
ვარკეთილში ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა საქმის გარჩევით და 2 ადამიანის დაჭრით დასრულდა. ქალის ნათესავებმა სიძე და მისი ძმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით გაუსწორდნენ. პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 19 წლის ბიჭია. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული პირები კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაჭრაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ორი პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებითმიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: resonancedaily. com



