ახალი ამბები

16-18 წლის ბავშვები სტუმრად იყვნენ და ლიფტში 6 მათგანი შევიდა… – როგორ მოხდა წუხელ უმძიმესი შემთხვევა და რა მდგომარეობაში არიან არასრულწლოვნები?

თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, წუხელ ლიფტი ჩავარდა. მე-10 სართულიდან ლიფტი მოწყდა მაშინ, როცა ლიფტში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, მაშველები და სასწრაფოს ბრიგადები მალევე მივიდნენ.

როგორც კორპუსის მაცხოვრებელი “კვირის პალიტრას” განუცხადა, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გადარჩა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

“ერთ-ერთი კორპუსის მესამე სადარბაზს მე-10 სართულიდან მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 16-17-18 წლის ბავშვები არიან დაშავებულები. სატვირთო ლიფტია და თავისუფლად შეიძლებოდა იქ 6 ადამიანი შესულიყო, რომ არ გაჩნდეს ამ კუთხით კითხვა. ნაწილი “ჯერარსის” კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები მე-8 საავადმყოფოში. მთავარია, რომ ყველანი ცოცხლები არიან და კარგად არიან. შოკიდან ვერ გამოვდივარ, ძალიან განვიცადე. წარმოუდგენელია, ქვეყანაში ყველაფერი საშიში როგორ ხდება, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვიღაცა ხომ უნდა ამოწმებდეს ლიფტებს. ადამიანების უსაფრთხოებაზე დღეს არავინ ფიქრობს”, – ამბობს ადგილობრივი.

“ერთს აქვს ფეხი მოტეხილი, კლინიკაშია. სტუმრად იყვნენ მეგობართან ბავშვები და რომ ჩამოდიოდნენ, მაშინ მოწყდა უცებ ლიფტი, საბედნიეროდ ცოცხლები არიან და გადარჩნენ”,- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

როგორც გაირკვა, „ჯერარსის“ კლინიკაში ორი ახალგაზრდა შეიყვანეს:

“გუშინ 00 საათსა და 14 წუთზე ორი პაციენტია შემოყვანილი, 19 წლის ცოტნე ჯ. და 16 წლის ალექსანდრე თ., ორივე პაციენტი შემოყვანილია 112-ის მიერ. ცოტნე ორივე ქვემო კიდურის არეში უჩიოდა ტკივილს. ანამნეზი ესეთია, რომ სამგზავრო ლიფტში იმყოფებოდნენ, მოწყდა ლიფტი და ორივე პაციენტმა მიიღო დაზიანება. რა თქმა უნდა, ჩაუტარდათ კვლევები. ცოტნეს მუხლის რენდგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რადგან ზურგის არეში, უკანა მხარეს აღნიშნავდა ტკივილს. კვლევის შედეგად დაზიანება არ იყო. კონსულტაცია ჩაუტარა შესაბამისი პროფილის ექიმმა, ტრავმატოლოგმა და გაეწერა სახლში. 

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ეს არის არასრულწლოვანი, ტკივილს აღნიშნავდა წინა მხრის არეში, თავი არ დაუტყამს, თუმცა თავის არეშიც მსუბუქი ტკივილი აღენიშნებოდა. პაციენტს თავის ტვინის კომპიუტერული კვლევაც ჩაუტარდა. ნევროლოგის მიერ შემოწმდა, ტრავმატოლოგმაც შეაფასა და პაციენტი სტაბილური მდგომარეობით, დაზიანების გარეშე გაეწერა კლინიკიდან. არც ერთ პაციენტთან მწვავე მოტეხილობა და დაზიანება, არც ორგანული, არც ტრავმატოლოგიური არ ყოფილა”, – განაცხადა გადაუდებელი დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელმა თეა მესხიძემ.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ერთი ახალგაზრდა არ რჩება კლინიკაში და ყველა გაწერილია. რომ მათ აღენიშნებოდათ პატარ-პატარა დაჟეჟილობები.

“სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია, რადგან სერიოზული დაზიანება არ ჰქონდათ, მხოლოდ პატარ-პატარა დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

კვირის პალიტრა

Back to top button