
შოკისმომგვრელი შემთხვევა ბათუმში – კლინიკაში 20 დღის ჩვილი მედიკოსებს სავარაუდოდ ხელიდან გაუვარდათ. მძიმე დაზიანებების შემდეგ ახალშობილის თბილისში რეანომობილით გადმოყვანა გახდა საჭირო. ახალშობილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაში რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა. ბავშვის მამა აცხადებს, რომ მის შვილს თავის ქალის დაზიანება კლინიკაში შეყვანამდე არ აღენიშნებოდა, რაც ოჯახს აფიქრებინებს, რომ 20 დღის ჩვილი მედიკოსებს დაუდევრობის გამო ხელიდან გაუვარდათ. ოჯახის მტკიცებით, სწორედ მიღებული ტრავმის შემდეგ დაეწყო ახალშობილს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა. მათივე ინფორმაციით, ბავშვს თავის ქალის ძვლის დაზიანება დაუდგინდა და მისი მკურნალობა ამ დრომდე გრძელდება.
ჩვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბათუმში მდებარე კლინიკა ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა და მძიმე ტრავმის მიუხედავად, ახალშობილის საავადმყოფოდან სასწრაფოდ გაწერას გეგმავდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, მედიკოსები მათ დარწმუნებას ცდილობდნენ, თითქოს ჩვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
მომხდარი ფაქტით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო დაინტერესდა. ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, მარეგულირებელმა უნდა დაადგინოს, რა მოხდა ბათუმის კლინიკის ერთ-ერთ პალატაში. არსებული ინფორმაციით, კლინიკის ყველა პალატა შესაბამისი სამეთვალყურეო კამერებით არის აღჭურვილი, რის გამოც, სავარაუდოდ, გამოძიება ვიდეო ჩანაწერებსაც ამოიღებს. სწორედ გამოძიების მიმდინარეობისას უნდა გაირკვეს, მართლაც გაუვარდათ თუ არა მედიკოსებს ხელიდან 20 დღის ჩვილი.



