
საფრანგეთში ჭიათურელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 17 წლის ლევან კობიაშვილი ლეიკემიას ებრძოდა. ჭიათურის N2 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ძნელია, მოვძებნოთ სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდით… საფრანგეთში 17 წლის ასაკში სიცოცხლეს მოწყურებული ლეიკემიასთან მებრძოლი ჭიათურის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა… მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ეს ამბავი… საყვარელო ლევან, მტკივნეულია შენზე წარსულით საუბარი…
ჩვენთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის, რომ დაგვტოვე, ვეღარასოდეს შემოაღებ შენი მშობლიური სკოლის კარებს, ვეღარ გაუღიმებ შენს მეგობრებს, კლასელებს, ახლობლებს, რომლებსაც ძალიან, ძალიან უყვარდი და სამაგიერო სიყვარულს უბრუნებდი შენც…
სიცოცხლით სავსე იყავი, ყველგან და ყველაფრით გამორჩეული, უღალატო და თავმდაბალი, სევდანარევი ღიმილიანი… ლამაზი ცხოვრებით იცხოვრე… ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვე… ჭიათურის მანსანკანის გუნდელმა პატარა ასაკში შეძელი მთელი საქართველოსათვის შეგეყვარებინა თავი შენი უბრალოებით, ნიჭიერებითა და მიზანდასახულობით… როგორ უხდებოდი სცენას!..არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი…ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე. არსებობს კი სიტყვები ჩვენს სანუგეშებლად, შენი ოჯახის სანუგეშებლად, როცა შენი ლამაზი სახე სურათებსა და ვიდეოებზე შემოგვრჩა მხოლოდ?!…მუდამ უდიდეს ტკივილად დარჩები ჩვენთვის. ყველას დაგვაკლდება შენი სითბო და სიყვარული, რომელიც უხვად გქონდა…ჩვენს მეხსიერებაში მუდამ ცოცხალი იქნები, რადგან ხსოვნა სინდისივით არის და სიკვდილზე ძლიერია…სიტყვები არ არსებობს იმის აღსაწერად, თუ რამდენად ვწუხვართ. შენ ის ღიმილის ბიჭი იყავი, რომელიც ასე უდროოდ დააკლდი ქალაქს…ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ….ჭიათურის #2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი და მოსწავლეები უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც იცნობდით, თუ არ იცნობდით, ამ სიყვარულის ოქროს ბიჭის აღარ ყოფნას…“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ღრმა მწუხარებით გამოვხატავ გულისტკივილს ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, ლევან კობიაშვილის გარდაცვალების გამო.
დასანანია, რომ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა, რომელმაც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – ჭიათურის ლიგის“ იუმორისტულ ღონისძიებებში თავისი ხალასი იუმორით, ლეიკემიასთან ბრძოლაში დამარცხდა და ასე ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ლევანის ოჯახის წევრებს, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს.” წერს სოციალურ ქსელში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე