13 წლის ბიჭი დაჭრეს – 15 წლის მოზარდი ცხელ კვალზე დააკავეს
მეშვიდეკლასელ ბიჭს 15 წლის მოზარდმა ღვიძლში დანა დაარტყა, ცივი იარაღი მუცელში ჩაუტოვა და ადგილიდან მიიმალა. 13 წლის მამიკონ შამოიანის დეიდა “კურიერს” უყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ არასრულწლოვანს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოზარდი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან მძიმედ დაჭრეს.
დანაშაულში მხილებული 15 წლის არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.
“კურიერის” მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებულის ოჯახს და ადვოკატს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ.
გორგასლის ქუჩის 2 ნომერთან მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ შეიტყვეს. ამბობენ, რომ კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ.
ფაქტის შესახებ დაჭრილი მოზარდის დედამ მასწავლებლისგან შეიტყო. ადგილზე მისულ მშობელს შვილი კლინიკაში გადაყვანილი დახვდა. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
დაჭრილი მეშვიდე კლასელი კლინიკაში ტაქსის მძღოლმა გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მოზარდს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
რა გახდა 13 წლის მოზარდის დაჭრის მოტივი – გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის მეგობრების ორ ჯგუფს შორის, გოგოს გამო დაწყებულ კონფლიქტს. ახლა გამოძიება ადგენს, იკვეთება თუ არა საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობა. 15 წლის ბრალდებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
წყარო:primetime .ge