ახალი ამბები

30 000 ევრო თითოეულ თანამშრომელზე! – ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სოლიდურ თანხას

იტალიაში ამოქმედდა ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კომპანიები, რომლებიც სიცილიაში მცხოვრებ ადამიანებს მუდმივ სამსახურში აიყვანენ და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას მისცემენ, თითოეულ თანამშრომელზე 30 000 ევროს მიიღებენ.

ამის შესახებ “ევროპულსი” წერს.

პროგრამის მიზანია, სიცილიის ხელისუფლებამ შეაჩეროს კვალიფიციური პროფესიონალების გადინება და უკან დააბრუნოს ის ადამიანები, რომლებმაც კუნძული სამუშაოს გამო დატოვეს. თანამშრომლებს შეეძლებათ, იმუშაონ იტალიის სხვა რეგიონებსა და საზღვარგარეთ მდებარე კომპანიებში, თუმცა მათ საცხოვრებლად სიცილია უნდა აირჩიონ.

კომპანიას შეუძლია, როგორც სიცილიაში მცხოვრები სპეციალისტი, ასევე თანამშრომელი დაიქირავოს, რომელიც მზად არის, კუნძულზე დაბრუნდეს ან იქ გადავიდეს.

მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ სუბსიდიის გაცემის მომენტში თანამშრომელი სიცილიაში ოფიციალურად უნდა ცხოვრობდეს.

პროგრამა რეგიონის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. მისი მიზანია, კუნძულს მოსახლეობის შენარჩუნებაში დაეხმაროს, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესს და სიცილია საცხოვრებლად და სამუშაოდ უფრო მიმზიდველ ადგილად აქციოს.

სწორედ ამიტომ, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პირობა ხანგრძლივი შრომითი ხელშეკრულებაა. თანამშრომელი ვალდებულია, მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იცხოვროს და იმუშაოს სიცილიაში.

Back to top button