაც დავუკავშირდით ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ჩიქოვანს, ის ჯერჯერობით ისევ ვერ საუბრობს თუ რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი და ელოდება ლუგარის ლაბორატორიიდან ექსპერტიზის პასუხებს.
როგორც ცნობილია, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა დედის პირნაღები მასალა და ასევე ზონდით კუჭიდან ამოღებული მასა, ამ მასალის კვლევით უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. ასევე დეტალების გარკვევაზე თავის მხრივ მუშაობს სურსათის უვნებლობის სამსახურიც, რომლებმაც ბარბაქაძეების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული საკვები პროდუქტები ექსპერტიზაზე წაიღეს და ისინიც ელოდებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პასუხებს.
“ჯერჯერობით ველოდებით პასუხებს, გუშინვე გაიგზავნა მასალა ლუგარის ლაბორატორიაში, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. მართალია სურსათის უვნებლობის სამსახური საკვებზე ცალკე ატარებს ექსპერტიზას, მაგრამ ჩვენ დამატებით ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებულ საკვებსაც ვაგზავნით ახლა ლუგარის ლაბორატორიაში და იქაც მოხდება ექსპერტიზის ჩატარება. ლუგარის პასუხი არაფერი არ მაქვს და ჯერ არ ვიცით როდის მოვა პასუხები.
გუშინ ჩავიდა კუჭის შიგთავსის მასალა და დამატებით ვაგზავნით საკვებს. გორიდან მიაქვთ ახლა ყველაფერი, რაც იყო სახლიდან ამოღებული პოლიციის მიერ. ლუგარმა გვთხოვა ისიც გამოაგზავნეთ და იმასაც შევამოწმებთო. პარალელურად ვიცით რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე. რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის დედას, აქედან ისევ ისე, ინტუბირებული წაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად” – ამბობს ჩვენთან საუბარში ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი.