ქეთი ჯავახიშვილის დამ, ოთარ ცინდელიანის მხრიდან 21 წლის გოგოზე ფიზიკური ძალადობა დაადასტურა – რა თქვა მოკლული გოგოს დამ?
21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია.
პროკურორის განცხადებით, გამოიკითხა მოკლული არასრულწლოვანის დაც, რომელმაც ცინდელიანის მხრიდან 21 წლის გოგოზე ძალადობა დაადასტურა.
თავად დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ბრალდებულის სახლის დათვალიერებისას ექსპერტიზამ სისხლის მაგვარი ლაქები ამოიღო.
“ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, სისხლის მაგვარი ლაქები, მათ შორის, უკვე მოწმენდილი ლაქები, რომელიც შემდეგ სპეციალური ხსნარის მეშვეობით დაამუშავეს. გარდაცვლილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა ფიზიკური ძალადობის ფაქტიც. პროცესზე დავკითხეთ ფსიქოლოგი, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილს ჰქონდა ძალიან მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.”- განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, კლარა შუკვანი ამბობს, რომ ეს შემთხვევა ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ჩადენილს არ ჰგავს.
“ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის ჩადენილი არ არის. ექსპერტიზამ ეს არ დაადასტურა, მაგრამ გვაქვს ასევე ალტერნატიული ექსპერტიზებიც. [ბრალდებული] საერთოდ არ ამბობს არაფერს, რა მოხდა, ვერ მეუბნება. – თქვა ბრალდებულის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ბრალდებული ოთარ ცინდელიანია, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექსპერტიზამ არ დაადასტურა ცინდელიანის შეურაცხადობა.