შოკისმომგვრელი ჩანაწერი – რას ამბობს ფარულად გადაღებულ კადრებში მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული პოლიციელი, რომლის საბოლოო განაჩენიც დღეს გამოცხადდა
მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილია.
აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად ძალაში დატოვა.
გიორგი ბეროზაშვილი გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2022 წელს გასაჯაროვდა, დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.
ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.
„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე… დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა…“, – აცხადებს ჩანაწერში ბრალდებული.
მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ. ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა და ისიც მოკლა“.
„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც. დედა ცოტა შეფხიზლებული იყო, შემეშინდა…ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, – აცხადებს ბეროზაშვილი.
ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ბენზინი არ ჰქონია, სახლში კი გაზი გაუშვა და ქაღალდებით გააჩინა ცეცხლი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას გააგრძელებდა“.
შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების – ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
(ვიდეო: “ტვ პირველი”. არქივიდან… გამოქვეყნების თარიღი 04.11.2022)