
საქართველო რამდენიმე დღეა სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს 20 წლის ასმათ ბერიძის ისტორიას. ახალგაზრდა დედას, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მძიმე ინფექცია – ბაქტერიული მენინგიტი განუვითარდა, სიცოცხლისთვის ბრძოლა თურქეთში, სამსუნის კლინიკაში მოუწია. მას შემდეგ, რაც ოჯახმა და საზოგადოებამ უმოკლეს დროში შეძლო რეანიმობილისთვის საჭირო თანხის მობილიზება, გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს მეზობელ ქვეყანაში. დღეს კი თურქეთიდან იმედისმომცემი ამბები ვრცელდება.
ინფორმაციას ასმათის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ სანდრა ზოიძე ავრცელებს, რომელიც ქართველ პაციენტებს თურქეთის კლინიკებში მკურნალობის ორგანიზებაში ეხმარება.
“ასმათი გონს მოვიდა თუ არა, შვილთან დალაპარაკება ისურვა. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის! მადლობა თქვენ, ჩემო საყვარლებო. უგონოდ წამოვიყვანეთ, გონს მოვიდა – საკუთარ დედასაც ვერ ცნობდა…
სიხარულის ცრემლებს ვხედავ თქვენს თვალებზე ახლა, სიამაყით აჩეჩილ მხრებს ვხედავ წარმოსახვაში. სწორედ თქვენი დამსახურებით მოხერხდა ელვის სისწრაფით თანხის აგროვება, მაგრამ ასე ვერ დავტოვებთ, რთული გზა გვაქვს გასავლელი ისევ. ერთად შევძლებთ ბოლომდე მიყვანას ამ საქმის, ვიცი. გილოცავთ ქართველებო, ერთიანობით შევძელით! უღრმესი მადლობა თურქეთის ზესაოცარ ექიმებს.“
“ამბების” ინფორმაციით, უმძიმესი ისტორია რამდენიმე დღის წინ ბათუმში დაიწყო. ასმათ ბერიძემ მეორე შვილზე, ალისიაზე იმშობიარა. მას ასევე ჰყავს უფროსი ქალიშვილი, წლინახევრის ანაბელი. საკეისრო კვეთის შემდეგ გოგონას მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.
როგორც ოჯახის ახლობლები და მეუღლე, გიორგი პაპიძე იხსენებენ, კლინიკაში დროული რეაგირება არ მოხდა. მეუღლის დეიდა, მზია ზოიძე, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, იხსენებს იმ მძიმე წუთებს, როცა გოგონას გადარჩენას საქართველოში ცდილობდნენ:
“ოპერაციის შემდეგ ფეხზე ადგა, კარგად იყო. მერე უთქვამს, თავი მტკივაო, მისცეს ტკივილგამაყუჩებელი, ღამით კი საწოლში გონება დაკარგული ნახეს. გვეუბნებოდნენ ეპილეფსიააო. გაგიჟდა ოჯახი, რა ეპილეფსია, გოგოს არაფერი სჭირდაო! ანალიზები თურქეთში გამოვაგზავნე და აქაურმა ექიმმა პირდაპირ მითხრა – კატასტროფულად ცუდი მაჩვენებლებია, ერთი წუთიც არ დაკარგოთო.
ბოლოს გაირკვა, რომ ეს იყო ბაქტერიული მენინგიტი. სავარაუდოდ, ბაქტერია ორგანიზმში სპინალური გაუტკივარების დროს შევიდა და სწრაფად განვითარდა. რომ არა ხალხის გვერდში დგომა და ოპერატიული გადაყვანა თურქეთში, შესაძლოა, დღეს ასეთი იმედიანი ამბები არ გვქონოდა.“
მიუხედავად იმისა, რომ ასმათმა ლაპარაკი დაიწყო და ახლობლებს ცნობს, კლინიკაში მკურნალობა გრძელდება, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი პარალიზება ან გართულება.
წყარო: ambebi.ge



