
შვეიცარიაში სათხილამურო კურორტ ზერმატთან ახლოს ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს.
პროკურატურის ცნობით, საგანგებო სამსახურებმა სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ზღვის დონიდან 4 000 მეტრის სიმაღლეზე მიტოვებული თხილამურები აღმოაჩინეს.
მაშველებმა ცხედრები ადლერგლეჩერის მყინვარის მახლობლად აღმოაჩინეს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ადგილობრივმა ავიაკომპანია Air Zermatt-მა აღნიშნა, რომ სამი ცხედარი ზვავური მასალის ნარჩენებზე იმ წერტილიდან რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთ იპოვეს, სადაც მიტოვებული თხილამურები შენიშნეს. დანარჩენი ორი ცხედარი კი უფრო მაღლა, 4 199 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს.
გარდაცვლილთა ვინაობა ჯერ არ დადგენილა. პროკურატურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.