
ზაფხულის დამდეგს ამინდის პროგნოზი თითქმის ყოველთვის მაღალი ტემპერატურის მაუწყებელია. სავარაუდოდ, წელსაც ძალიან ცხელი ივლის-აგვისტო გველის. იმედია, რეალობა გაცილებით ადვილი გადასატანი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებებთან ერთად ის მოვლენებიც ფიქსირდება, რომლებიც ჩვენში უცხო იყო. მათ შორის არის ტორნადო, რომელთანაც “შეხვედრა”, როგორც ჩანს, მომავალშიც არ არის გამორიცხული, რადგან არაერთხელ დაფიქსირდა ზღვაშიც და ხმელეთზეც. ამიტომაც მივმართეთ სასაუბროდ კლიმატოლოგ ლალი ვაწაძეს.
– ტორნადოები ჩვენში არ არის გამორიცხული. აქამდეც არაერთი შემთხვევა გვქონდა და შემთხვევათა რაოდენობაც იზრდება, რადგან კლიმატის ცვლილება აშკარაა. ქართულად ამ მოვლენას ქარბორბალა ჰქვია. ალბათ, ეს სიტყვა არც იარსებებდა, ტორნადოების შემთხვევები ოდესმე რომ არ ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, თავადაც მახსოვს ბავშვობაში ჩემი სოფლელების ნაამბობი იმერეთში ყანაში მომუშავე კაცის შესახებ, რომელიც გველეშაპის მსგავსმა გრიგალმა აიტაცა და სადღაც გადააგდო. ზღაპრულ ფერებში შემოსილი ეს გრიგალი, სავარაუდოდ, ტორნადო იყო, თუმცა შემთხვევები ისეთი ხშირი არ ყოფილა, როგორიც ამჟამად გვაქვს. განსაკუთრებით ხშირია ტორნადო ზღვაზე, რაც არაერთხელ დაფიქსირდა წინა წლებში, თუმცა ზღვის ტორნადო ისეთ ზარალს არ იწვევს, როგორც ხმელეთზე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ აჭარაში ტორნადო თავს სოფელ გონიოს დაატყდა და ძალიან დააზარალა, სახლებს ახადა სახურავები და ხეები დაგლიჯა. დაახლოებით ორი წლის წინ ძლიერი ტორნადო იყო ახმეტაში, ალავერდში, რომელმაც არა მარტო სახლებს გადახადა სახურავები, გარშემო ყველაფერი წაიღო და ალავერდის ტაძარიც მნიშვნელოვნად დააზიანა. როგორც იქაურები ამბობდნენ, ტორნადო იმდენად შავი იყო, შორიდან ჯერ ხანძარი გვეგონა, მაგრამ რომ მოგვიახლოვდა, ყველაფერი იავარქმნაო. ამის წინ იყო ჯავახეთის ტორნადო, ქარიშხლის ძლიერი მბრუნავი სვეტი, რომელმაც, თუ არ ვცდები, ორი ათეული სახლი დატოვა უსახურავოდ და გარშემო ყველაფერი წაიღო. მასთან ერთად ტორნადო მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა, ასევე საკმაო ზარალით.
ახლა იმის შესახებ, თუ როგორ ჩნდება ტორნადო უმეტესად ზაფხულსა და სიცხეში. იმიტომ, რომ ის უმეტესად გადახურებულ ჰაერში ჩნდება. ალავერდის ტორნადოს მიზეზი ის იყო, რომ ზაფხულში ზღვიდან წამოსული ნესტიანი ცივი ჰაერის მასები დაეჯახა აღმოსავლეთ საქართველოში დაგროვილ ცხელ ჰაერს, რამაც ძაბრისებრისად მბრუნავი ვერტიკალური და ძლიერი ქარი წარმოქმნა. ტორნადოს ასევე იწვევს ძლიერ ღრუბლიანი დღის ან ჭექა-ქუხილის დროს ქარის მიმართულების მომენტალური ცვლილება, რელიეფი კი ხელს უწყობს შეჯახებული ჰაერის ძაბრისებრ დახვევას და ვერტიკალურად დატრიალებას.
– საინტერესოა, რამდენ ხანს გრძელდება “ჩვენი” ტორნადოები?
– დაახლოებით 10-20 წუთი გრძელდება. ამასთანავე, ის ვერ იქნება ძალიან ძლიერი, ისეთი, როგორიც, მაგალითად, ამერიკაში, როდესაც გზად ყველაფერს ანგრევს. ჩვენს ტორნადოებს ასეთ გაძლიერებაში ხელს უშლის ჩვენი კავკასიონის ქედი, ისევე როგორც ის ხელს უშლის კლიმატური დათბობის კრიტიკულ ზღვარს. თუმცა ტორნადოს ახასიათებს ე.წ. მიმალვა ანუ შესაძლოა ძლიერი წვიმისა და სეტყვის დროს დახვეული ჰაერის ძაბრი ამავე სეტყვაში იმალებოდეს და იქ მოხვედრილ ადამიანს თუ ვერ აიტაცებს, შეიძლება დარტყმებით ძალიან დააშავოს. გააგრძელეთ კითხვა



