
სასჯელის უმაღლეს ზომას ვითხოვთ, ვითხოვთ, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრას საქმე. ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და დავიწყებთ ბრძოლას, არცერთი წუთით უკან დამხევები არ ვართ, – ამის შესახებ გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელმა, ირმა ამბარდნიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ირმა ამბარდნიშვილის განცხადებით, დაკავებულის გარდა მანქანაში კიდევ ორი „უგონოდ მთვრალი ადამიანი იყო“.
“პროკურატურამ 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით აღძრა, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევასთანაა დაკავშირებული, ჩვენ ვითხოვთ, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა აღიძრას. ორი ადამიანი მოკლა, მიაჭყლიტა და გაიქცა, უგონო მთვრალმა. პროკურორი შორენა მგალობლიშვილი წერს, რომ 354 ჯარიმა ჰქონდა ბოლო წელში გამოწერილი. მე ვკითხულობ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა? ეს თავაშვებული მძღოლები, მთვრალები, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ ციხეში უნდა წავიდნენ. ყველა უნდა გამოვიდეს, ყველა გვერდში უნდა დაგვიდგეს, უნდა ავლაგმოთ ამათი თარეში. სასჯელის უმაღლეს ზომას ვითხოვთ, ნუ გაგვამწარებენ ისედაც გამწარებულს, ჩვენ არ დავიხევთ უკან. უნდა დალპეს ციხეში, კანონმა უნდა იზეიმოს. ჩვენ მუხლს არ ვეთანხმებით, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და დავიწყებთ ბრძოლას, არცერთი წუთით უკან დამხევები არ ვართ.
გინდა ავტომატი გადაგიკიდებიათ ზურგზე და გინდა მთვრალებს გივლიათ. ვის ხოცავთ, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ? დალეწილები არიან, ტანსაცმელი ვერ ჩავაცვით ვერც ბავშვს და ვერც დედას, სიკვდილიც არის და სიკვდილიც” – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.



