(ვიდეო) “მგზავრების” სკანდალს, მალევე სკანდალით უპასუხეს – რა ვიდეო დაუდეს მუსიკალურ ჯგუფს, რომლებმაც გუშინ დემარში მოაწყვეს?
“ქართული ოცნების” დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, ჯგუფ “მგზავრების” ვიდეოს აზიარებს, სადაც ისინი რუსეთში გასამართ კონცერტებს აანონსებენ. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვიდეო 2008 წლის მოვლენების შემდეგ არის გადაღებული, “მგზავრებს” კი ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ.
“2008 წლის მოვლენების შემდეგ. ევროპა არა? ვაააჰ! ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ”, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.
საკონცერტო ტურნეს ფარგლებში „მგზავრები“ მოსკოვში, კრასნოიარსკში, ნოვოსიბირსკში, ომსკში, ტიუმენში, ყაზანში, სამარასა და სარატოვში აანონსებდნენ კონცერტის ჩატარებას.
გუშინ კი ჯგუფმა 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.
შარმანაშვილი: ეს ვიდეო 2008 წლის მოვლენების შემდეგ არის გადაღებული, “მგზავრებს” კი ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ:
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას ზღვისუბნის პარკის გახსნაზე იწვევს.
ის ასევე ეხმაურება ჯგუფ „მგზავრების“ გადაწყვეტილებას პარკის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტის გაუქმების თაობაზე.
„20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ. მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცევა.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.
სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლეს იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – აცხადებს კახა კალაძე.