“ეს არის მერაბის შემოსავლის ბრწყინვალე წყარო” – რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი
18 თებერვალს კიდევ ერთხელ წარმატებულად იასპარეზა მერაბ დვალიშვილმა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. UFC-ის პრეზიდენტის განცხადებით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
მერაბ დვალიშვილის ცხოვრება საქართველოში
მერაბ დვალიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სპორტული კარიერა ტრადიციული ჭიდაობით დაიწყო. თუმცა 33 წლის სპორტსმენის ცხოვრება საკმაოდ რთული გახდა, როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დვალიშვილი 21 წლის წავიდა. სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, მუშაობდა ფიზიკურად, ძირითადად, მშენებლობაზე. მოგვიანებით კი მისი მწვრთნელი ამ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვრთნელი რეი ლონგო გახდა.
მერაბის პირველი წლები ამერიკაში
სპორტსმენის მშობლები, ამირან და დარეჯან დვალიშვილები შვილისთვის მთავარი საყრდენები იყვნენ მისი MMA კარიერის განმავლობაში. მერაბმა დიდი გაჭირვება გამოიარა იმისთვის, რომ მისულიყო იქამდე, სადაც ახლა არის, წერს უცხოური მედია. სხვანაირად მშობლები ვერ იამაყებდნენ.
“ხანდახან ჩემს ბიჭს ვუყურებ და ვფიქრობ, როგორი სწრაფად გავიდა წლები. მართალია, გაიზარდა და შეიცვალა, მაგრამ ის სიჯიუტე, რომელიც მის სისხლში ყოველთვის იყო, არ გამქრალა. ვფიქრობ, ძლიერი ხასიათი დაეხმარა მას წარმატებაში“, – ამბობს დვალიშვილის მამა.
პირადი ცხოვრება
დვალიშვილის სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, ის ხშირად ჩანს MMA-ში დაძაბული ვარჯიშის დროს, აქვეყნებს მოგზაურობის ფოტოებს, პოზირებს უცნობ ქალებთან ერთად, მაგრამ არასოდეს საჯაროდ არ გამოუქვეყნებია პარტნიორთან ერთად გადაღებული ფოტო. “დვალიშვილს არც ცოლი ჰყავს და არც შვილი” – წერს უცხოური მედია. როდესაც ის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, ინგლისური ენა არ იცოდა. ამბობს, რომ საუბარი საბავშვო წიგნებიდან და ბროშურებიდან ისწავლა.
ის წლების განმავლობაში მუშაობდა სამშენებლო სამუშაოებზე მხოლოდ იმისთვის, რომ ვარჯიში გაეგრძელებინა. შესაძლოა, მას არ ჰქონდა ბევრი დრო ურთიერთობების დასაწყებად ან ურჩევნია, რომ მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული დარჩეს, წერს სპორტული მედია.
მერაბ დვალიშვილის ქონება 2024 წელს
დვალიშვილი არის მებრძოლი, რომელმაც UFC-ში ზედიზედ 9 ბრძოლა მოიგო. UFC 298-ზე ერთ-ერთ ბოლო ორთაბრძოლისთვის დაახლოებით $111,000 გადაიხადა და გამოიმუშავა $200,000-ზე მეტი, როდესაც ის ხოსე ალდოს შეებრძოლა.
მისი ქონება, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.
მერაბ დვალიშვილის კარიერის ქრონიკა
დვალიშვილმა პროფესიონალური საბრძოლო კარიერა Ring of Combat-ში დაიწყო, სადაც 2014 წელს წააგო დარენ მიმასთან. ეს იყო მისი პირველი პროფესიონალური ბრძოლა. იმავე წელს დენის დომბროუ დაამარცხა, თუმცა ორ თვეში რიკი ბანდეხასთან დამარცხდა.
კარიერაში მეორე წაგების შემდეგ დვალიშვილი არ გაჩერებულა. ამის შემდეგ ზედიზედ ექვსი მოგება ჰქონდა Ring of Combat-სა და CES MMA-ში. 2017 წელს დვალიშვილი UFC-ს შეუერთდა და კარიერაში მესამე მარცხი განიცადა რიკი საიმონის წინააღმდეგ.
ამის შემდეგ გაგრძელდა დაუმარცხებელი გამარჯვებების სერია, რომელიც მხოლოდ სტეპან კობენოვთან დამარცხებით შეწყდა 2019 წელს სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ეს არ ითვლება მის MMA რეკორდში, ამიტომ ერთადერთი ბოლო წაგება მის MMA კარიერაში იყო კევინ დანცლერთან Fury Pro Grappling 2-ში.
დვალიშვილის და სეხუდოს ბოლო შეხვედრა
მერაბ დვალიშვილის ბიზნესი
მერაბ დვალიშვილი ადრე იყო Flash Motors-ის სახე, რომელიც ჰიპერელექტრული სკუტერის Infinity X-ის პოპულარიზაციას ეწეოდა. ის ასევე GA Logistics LLC-ის სახეა.
დვალიშვილს აქვს საკუთარი ელექტრონული მაღაზიაც, რომლის გახსნა Athlete Studio-სთან თანამშრომლობით შეძლო. ეს არის მისთვის შემოსავლის ბრწყინვალე წყარო, წერს მედია, იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას თავს დაანებებს.
ჰომოფობიური სკანდალი
ბოლო გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს კიდევ ერთხელ გაუხსენეს ორი წლის წინ დაწერილი კომენტარი, სადაც სექსუალურ უმცირესობებზე წერს, რომ მათ პიარი არ სჭირდებათ და „ელგეპეტე სასტავს უნდათ ძალაუფლება და ეს არის დიდი სექტა.“ კომენტარის სქრინი კიდევ ერთხელ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა და მერაბ დვალიშვილი ჰომოფობიაში დაადანაშაულა. ფერაძემ სპორტსმენისგან ბოდიშის მოხდას ითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დვალიშვილის პოსტების თარგმნა და UFC-ში გაგზავნა დააანონსა.
ამ ფაქტზე დვალიშვილს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ფერაძე წერს, მისი მხარდამჭერები პირად შეტყობინებებში ემუქრებიან.
ამ ფაქტს ამერიკაში საცხოვრებლად გადასული ქართველი იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი გამოეხმაურა, რომელიც პირადად იცნობს სპორტსმენს და მასთან მეგობრობს, წერს, რომ დვალიშვილი ჰომოფობი არ არის.
“ის ღირსეული მშობლების ღირსეული შვილი, ძმა და მეგობარია, მას არ ჭირდება პატრიოტიზმზე მითითება, ის ეგეთია, ნაღდია, გულით პატრიოტია. მერაბი “ჰომოფობი” არ არის! მას თავისი საკუთარი აზრი გააჩნია, ყველას გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალ სამყაროში, მერაბი კარგი ქართველი და მომავალი “ჩემპიონია,” თუმცა ის ჩემთვის უკვე დიდი ხანია ძმობის, მეგობრობის და ადამიანობის ჩემპიონია, იმაზე თავმდაბალია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
მინდა მივმართო ყველა მედია საშუალებას, წლიდან-წლამდე 365 დღეა და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ნუ დაიწყებთ “წიოკს” მერაბის რესპონდენტობაზე, მერაბის ზუსტად მაშინ ჭირდება გვერდით დგომა, როდესაც თქვენ გაქსუებულ პოლიტიკოსებს აშუქებთ…“ – წერს ბიჭიკაშვილი.