
ბოლნისში მოკლული 8 წლის ბიჭის ბაბუა “პირველებს” მომხდარის დეტალებს უყვება – პენსიონერი ამბობს, რომ რძალმა შვილის მკვლელობის შემდეგ დაზიანებები თავადაც მიიყენა.
კაცი ამბობს, რომ მის რძალს, 42 წლის სვეტლანა ახმადოვას შვილებისთვის ზიანი აქამდე არასდროს მიუყენებია.
პენსიონერი ჰყვება, რომ მკვლელობის შესახებ შვილმა შეატყობინა, სახლში რომ მობრუნდა მოზარდი გარდაცვლილი, რძალი კი მძიმე მდგომარეობაში დახვდა.
მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის.
არსებობს ვერსია, რომ 42 წლის ქალმა რვა წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მაკრატლით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა. მკვლელობის შემდეგ სვეტლანა ახმადოვამ თვითმკვლელობა სამზარეულოს დანით სცადა და მრავლობითი დაზიანება მიიყენა.



