
წუხელ ქუთაისში, ბომონდის კლინიკაში 21 წლის ახალნამშობიარევი გოგონა ლიკა ტალახაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კლინიკა „ბომონდში” აცხადებენ, რომ პაციენტს საკეისრო კვეთის შედეგად გამოწვეული გართულება ჰქონდა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. პაციენტს კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა „ბომონდში“, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. “კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება კლინიკა “სენამედს“, მათი განცხადებით, პაციენტს, რომელსაც მათ კლინიკაში საკეისრო კვეთა 21 თებერვალს ჩაუტარდა, არანაირი გართულება არ აღენიშნებოდა.
“პაციენტი ჩვენთან იყო აღრიცხვაზე. 20 თებერვალს შემოვიდა სამშობიაროდ, 21-ში ჩაუტარდა შესაბამისი ჩვენებით საკეისრო კვეთა. ნაყოფი ნორმალურ მდგომარეობაში დაიბადა და პაციენტს არანაირი გართულება არ ჰქონდა. 1 კვირის შემდეგ, ნაკერის მოსახსნელად მოვიდა, მშვენივრად იყო. არანაირი ჩივილი არ გამოუხატავს.
რატომ აცხადებს “ბომონდი”, რომ ოპერაციული პათოლოგიით გარდაიცვალა, არ ვიცი.
ამას ალბათ სასამართლო ექსპერტიზა გადაწყვეტს. ” – განუცხადეს “ამბებს” “სენამედში”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
წყარო: ambebi.ge



